09.აპრილი .2020 09:00

რუსთავის ფოლადი: "ფინანსურად მყარად ვართ. წარმოება გაგრძელდება"

views 476
უკან

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში წარმოება სრული დატვირთვით მიმდინარეობს. ამის შესახებ BM.GE-სთან ქარხნის გენერალური დირექტორის მოადგილე არჩილ მელიქიძემ ისაუბრა.

მისი განცხადებით, პანდემიას ფოლადზე მოთხოვნა ამ ეტაპისთვის არ შეუმცირებია. “მოთხოვნა ისევ არის, არც თანამშრომლების რაოდენობა შეგვიმცირებია. ჩვენი მთავარი პრობლემა ამ ეტაპზე ისაა, რომ მსოფლიო ფასები ფოლადზე კატასტროფულად შემცირებულია. იგივე რაოდენობის გაყიდვით ბევრად ნაკლებ შემოსავალს ვიღებთ",- აცხადებს მელიქიძე.

საწარმოს გენერალური დირექტორის მოადგილე ამ ცვლილების მიზეზად ნავთობის ფასის შემცირებას ასახელებს.

"როგორც წესი, ფოლადის ფასი ნავთობის ფასთან ერთად იცვლება ხოლმე, რადგან ფოლადის ძირითადი მომხმარებლები ნავთობკომპანიებია. ახლაც, მოგეხსენებათ, ნავთობის ფასი შემცირებულია, შესაბამისად ძალიან შემცირდა ფოლადის ღირებულებაც",- აღნიშნავს მელიქიძე.

მისივე თქმით, შემოსავლების ამგვარი შემცირება საწარმოს დახურვის მიზეზი არ გახდება.

“ფინანსურად მყარად ვართ და ვაპირებთ კიდევ გავაგრძელოთ წარმოება”,- აცხადებს საწარმოს გენერალური დირექტორის მოადგილე.

მისი თქმით ამ ეტაპზე რუსთავის ფოლადი ექსპორტზე ამერიკაში, იტალიაში, გერმანიაში, ბულგარეთში, სამხრეთ კორეაში, ინდოეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და თურქეთში გადის.

"ყოველწლიურად ამ ქვეყნებში რამდენიმე ათეული მლნ დოლარის ღირებულების პროდუქცია გაგვაქვს",- აცხადებს არჩილ მელიქიძე.

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა 2011 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და 1300-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა