12.ივლისი .2022 14:15

„რთული სათქმელია, რა ვადაში მივიღებთ გადაწყვეტილებას“ - ხანიშვილი წისქვილკომბინატებზე

„რთული სათქმელია, რა ვადაში მივიღებთ გადაწყვეტილებას“ - ხანიშვილი წისქვილკომბინატებზე
views 757
უკან

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი აცხადებს, რომ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ წისქვილკომბინატების ასამუშავებლად დღეს გასაჯაროვებულ გეგმას დიდი ხანია იცნობს. მიუხედავად ამისა, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ არ იცის ამ საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე როდის მივლენ. ამის შესახებ გიორგი ხანიშვილმა BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"საკითხის გადაწყვეტის გზების განხილვისას ყველა შემთხვევაში აქ შემოტანილ ფქვილზე ან გადასახადი წესდება, ან უშუალოდ წისქვილები პურის მწარმოევლებს განსაზღვრულ დაბალ ფასში მიაწვდიან. ამის უკან არის სხვადასხვა ტიპის სირთულე და გათვლები, თუნდაც მათ შორის იმ 7 000 ტონის იმპორტიორებსა და მეპურეებზე განაწილების თემა. ეს პროცესის ნაწილია. ჩვენთვის მთავარია მოვძებნოთ გადაკვეთის გზა.

ამასთან, ახალი მოსავალი მოდის, რომელიც თავის შესაძლებლობებს ავითარებს. მსოფლიოშიც ახალ მოსავალთან დაკავშირებით ახალი რეალობები იქმნება, რუსეთშიც საექსპორტო ფასები იცვლება და იქაც გაურკვევლობაა. ვნახოთ აქედან რა გადაწყვეტილებამდე მივალთ.

ძალიან რთული სათქმელია რა ვადაში შევძლებთ გადაწყვეტილების მიღებას. პროცესი თვეების განმავლობაში გრძელდება და რაიმე კონკრეტული ვადის თქმა რთულია. რადგან ყველაფერი მიბმულია ახალი მოსავლის საფასო პოლიტიკის ჩამოყალიბებასთან, რომელიც სტანდარტულ მდგომარეობაში, როგორც წესი, გვიან შემოდგომამდე გრძელდებოდა. ვნახოთ, ამ საომარ ვითარებაში რა მოცემულობა გვექნება.

ძალაში რჩება ფორმულა, რომლის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობამ პური მაქსიმალურად ხელსაყრელ ფასად უნდა მიიღოს“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ პურის გაძვირებისგან თავის არიდებისთვის სუბსიდირების მექანიზმის გამოყენება გამორიცხა და განმარტა, რომ დღეს საქართველოში ფქვილი ყველაზე დაბალ ფასად შემოდის.

„სუბსიდირება გამოირიცხა, რადგან დღეს საქართველოში ყველაზე იაფი ფქვილი შემოდის და სუბსიდირება თავისთავად შინაარსს კარგავს. სხვა გადაწყვეტილებები ისე უნდა მივიღოთ, რომ მოსახლეობამ მაქსიმალურად დაბალფასიანი პური მიიღოს, რაც დაბალფასიან ფქვილზეა დამოკიდებული.

დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში 5 500 ტონა ფქვილია შემოსული. წინა თვეს 1 ტომარა ფქვილის საშუალო ფასი 21 დოლარი იყო, დღევანდელი ფასი კი 19 დოლარია ანუ ძალიან ბევრი რამ იცვლება და ვცდილობთ ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც საქართველოს მოსახლეობაზე იქნება ორიენტირებული“, - განმარტა ხანიშვილმა.