მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის ეკონომიკა ომიდან ნახევარი წლის თავზე

6304d2c1e581b
ეგნატე შამუგია
24.08.22 08:00
16189
ნახევარი წლის წინ, 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს სანქციები დაუწესა და უკრაინის აქტიური მილიტარიზაცია დაიწყეს, თუმცა აღნიშნულმა ჯერჯერობით ვერ გამოფიტა რუსეთის საბრძოლო უნარი, რადგან უკრაინის აღმოსავლეთით ომი გრძელდება. აუცილებელია ითქვას, რომ სანქციების მიზანი მყისიერი შედეგი ვერ იქნება და მისი ნეგატიური ეფექტი გრძელვადიანი პერიოდისთვის უფრო თვალსაჩინო უნდა იყოს, ვიდრე ახლო მომავალში.
 
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რუსეთის ეკონომიკა 3.5%-ით გაიზარდა, ხოლო უკვე მეორე კვარტალში 4.0%-ითაა შემცირებული. ამდენად, 2022 წლის პირველ ნახევარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეკონომიკის 0.4%-იანი კლებაა. გასულ წელის ანალოგიურ პერიოდში ეკონომიკის 5.0%-იანი ზრდა იყო, ხოლო პანდემიის პირველ წელს კი - 3.1%-იანი კლება. ამდენად, მიმდინარე ეტაპზე რუსეთის ეკონომიკა უფრო ნაკლებითაა შემცირებული, ვიდრე პანდემიის პირველ წელს, მაგრამ გაცილებით მეტით, ვიდრე ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციების მომდევნო ეტაპზე.

გრაფიკი 1: რუსეთის ეკონომიკის კვარტალური ზრდა (%)
წყარო: რუსეთის სტატისტიკის სამსახური

დაწესებული სანქციების ძირითადი ნაწილი საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების, პოლიტიკოსების და ადგილობრივი გიგანტების მესაკუთრეთა პერსონალურ შეზღუდვებს ითვალისწინებს. ასეთი სანქციები ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის და ამერიკის შეერთებულ შტატების მიერ დაწესდა. ასევე, აღსანიშნავია, იაპონიის, კანადის, შვეიცარიის, ახალი ზელანდიის და ავსტრალიის მთავრობების მიერ დაწესებული შეზღუდვები. რიგი ქვეყნების გამოკლებით, დანარჩენი მსოფლიო აღნიშნულ სანქციებს შეუერთდა, რათა ადგილი არ ჰქონდეს რუსეთის მიერ სანქციებისთვის გვერდის ავლას.

მასშტაბური სანქციები ფინანსურ სექტორს უკავშირდება. საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთის რამდენიმე ძირითადი კომერციული ბანკი გლობალური გადახდის სისტემიდან გამოირთო, ხოლო თავად რუსეთის ცენტრალური ბანკის მფლობელობაში არსებული სავალუტო რეზერვების ½ , 640.0 მილიარდი აშშ დოლარი გაიყინა. რუსეთიდან რიგი საქონლის იმპორტი და ექსპორტი შეიზღუდა, რაც ნაწილობრივი ნავთობის ინდუსტრიას შეეხო. გარდა ამისა, რუსეთის ბაზრიდან გავიდა ათასამდე საერთაშორისო კომპანიამ, რომელთა საერთო ინვესტიცია მთლიანი ეკონომიკის დაახლოებით 40.0%-ია. თუმცა, ბევრი კომპანია ჯერ კიდევ ბაზარზე რჩება ან მათი აქტივები ადგილობრივებმა იყიდეს და ოპერირებას განაგრძობენ.

გრაფიკი 2: რუსეთის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (ტრილიონი რუბლი, 2016 წლის ფასები)
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

ომის დაწყებიდან ნახევარი წლის შემდეგ რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა ადრეულ პერიოდში არსებულ მოლოდინებს არ შეესაბამება. სანქციების დაწესების პირველ ეტაპზე ეკონომიკის უფრო მკვეთრი შემცირების პროგნოზები არსებობდა, ვიდრე დღეს. ასეთი მოლოდინები თავად რუსეთის საჯარო უწყებებსაც ჰქონდათ. რუსეთის ცენტრალური ბანკის ადრეული შეფასებით, მიმდინარე წელს ეკონომიკის 8.0 – 10.0%-იანი კლება იყო მოსალოდნელი, რაც მიმდინარე ეტაპზე 4.0 - 6.0%-ით არის პროგნოზირებული. საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2022 წლისთვის რუსეთის ეკონომიკის 6.0%-იან შემცირება ვარაუდობს, რაც აპრილის პროგნოზით 8.5% იყო. შედარებით ოპტიმისტურია რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო, რადგან მიმდინარე წელს ეკონომიკის 4.2%-იან შემცირებას ვარაუდობს.

როგორც ჩანს, რუსეთის ეკონომიკაზე თავად ომის და ომის გამო დაწესებული სანქციების გადაჭარბებული ეფექტის მოლოდინი არსებობდა, რომელსაც ადრეულ პერიოდში რუსული რუბლის გაცვლითი კურსი მკვეთრი გაუფასურებაც ხელს უწყობდა. უფრო მეტიც, ჯერ კიდევ მარტის ბოლოსკენ აშშ-ს პრეზიდენტი ბაიდენი აცხადებდა, რომ „უპრეცედენტო სანქციების შედეგად, რუბლი თითქმის მაშინვე ნანგრევებად იქცა“. თუმცა, რუსული რუბლი მალევე ომამდე ნიშნულს დაუბრუნდა.

გრაფიკი 3: რუბლის ნომინალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით
წყარო: ბლუმბერგის პლატფორმა

მიმდინარე წლის 07 მარტს, დოლართან მიმართებით, რუბლის ნომინალური გაცვლითი კურსი ყველაზე მაღალ, 138.93-იან ნიშნულს მიუახლოვდა, რომლის შემდეგ რუბლი მკვეთრად გამყარდა. მიმდინარე ეტაპზე რუბლის გაცვლითი კურსი ომამდე პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 30.0%-ით უფრო მყარია. ეს კი რუსეთის მთავრობის და ცენტრალური ბანკის მიერ გატარებული რიგი ზომების შედეგია. ადრეულ პერიოდში ასეთი რუბლის უცხოურ ვალუტაში გაცვლის გართულება და კაპიტალის კონტროლი იყო, რომელიც მოგვიანებით შემსუბუქდა. თავდაპირველად რუბლის გაცვლაზე საკომისიო 30.0%-ს ოდენობით დაწესდა, რაც შემდეგ 12.0%-მდე შემცირდა. თუმცა, უფრო მკვეთრად გამოხატული ზომა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება იყო. ჯერ კიდევ ომამდე პოლიტიკის განაკვეთი 9.5% იყო, რაც მყისიერად 20.0%-მდე გაიზარდა. თუმცა, მალევე პოლიტიკის შერბილება დაიწყო, რაც 25 ივლისიდან ომამდე არსებულ ნიშნულზე დაბალი, 8.0%-ია.

რუსეთის ცენტრალური ბანკისა და მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები, ერთი მხრივ, უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის დათრგუნვაზე ორიენტირებული ზომები იყო და მეორე მხრივ, უცხოური ვალუტის მიწოდების ხელშეწყობისკენ გადადგმული ნაბიჯები. მიწოდების მხრიდან დადებითად მოქმედი ზომა ექსპორტიორი კომპანიების მიერ მიღებული უცხოური შემოსავლების 80.0%-ის სავალუტო ბაზარზე მყისიერი გაყიდვის ვალდებულებაა. ასეთი შემოსავლები ძირითადად რუსეთიდან ენერგორესურსების ექსპორტს და ორ უმსხვილეს ენერგოგიგანტს - "როსნეფტს" და "გაზპრომს" უკავშირდება. სწორედ, ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის გამო რუსეთის სავაჭრო სალდო პროფიციტულია - ექსპორტის ღირებულება აჭარბებს იმპორტისას. ცენტრალური ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საგარეო ვაჭრობის სალდომ 192.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 75.7 მილიარდი დოლარი იყო. ეს კი შედეგია ექსპორტის არსებითი ზრდის და იმპორტის შემცირების.

გრაფიკი 4: რუსეთიდან ნედლი ნავთობის საზღვაო გადაზიდვები (მლნ ბარელი დღეში)
წყარო: ბლუმბერგის მონიტორინგი

რუსეთის საექსპორტო პოზიციები კი ნავთობისა და გზის ინდუსტრიას უკავშირდება. მართალია დასავლეთი და განსაკუთრებით, ევროპის კავშირი ცდილობს რუსული ენერგო რესურსებზე დამოკიდებულების შემცირებას, მაგრამ რუსეთიდან ნავთობის საექსპორტო ძირითადი დანიშნულება კვლავ ევროპა რჩება. მიმდინარე წლის თებერვალში რუსეთიდან ევროპის კავშირში ნავთობის ექსპორტის მოცულობა დღეში საშუალოდ 4.0 მლნ ბარელი იყო, რაც ივნისში 2.9 მლნ ბარელამდეა შემცირებული, მაგრამ ამ პერიოდში რუსული ნავთობისთვის სხვა ბაზრები გაფართოვდა. ასეთი კი ჩინეთი და ინდოეთია. მაგალითად, თუ იანვარ-თებერვალში ინდოეთში რუსეთიდან დღეში საშუალოდ 0.1 მლნ ბარელი ნავთობი გადიოდა, ახლა ეს მაჩვენებელი საშუალოდ 0.8 მლნ ბარელია.

ენერგო რესურსებზე გაზრდილი ფასების და ამ უკანასკნელის რუსეთიდან ექსპორტის მოცულობის არსებითი არ-შემცირების ფონზე, რუსეთის ეკონომიკის მიერ მისაღები შემოსავლები გაიზარდა. ბლუმბერგის ადრეული შეფასებით, მიმდინარე წელს რუსეთის მიერ ენერგო რესურსებიდან მიღებული მთლიანი შემოსავლები 320.7 მლრდ აშშ დოლარითაა მოსალოდნელი, რაც 2021 წელს 235.6 მლრდ აშშ დოლარი იყო. რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს უახლესი პროგნოზით, მიმდინარე წელს ენერგო რესურსების ექსპორტის ღირებულება 337.5 მილიარდ დოლარს მიაღწევს, ხოლო 2023 წლისთვის ეს მაჩვენებელი 255.8 მილიარდი აშშ დოლარითაა ნავარაუდევი. აღნიშნული არამხოლოდ ექსპორტის ძირითადი კომპონენტია, არამედ მთლიანად რუსეთის ეკონომიკის არსებით ნაწილია. ამდენად, რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა დიდწილად ამ ინდუსტრიაზეა დამოკიდებული.

გრაფიკი 5: რუსეთის სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდა (%)
წყარო: რუსეთის ცენტრალური ბანკი; სტატისტიკის სამსახური.

ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი ინფლაციაა, რომელიც სამომხმარებლო ფასების დონის ზრდითაა შეფასებული. ამ მხრივ, მდგომარეობა არამხოლოდ რუსეთში, არამედ უმეტეს ქვეყნებში გაუარესდა და ინფლაცია ბოლო ათწლეულების რეკორდულ ნიშნულზეა. რუსეთში ინფლაცია ჯერ კიდევ 2020 წლის მარტიდან იზრდება, რაც ომის დაწყების დროს 9.2% იყო, ხოლო უკვე მარტში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 16.7% შეადგინა. ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ფონზე მაისიდან ინფლაციამ კლება დაიწყო. ამ პერიოდიდან მონეტარული პოლიტიკაც მსუბუქდება, რომელიც ომის დაწყებიდან მალევე 20.0%-მდე გაიზარდა, ხოლო ამ ეტაპზე ომამდე არსებულ ნიშნულზე დაბლა, 8.0%-ია. მიმდინარე წლის ივლისში წლიურმა ინფლაციამ 15.1% შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელს 0.8 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება.

ამდენად, ომის დაწყებიდან ნახევარი წლის შემდეგ რუსეთში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შედარებით შემცირებულია, ხოლო ეკონომიკური პერსპექტივა ნაკლებად დრამატული ვიდრე, ეს ომის პირველ თვეებში იყო მოსალოდნელი. როგორც აღვნიშნეთ, მიმდინარე წლისთვის რუსეთის ეკონომიკის შემცირების პროგნოზები შემცირებულია. თუკი საერთაშორისო სავალუტო ფონდი აპრილში ეკონომიკის 8.5%-იან კლებას ვარაუდობდა, ეს მაჩვენებელი ივლისში 6.0%-მდე შეამცირა. საერთო ჯამში, ომამდე პერიოდთან შედარებით, 2022-23 წლებში ეკონომიკის 9.8%-იანი კლებაა მოსალოდნელი, რაც ჯერ კიდევ აპრილის პროგნოზებით 10.6% იყო. რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო უფრო ოპტიმისტურია და ამ უკანასკნელის შეფასებით, ორწლიან პერიოდში დანაკარგი 7.3% იქნება.


(სტატიის ავტორის მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს BM.GE-ის რედაქციის პოზიციას)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები