მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რუსეთისგან, უკრაინისა და ბელარუსისგან საქართველო, სავარაუდოდ, $1მლრდ-ს დაკარგავს” - ბესო ნამჩავაძე

622f23ea9324a
ანუკა ჯოხაძე
14.03.22 22:20
1591
რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე პანდემიით გამოწვეული კრიზისის ნახევარიც არ იქნება, - ასე აფასებს რუსეთ-უკრაინაში არსებული კრიზისის შესაძლო გავლენას საქართველოზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძე. როგორც ნამჩავაძე ამბობს, ომმა გავლენა უკვე იქონია ლარის კურსზე და ნავთობის საერთაშორისო ფასებზე.

მისივე თქმით, რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსისგან ექსპორტისგან მიღებული შემოსავლების კლება მოსალოდნელია, თუმცა ამ ბაზრების ჩანაცვლების შესაძლებლობა არსებობს, რა მიმართულებითაც სამუშაოა.

“ჯამში დანაკარგს ველოდებით, მაგრამ თუ შევადარებთ პანდემიის დროინდელ დანაკარგს, განსაკუთრებით 2020 წელს, როცა დაიწყო პანდემია და მკაცრი ჩაკეტვები იყო, ასეთი დიდი დარტყმა ამ კრიზისს საქართველოს ეკონომიკაზე არ ექნება. ამის ნახევარიც არ იქნება, იმიტომ რომ პანდემიის დროს არა მარტო რუსეთთან და უკრაინასთან, ბევრ ქვეყანასთან იყო შეზღუდული ურთიერთობები. დაახლოებით მესამედი იქნება დარტყმა ჩვენს ეკონომიკაზე, ვიდრე ეს იყო პანდემიის დროს იყო. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ხშირად გვაშინებენ რუსეთის ბაზარი რომ ჩაიკეტოს რა გვეშველება, სადაც პანდემია გადავიტანეთ ეკონომიკურად, ამასაც გადავიტანთ", - აცხადებს ნამჩავაძე.

ცნობისთვის, 2021 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 25.6%-ით 14.3 მლრდ დოლარამდე გაიზარდა, საიდანაც ექსპორტი 4.242 მლრდ დოლარი, ხოლო იმპორტი 10.073 მლრდ დოლარი იყო.

ამ პერიოდში ჩვენი ქვეყნის TOP-3 სავაჭრო პარტნიორი თურქეთი (2.145 მლრდ დოლარი), რუსეთი (1.638 მლრდ დოლარი) და ჩინეთი (1. 480 მლრდ დოლარი) გახდნენ. თავად მსხვილი სავაჭრო პარტნიორების სამეულის შემადგენლობა არ შეცვლილა, თუმცა 2020 წელს მეორე ადგილზე მყოფი ჩინეთი 2021 წელს საქართველოს ჩრდილოელმა მეზობელმა რუსეთმა ჩაანაცვლა, რომლის წილმა ქვეყნის საგარეო ვაჭრობის ბრუნვაში 11.4% შეადგინა.

რაც შეეხება უკრაინას, 2021 წლის განმავლობაში საქართველოდან უკრაინაში ექსპორტი 41%-ით გაიზარდა და $307 მილიონი გახდა, რაც ამ ქვეყანაში ექსპორტის მაქსიმალური მაჩვენებელია. ასევე 15.6%-ით გაიზარდა იმპორტი და ის $451 მილიონი გახდა. უკრაინიდან იმპორტი მაქსიმალური 2013 წელს იყო და $600 მილიონს შეადგენდა.

უკრაინა საქართველოს რიგით მეექვსე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.