მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა უცხოეთში არჩევნებზე ზეგავლენის მოსახდენად $300 მლნ დახარჯა - სახ. დეპარტამენტი

6321849dc0931
გიორგი თოლორდავა
14.09.22 11:43
570
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გასაჯაროებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის მთავრობამ უცხოეთში სხვადასხვა საარჩევნო კამპანიაში ფარულად ჩასარევად და პოლიტიკურ კანდიდატებზე ზეგავლენის მოსახდენად 2014 წლიდან დღემდე დაახლოებით 300 მილიონი დოლარი დახარჯა.

„რუსეთის ფედერაციის ფარული პოლიტიკური გავლენა მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის“, - აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტს არჩევნებში ჩარევის ზუსტი დეტალები არ გაუსაჯაროებია, თუმცა დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის მთავრობა სხვადასხვა სტრატეგიას იყენებდა, მათ შორის: პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების პირდაპირ მოსყიდვას, პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კვლევითი ინსტიტუტების დაფინანსებას, მედიასა და სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციული კამპანიების წარმოებას და ცრუ ბრალდებების გავრცელებას.

აშშ-ის დაზვერვის პროგნოზით, რუსეთი მომავალშიც განაგრძობს ზემოხსენებულ საქმიანობას და, სავარაუდოდ, ამ მიმართულებით გამოყოფილი თანხები და აქტივობა უფრო მეტად გაიზრდება.

საგულისხმოა, რომ რუსეთი აქტიურად ერეოდა როგორც დასავლური სახელმწიფოების, ასევე აზიური და აფრიკული ქვეყნების არჩევნებშიც.

რუსული ძალების მიერ ფარული ზეგავლენის მოხდენის მცდელობის თვალსაჩინო მაგალითებად აშშ-ის 2016 და 2020 წლების, საფრანგეთის 2017 წლის, უკრაინის საპრეზიდენტო და სუდანის საპარლამენტო არჩევნები სახელდება.