რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ საქართველო ბაქოსა და ანკარას მიერ ინიცირებულ თანამშრომლობის ფორმატს 3+3 სულ მალე მიუერთდება. ამის შესახებ მან აღნიშნული ფორმატის ფარგლებში თეირანში შემდგარი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველო 3+3 ფორმატის II შეხვედრაში, რომელიც 22 თებერვალს თეირანში გაიმართა, მონაწილეობას არ იღებდა. “საქართველო არ მონაწილეობს აღნიშნულ შეხვედრაში და არც არასდროს მიუღია მონაწილეობა”, — აცხადებდნენ დიპლომატიურ უწყებაში.
რუსეთის პირველი დიპლომატი კი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს და იმედოვნებს, რომ 3+3 ფორმატი სრულფასოვნად მოქმედებას არც ისე შორეულ წარმოებაშია შეძლებს.
„ყველა შევთანხმდით, რომ ჩვენს ფორმატში საქართველოსთვის კარი ღია რჩება. გვესმის მიზეზები, რის გამოც საქართველოს მთავრობა ექვსეულთან მიერთებაზე თავს იკავებს. ვაფასებთ, რომ თბილისი იქიდან გამომდინარე იღებს ამ გადაწყვეტილებას რომ ის მომავალში შეუერთდება ამ ფორმატს [როგორც ჩვენ გვესმის]. გარემოების გათვალისწინებით საქართველოს დღევანდელი მთავრობის ყველა ქმედება ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს, რაც მათ არაერთხელ დაამტკიცეს. ეს გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ 3+3 ფორმატი სრულფასოვნად ამოქმედება არც ისე შორეულ მომავალში მოხდება“, - აცხადებს ლავროვი.
ცნობისთვის, 3+3 ფორმატის რეგიონული თანამშრომლობის აზერბაიჯანისა და თურქეთის ინიციატივა ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ გაჩნდა და ის საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს, ასევე რუსეთს, თურქეთსა და ირანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს მიზნად.