მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუბლი, დრამი და ლარი გამყარდა - სავალუტო მიმოხილვა (06.05 – 13.05)

627fa0f579bfb
ეგნატე შამუგია
16.05.22 08:00
750
გარდა თურქული ლირისა სამეზობლოს ვალუტები გამყარდა. გასულ კვირას ლარი, რუბლი და დრამი გამყარებულია. მაისის მეორე სავაჭრო კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.015 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.026-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.37%-იანი გამყარებაა, რაც მიმდინარე წლის მეთვრამეტე სავაჭრო კვირასაც 0.78%-ით იყო გამყარებული. წლის დასაწყისიდან დღემდე კი ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით 2.36%-ითაა გამყარებული. აპრილში ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 1.29%-ით იყო გამყარებული, რაც მარტში 4.29%-იანი გამყარებით გამოირჩეოდა.
 
რუბლი გასულ კვირასაც გამყარდა, რაც უკვე ამ უკანასკნელისთვის ტრადიციად იქცა. თავის მხრივ, რუბლი მყარდება იმ ფონზე, როცა აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და რუსეთისთვის მასშტაბური სანქციებია დაწესებული. ამ ფონზე კი რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულია, ხოლო კაპიტალზე კონტროლია დაწესებული (რუბლის გამყარების მიზეზებზე იხილეთ სტატია). მაისის პირველ კვირას რუსული რუბლის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, 5.29%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირას 5.27% იყო. წლის დასაწყისიდან დღემდე რუსული რუბლი დოლართან მიმართებით 13.70%-ითაა გამყარებული, რაც სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე მაღალი ნიშნულია. ამ პერიოდში რუბლის შემდეგ, მკვეთრად, 5.96%-ით სომხური დრამია გამყარებული. დრამი გასულ კვირასაც მაღალი, 4.46%-იანი გამყარებით გამოირჩეოდა. კიდევ ერთი ასეთი ვალუტა უკრაინული გრივნაა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინული ვალუტა ბლუმბერგის პლატფორმაზე ნაკლებად ივაჭრება, მაისის მეორე კვირას გრივნა 2.43%-ით გამყარდა.

მაისის მეორე სავაჭრო კვირას საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნის - თურქეთის ეროვნული ვალუტა გაუფასურდა. კერძოდ, გასულ კვირას ლირის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, 3.53%-ითაა გაუფასურებული, რაც შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე მკვეთრი გაუფასურებაა. თურქული ლირა წინა კვირასაც 0.66%-ით იყო გაუფასურებული. წლის დასაწყისიდან დღემდე თურქული ლირა ყველაზე მეტით, 17.91%-ითაა გაუფასურებული. ლირა გაუფასურების მასშტაბით გასულ წელსაც გამოირჩეოდა, რადგან ამ პერიოდში დოლართან მიმართებით ნომინალური ღირებულება 78.81%-ით დაკარგა. მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე ლირის შემდეგ მაღალი, 11.76%-იანი გაუფასურებით იაპონური იენი გამოირჩევა, რომელიც გასულ კვირას 1.29%-ითაა გამყარებული. ამ პერიოდში დანარჩენი ვალუტები გაუფასურდა. ჩინური იუანის გაუფასურებამ 1.96% შეადგინა, ხოლო ევრო და ბრიტანული სტერლინგის კი - 1.33% და 1.31%-ები.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 06.05 – 13.05 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

2021 წლის 30 სექტემბრის შემდეგ ეროვნულ ბანკს ბაზარზე დიდი ხნით თავს იკავებდა. მიმდინარე წელს პირველი ინტერვენცია გასულ კვირას, 09 მარტს განახორციელა. კერძოდ, სავალუტო ბაზარზე 50.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 39.6 მლნ დოლარი გაიყიდა. გასულ წელს ცენტრალურმა ბანკმა ბაზარზე სულ 9-ჯერ 332.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა, ხოლო ბაზარზე უცხოური ვალუტა არ შეუსყიდია. სები სავალუტო ინტერვენციებით უმეტესწილად წლის პირველ ნახევარში გამოირჩეოდა, რადგან 7 სავალუტო აუქციონი იანვარ-აპრილში იყო. აღნიშნულ პერიოდში ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 242.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. ამდენად, სავალუტო ინტერვენციების კუთხით გასული წელი მეტად პასიური იყო, ვიდრე წინა პერიოდი. პანდემიის პირველ წელს ცენტრალურმა ბანკმა სულ 26 ინტერვენციით 873.2 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 09.05 – 13.05-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

აპრილის ბოლო სავაჭრო კვირას შერჩეულ ვალუტებს შორის უმეტესობას მაღალი მერყეობა ახასიათებდა, რაც მაისის პირველ სავაჭრო კვირას კიდევ უფრო გაზრდილი იყო. შერჩეულ ვალუტებს შორის მაღალი მერყეობა გასულ კვირასაც შენარჩუნდა, მაგრამ ლარი კვლავ გამონაკლისია. მაისის მეორე სავაჭრო კვირას ლარის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.15%-ით იხრებოდა, რაც წინა კვირას 0.25% იყო, ხოლო აპრილის ბოლო სავაჭრო კვირას კი - 0.26%. ამდენად, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის ტენდენცია სტაბილურია.

მსგავსად ადრეული პერიოდისა, მასშტაბური გამყარების ფონზე კვლავ ყველაზე მერყევ ვალუტად რუსული რუბლი რჩება. მაისის მეორე სავაჭრო კვირას რუბლის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 4.06%-ით იხრებოდა. რუბლის შემდეგ მაღალი არასტაბილურობა სომხურ დრამს ახასიათებდა. გასულ კვირას დრამის 4.46%-იანი გაუფასურების ფონზე, მისი მერყეობა 1.85%-ს შეადგენდა. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით სტაბილურია, რადგან მაისის პირველ სავაჭრო კვირას დრამის მერყეობა 2.63%-ს აღწევდა. ამ პერიოდში მაღალი, 2.50%-იანი მერყეობა ბრიტანულ სტერლინგსაც ახასიათებდა. გასულ კვირას ბრიტანული ვალუტის მერყეობა 0.54% იყო, ხოლო გაცილებით მეტით, 1.04%-ით ევროს ნომინალური გაცვლითი კურსი მერყეობდა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 06.05/13.05 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

დოლართან მიმართებით, რუბლის ომამდე ნიშნულზე დაბრუნებასთან და შემდეგ კიდევ უფრო მეტად გამყარებასთან ერთად, ეს უკანასკნელი ლართან მიმართებითაც ამავე ტენდენციას იზიარებდა. ამდენად, ბოლო რამდენიმე კვირა ლარი ყველაზე მეტით სწორედ რუსულ რუბლთან მიმართებით უფასურდებოდა, რასაც წინ გამყარების ტენდენცია უძღოდა. აპრილის მესამე კვირას რუბლთან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 0.54%-ით იყო გაუფასურებული. აპრილის ბოლო სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი რუბლთან მიმართებით 12.92%-ით გაუფასურდა, რაც უკვე მაისის პირველ კვირას 6.53% იყო. გასულ კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი რუბლთან მიმართებით კვლავ გაუფასურდა, მაგრამ შედარებით ნაკლებით, 2.79%-ით. წლის დასაწყისიდან დღემდე, ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ყველაზე მეტით, 13.93%-ით რუბლთანაა გაუფასურებული. ამ პერიოდში ლარი დანარჩენ სხვა ვალუტებთან მიმართებით ყველასთან გამყარებულია, გარდა სომხური დრამისა.

გასულ კვირას ლარი სწორედ სომხურ დრამთან მიმართებით გაუფასურდა ყველაზე მაღალი ნიშნულით. მაისის მეორე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი დრამთან მიმართებით 4.55%-ითაა გაუფასურებული. წინა კვირას კი, პირიქით, ლარი ყველაზე მეტით, 6.82%-ით სწორედ დრამთან იყო გამყარებული. საბოლოოდ, წლის დასაწყისიდან დღემდე ლარის გაცვლითი კურსი სომხურ ვალუტასთან 3.46%-ითაა გაუფასურებული. ლარი გასულ კვირას უკრაინულ გრივნასთანაც გაუფასურდა. მაისის მეორე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი უკრაინულ გრივნასთან 1.97%-ით გაუფასურდა, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 9.77%-ითაა გამყარებული.

მაისის მეორე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი უმეტეს შერჩეულ ვალუტასთან მიმართებით გამყარდა. მათ შორის, ყველაზე მეტით, 4.09%-ით თურქულ ლირასთან მიმართებით. ამ პერიოდში თავად ლირა დოლართან მიმართებით, ყველაზე მეტით, 3.53%-ითაა გაუფასურებული. წლის დასაწყისიდან დღემდე ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ყველზე მაღალი, 15.83%-ით სწორედ ლირასთანაა გამყარებული. ლირის შემდეგ მაღალი, 12.90%-იანი გამყარება იაპონურ იენთანაა. აღნიშნულთან კი, მაისის მეორე კვირას ლარი მხოლოდ 0.47%-ითაა გაუფასურებული. მაისის მეორე სავაჭრო კვირას ლარი ნომინალური გაცვლითი კურსი ევროსთან (2.57%), ჩინურ იუანთან (2.32%), ბრიტანულ სტერლინგთან (2.07%) და აზერბაიჯანულ მანათთან (0.72%) გამყარდა.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. მაისის მეორე სავაჭრო კვირას ლარი უმეტეს ვალუტასთან მიმართებით გამყარდა, მაგრამ რუბლთან და დრამთან გაუფასურდა, რომელთა წილი ინდექსში 14.6% და 6.7%-ებია. თუმცა, საბოლოოდ, გასულ კვირას ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი გამყარებულია. მაისის მეორე სავაჭრო კვირას აღნიშნული ინდექსი 1.02%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირას 0.50% იყო. წლის დასაწყისიდან დღემდე ეფექტური გაცვლითი კურსი 6.32%-ითაა გამყარებული, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამყარება 29.49%-ია.

მაისის მეორე სავაჭრო კვირის მანძილზე ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 138.8-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.44%-ს შეადგენს. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით ოდნავ შემცირებულ არასტაბილურობას ასახავს, რადგან წლის მეთვრამეტე სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსი მერყეობა 0.48% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება აისახება იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის კლებაში.

აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 28.78%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 27.77% იყო. საბოლოოდ, მიმდინარე წლის მეცხრამეტე სავაჭრო კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის წინა პერიოდთან შედარებით გამყარება, ამავე პერიოდის იმპორტის ზრდაზე იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება იაფდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან იმპორტიორი ქვეყნების საქონელი და მომსახურებას ძვირდება.