მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთიდან ვიზიტორების რიცხვი პანდემიამდელ ნიშნულს არ დაბრუნებია - Galt&Taggart

634ff4ea29c13
მარიამ ვარადაშვილი
20.10.22 10:51
929
Galt&Taggart-ის ინფორმაციით, რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა პანდემიამდელ ნიშნულს არ დაბრუნებია.

ორგანიზაციის ცნობით, 2022 წლის 9 თვეში რუსეთიდან 780 339 ვიზიტორი შემოვიდა, ეს მაჩვენებელი 2019 წლის 9 თვეში დაახლოებით 1.2 მლნ იყო. შესაბამისად, 35%-ით ნაკლები ვიზიტორი შემოვიდა 2022 წლის იანვარ-სექტემბერში 2019 წელთან შედარებით. თუმცა უშუალოდ სექტემბერში რუსი ვიზიტორების რაოდენობამ 11%-ით გადააჭარბა პანდემიამდელ ნიშნულს. 

ამას გარდა, 9 თვის სტატისტიკით პანდემიამდელ ნიშნულს არც რუსეთიდან ტურიზმის დანახარჯები დაუბრუნდა. სტატისტიკით, მოცემულ პერიოდში რუსეთიდან 563 მლნ დოლარი შემოვიდა, ეს მაჩვენებელი 2019 წელს 648 მლნ დოლარი იყო.

Galt&Taggart-ის ანალიტიკოსი ამბობს, რომ ტურიზმის სტატისტიკაში ვერ ხვდებიან ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში შემოვიდნენ და აქ დარჩნენ. 

"აქ საუბარია ვიზიტორებზე, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს. ამ სტატისტიკაში არ არის ასახული იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც შემოვიდნენ საქართველოში და ქვეყანა ჯერ არ დაუტოვებიათ, მიგრანტებს ვგულისხმობ. ქვეყანაში რუსეთის ნამდვილად ბევრი მოქალაქეა და მათი რიცხვი 100 ათასამდე იქნება. 9 თვის ტურიზმის სტატისტიკაში ეს ადამიანები არ შედიან.

რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეების ხარჯებს, ბოლო სამ თვეს თუ ავიღებთ რუსეთის მოქალაქეების დანახარჯები აჭარბებს კიდეც პანდემიამდელ პერიოდს. 9 თვის მონაცემებით, იმიტომ არის ნაკლები რომ წლის დასაწყისში რუსი ვიზიტორების რაოდენობა ძალიან მცირე იყო. სტატისტიკის მიხედვით რუსი ვიზიტორების დანახარჯებმა 2019 წლის ნიშნულს ივლისში გადააჭარბეს და ბოლო სამ თვეში ეს ტენდენცია გაგრძელდა. 9 თვის ჯამური მაჩვენებელი სწორედ ამიტომ გამოდის 2019 წელთან შედარებით უფრო მცირე. აქ გასათვალისწინებელია ორი ფაქტორი: მიგრანტების დანახარჯები და ინფლაცია, რადგან 2019 წელთან შედარებით დაახლოებით 30%-ით არის ინფლაცია გაზრდილი. პირობითად 100 დოლარს თუ ხარჯავდა ტურისტი 2019 წელს, წელს იგივე პროდუქტში დაახლოებით 130 დოლარს იხდის",-ამბობს სამყურაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტორების კუთხით ყველაზე დიდი შემცირება აზერბაიჯანთან არის. თუ 2019 წლის 9 თვეში აზერბაიჯანიდან ვიზიტორების რაოდენობა 1,169,831 იყო, ამ მაჩვენებელმა მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში 112 115 შეადგინა, რაც 90.4%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ამის მიზეზი ჩაკეტილი სახმელეთო საზღვარია. პანდემიის შემდეგ აზერბაიჯანს საქართველოსთან სახმელეთო საზღვარი არ გაუხსნია. ჯამში, 9 თვეში 2.7 მლნ საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც 2019 წლის 68%-ს შეადგენს, წლიური ზრდა კი 147.5%-ია.

რაც შეეხება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანამ ჯამში 2.5 მილიარდი დოლარი მიიღო, საიდანაც რუსეთის წილი 22.4%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ევროკავშირს, საანგარიშო პერიოდში მისმა წილმა 10.4%-ს შეადგინა, ჯამში ქვეყანამ იანვარ-სექტემბერში 261 მლნ დოლარი მიიღო, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 2019 წელს 120 მლნ დოლარით მეტი იყო. მესამე ადგილს 9.4%-იანი წილით თურქეთი იკავებს, საიდანაც ქვეყანამ 235 მლნ დოლარი მიიღო, რაც 104 მლნ დოლარით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე.