მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში "ომიკრონის" შტამით ინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა

61ae09744bc6f
თათია კაკიაშვილი
06.12.21 17:23
483
რუსეთში კორონავირუსის ახალი შტამის - ომიკრონის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას „როიტერსი“ რუსულ ახალი ამბების სააგენტოებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ომიკრონი სამხრეთ აფრიკიდან რუსეთში დაბრუნებულ ორ ადამიანს დაუდასტურდა.

გამოცემა „ინტერფაქსი“ კი, რუსეთის მომხმარებელთა ჯანმრთელობის მარეგულირებელზე დაყრდნობით იუწყება, რომ მთლიანობაში სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნებულ ათ ადამიანს COVID-19-ის ტესტზე დადებითი შედეგი ჰქონდა; მათგან ორს - დაზუსტებით ომიკრონ შტამი.

ამასთან, გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთავრობას დავალება მისცა, ომიკრონ შტამთან საბრძოლველად სამოქმედო გეგმა მომზადდეს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის მედიკამენტები, ჟანგბადის ბალონები და საწოლფონდი შენარჩუნდეს.

თავად „როსპოტრებნადზორში“ აცხადებენ, რომ ყველა საჭირო ზომა ხორციელდება იმისთვის, რომ რუსეთის მოსახლეობაში კორონავირუსის ახალი შტამი არ გავრცელდეს.

შეგახსენებთ, კორონავირუსის ახალი, „ომიკრონ“ ვარიანტით დაინფიცირების პირველი შემთხვევა ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი ვარიანტის“ კლასიფიკაცია მიანიჭა.