28.მაისი .2022 00:20

რომელია ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი ქალაქები სამუშაოდ? - რეიტინგი

რომელია ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი ქალაქები სამუშაოდ? - რეიტინგი
views 5165
უკან

სამუშაოდ და ცხოვრების ბალანსისთვის საუკეთესო ქალაქად ოსლო, ხოლო ყველაზე ცუდად - დუბაი დასახელდა. ეს კვლევითი ცენტრის - Kisi-ს მიერ გასულ კვირას ჩატარებული კვლევის შედეგებია. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

ქალაქების გამოსავლენად კომპანია Kisi-ის მკვლევარებმა ისეთი ფაქტორები გაითვალისწინეს, როგორებიცაა: სამუშაო ინტენსივობა და სიცოცხლისუნარიანობა ქალაქში, ხარისხიანი ჯანდაცვა, ხელმისაწვდომი ცხოვრების ღირებულება და საკმარისი თავისუფალი დრო.

კვლევით დადგინდა, რომ თუკი ჰელსინკში დასაქმებული ყოველწლიურად ანაზღაურებად შვებულებას მთელი თვის განმავლობაში იღებს, ლოს-ანჯელესში დასვენების მაქსიმალური ხანგრძლივობა მხოლოდ ერთი კვირაა.

ბუნებრივია, რეიტინგის შედგენაზე გავლენა პანდემიით გამოწვეულმა ცვლილებებმაც იქონია: ეს პერიოდი ბევრისთვის პრიორიტეტების გადახედვისა და ახალი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობად იქცა და საზოგადოების ნაწილმა ახალ ქალაქში გადასვლა - ცხოვრება და მუშაობა გადაწყვიტა. თუმცა რადგანაც პანდემიური ცვლილებები შრომით ბაზარს ყველაზე მეტად შეეხო, დისტანციურად საქმიანობის დასრულების შემდეგ, ოფისში დაბრუნებული თანამშრომლებისთვის თითქმის ყველა სექტორში რიგი გამოწვევები გაჩნდა: დასაქმებულებს ბევრად ურჩევნიათ ის მოქნილი სამუშაო საათები, რასაც დისტანციურად მუშაობა მოიაზრებს; ბიზნესების წარმატებულად ოპერირებისთვის კი ოფისებში დაბრუნებულებს არცთუ იშვიათად, ზეგანაკვეთურად საქმიანობა დასჭირდათ.

ქალაქების ათეული, სადაც წელს ზეგანაკვეთურად ყველაზე ხშირად მუშაობენ, ასეთია:

1. დუბაი
2. ჰონკონგი
3. კუალა-ლუმპური
4. სინგაპური
5. მონტევიდეო
6. ტოკიო
7. ბანგკოკი
8. კეიპტაუნი
9. ლისაბონი
10.ბუდაპეშტი

მზარდი კონკურენციის პირობებში მაინც რჩება რამდენიმე ისეთი კომპანია, რომლებიც თანამშრომლებისთვის ხელსაყრელ სამუშაო გრაფიკს არჩევს პრიორიტეტად. ასეთია, მაგალითად, კომპანია Airbnb-ი, რომელიც დასაქმებულებს სახლიდან საქმიანობის შესაძლებლობას აძლევს.

რაც შეეხება ქალაქების ათეულს, სადაც დისტანციურად მუშაობა შესაძლებელია, ასე გამოიყურება:

1. სინგაპური
2. ვაშინგტონი
3. ოსტინი
4. ბერნი
5. ციურიხი
6. ჟენევა
7. სან-ფრანცისკო
8. ბოსტონი
9. სტოკლოჰმი
10. ლივერპული

თუმცა, ამის ფუფუნება ბევრ ლიდერ კომპანიას არ აქვს - ორწლიანი რთული პერიოდის შემდეგ, ბევრ სფეროში კონკურენტუნარიანობის გაწევას დიდი ძალისხმევა დასჭირდა.

ამ კონტექსტში, რიგი ქალაქები, სადაც ფინანსური და ბიზნეს ცენტრებია განლაგებული, რომლებიც დიდი ხანია, გლობალურ ეკონომიკურ ძალას წარმოადგენენ, Kisi-ს რეიტინგში არცთუ ისე სახარბიელო პოზიციებს იკავებენ. ასეთი კომპანიების უმეტესობა თავს, ძირითადად, ნიუ-იორკში იყრის, შესაბამისად, ქალაქის მაჩვენებელი რეიტინგში დაეცა და 100-დან 59-ე ადგილი დაიკავა, არადა წინა წელს ნიუ-იორკი 38-ე ქალაქად პოზიციონირებდა.

ნიუ-იორკთან ერთად, რეიტინგში მკვეთრად ჩამოქვეითდა ლონდონიც - წელს ის 27-ე ადგილზეა, არადა ბრიტანეთის დედაქალაქი შარშან მე-20 ადგილს იკავებდა.

დაბოლოს, 2022 წლის სამუშაო და ცხოვრების ბალანსისთვის საუკეთესო ქალაქების ათეული ასე გამოიყურება:

1.ოსლო
2.ბერნი
3.ჰელსინკი
4.ციურიხი
5.კოპენჰაგენი
6.ჟენევა
7.ოტავა
8.სიდნეი
9.შტუტგარტი
10.მიუნხენი