მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რუსთავი 2“ 28 მლნ-იან საგადასახადო დავალიანებას 5 წელიწადში გადაიხდის - შეთანხმება მიღწეულია

6051e74f3f712
ინგა მურუსიძე
17.03.21 16:50
1663
"მინდა, ტელევიზიები ორ კვირაში მოვიდნენ და წარმოადგინონ საგადასახადო ტვირთის გადანაწილების და შემსუბუქების პროექტი", - ამ სიტყვებით მიმართა 2019 წლის 14 აგვისტოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელევიზიების მფლობელებს, რომლებსაც წლების განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ათეულობით მილიონის საგადასახადო დავალიანება დაუგროვდათ. კერძოდ, საუბარია სამ ტელევიზიაზე და, შესაბამისად, მათ ვალზე: "რუსთავი 2" - 28 მლნ ლარი, "იმედი"-19 მლნ ლარი და "მაესტრო"- 8 მლნ.

მოგვიანებით პარლამენტში გამოსვლისას ფინანსთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, 2019 წლის ბოლომდე ტელევიზიებთან შეთანხმებას მიაღწევდნენ. "მე მგონია, რომ წლის ბოლომდე მივაღწევთ შეთანხმებას, უნდა მიგვეღწია მანამდეც, უნდა მიგვეღწია ნოემბრის დასაწყისში, ვერ ვაღწევთ ამ შეთანხმებას, იმიტომ რომ უჭირთ, ვერ იღებენ ამ ვალდებულებას. ეს არის გულწრფელი და ღია პასუხი. მეტს მე ვერაფერს გეტყვით", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა 2019 წლის 28 ნოემბერს.

bm.ge დაინტერესდა - როგორ დასრულდა ტელევიზიებთან მოლაპარაკების პროცესი და, სავარაუდოდ, როდის გახდება ცნობილი, რა პირობით და რა ვადაში გადაიხდიან ტელევიზიები წლების განმავლობაში დაგროვილ დავალიანებას.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორის, პაატა სალიას განცხადებით, ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმება უკვე მიღწეულია და დავალიანების გადახდას ტელეკომპანია მიმდინარე წლიდან დაიწყებს.

გარდა ამისა, ტელევიზიის დირექტორი განმარტავს, რომ ამ დროისთვის ტელეკომპანია მიმდინარე გადასახადებს ჩვეულებრივ იხდის, თუმცა გადასახადის ორი დღით დაგვიანების შემთხვევაშიც კი ტელევიზიამ ანგარიშებზე ინკასო არაერთხელ მიიღო.

„ფინანსთა სამინისტროსთან გარკვეულ გრაფიკზე შევთანხმდით. ვალი გადანაწილდა 5 წელიწადზე და გადახდა მიმდინარე წლის ბოლოდან უნდა დავიწყოთ. სამწუხაროდ, ჩვენ არ გაგვიმართლა სხვა პერიოდებისგან განსხვავებით, როცა სახელმწიფო პატიობდა დავალიანებებს ტელეკომპანიებს. ის, რომ რუსთავი 2“-ს ამხელა დავალიანება დაუგროვდა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაც არის. შემოსავლების სამსახური არ ახორციელებდა თავის საქმიანობას და არ ახდენდა გადასახადების ადმინისტრირებას იმის შიშით, რომ „რუსთავი 2“-ის წინა მენეჯმენტს ამაზე არ ეთქვა, რომ ტელევიზიას ხურავენ“, - განაცხადა პაატა სალიამ.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ "რუსთავი 2" და გამოცემა "პრაიმ ტაიმი" ახალ მედიაჰოლდინგს ქმნიან. უფრო ვრცლად წაიკითხეთ სტატიაში.