მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი, აზერბაიჯანი და ირანი ელექტროენერგიით ვაჭრობის ზრდას გეგმავენ

61b4c63e135ef
BM.GE
11.12.21 19:21
789
ირანის სახელმწიფო გამოცემა IRNA-ს ინფორმაციით, ქვეყანა აზერბაიჯანთან და რუსეთთან ელექტროენერგიის სექტორში პარტნიორობის გაღრმავებისთვის ემზადება. საუბარია იმაზე, რომ ირანი დეფიციტურ პერიოდში ელექტროენერგიას აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან მიიღებს. 

გამოცემის თანახმად, ირანის ენერგეტიკის მინისტრი, ალი აკბარი ირანში აზერბაიჯანის ელჩს, ალი ალიზადეს შეხვდა, სადაც მხარეებმა ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის დაახლოების საკითხები განიხილეს, მათ შორის საუბარი შეეხო აზერბაიჯანიდან ირანში ელექტროენერგიის ექსპორტის გაზრდასაც. თავისმხრივ, პროექტის მონაწილედ განიხილება რუსეთიც, საიდანაც აზერბაიჯანის გავლით ელექტროენერგიის ტრანზიტიც შეიძლება მოხდეს.

ელექტროენერგიის ექსპორტის გარდა, ასევე აზერბაიჯანსა და ირანს შორის ენერგეტიკის თემაზე დიალოგი მდინარე არაქსზე ახალი  ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საკითხსაც შეეხო. 

84-მილიონიან ირანში ელექტროენერგიის დეფიციტია. წლების წინ ირანი რუსეთთან ელექტროენერგიის სფეროში კავშირის დამყარებას სომხეთისა და საქართველოს გავლით ცდილობდა, რისთვისაც 2015 წლის დეკემბერში ერევანში ირანის, სომხეთის, საქართველოს და რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ქვეყნებს შორის მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მშენებლობას და ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტს გულისხმობდა. საქართველოს მხრიდან მემორანდუმს ხელი მაშინდელმა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მოაწერა. თუმცა, პროექტი როგორც ჩანს არ განხორციელდა და ამჟამად ირანი რუსეთთან ენერგეტიკული კავშირის დამყარებას აზერბაიჯანის გავლით ცდილობს.