მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსულ ხორბალზე საქართველოს დამოკიდებულებას სახდეპის სპეც. წარმომადგენელი ტვირთს უწოდებს

6309cbbcd898a
BM.GE
27.08.22 11:41
2700
“ამერიკის ხმასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადენელი სურსათის გლობალური უსაფრთხოების მიმართულებით, დოქტორი კერი ფაულერი აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის რუსულ ხორბალსა და ფქვილზე დამოკიდებულება ტვირთს წარმოადგენს.

კერი ფაულერი აცხადებს, რომ საქართველო ყოველწლიურად 100,000 ტონამდე მარცვლეულს აწარმოებს, თუმცა ამაზე ხუთჯერ მეტი ხორბლის იმპორტს რუსეთიდან ახდენს. მისი თქმით, ამ საკითხის შესახებ მას საქართველოს დელეგაციასთანაც ჰქონდა საუბარი, რომლის შემადგენლობაშიც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრიც შედიოდა. ფაულერის თქმით, აშშ საქართველოში მარცვლეული კულტურების წარმოების გაზრდას მხარს უჭერს. 

- ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში საქართველოს მთავრობის დელეგაცია ჩამოვიდა, რომელსაც სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, თქვენც შეხვდით. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, საუბრის ერთ-ერთი თემა მარცვლეულის წარმოების თვალსაზრისით საქართველოს თვითკმარობისა და მდგრადობის ხელშეწყობის გზები იყო. გთხოვთ, გვითხრათ მეტი ამაზე, რაზეა ზოგადად საუბარი?

- დიახ, ახლახან მქონდა ძალიან სასიამოვნო შეხვედრა საქართველოს საკმაოდ შთამბეჭდავ დელეგაციასთან, რომლის წევრებს შორის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრიც იყო. საქართველოსთვის ერთ-ერთი საკითხი ხორბლის იმპორტზე დამოკიდებულებაა. საქართველო თავად აწარმოებს წელიწადში დაახლოებით ასი ათას ტონა ხორბალს, მაგრამ ხუთჯერ მეტის იმპორტს ახორციელებს და ეს რაოდენობა თითქმის მთლიანად რუსეთიდან შემოდის.

ცხადია, ამ სიტუაციაში საქართველოს, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანას, რომელიც რუსულ ხორბალზეა დამოკიდებული, სურს, ამას თავი დააღწიოს და იყოს ნაკლებად დამოკიდებული. საქართველოს შემთხვევაში საჭირო იქნება ხორბლის შიდა წარმოების გარკვეულწილად გაზრდა. ბოლო წლებში, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი საქართველოსთვის ხორბლის მთავარი წყაროა… უბრალოდ მინდა აღვნიშნო, რომ ამ მომენტში არსებობს შეზღუდვები რუსეთიდან ხორბლის ექსპორტზე სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. ამან რამდენიმე ქვეყანა აიძულა ხორბლის ნაცვლად ფქვილის იმპორტი აწარმოონ, რასაც უფრო მაღალი ფასი აქვს და განსაკუთრებით ახლა, როცა ფასები ჩვეულებრივზე მაღალია. ასე რომ, საქართველო, ისევე როგორც მრავალი სხვა ქვეყანა, დგას იმ ფაქტის წინაშე, რომ ორმაგი ტვირთი აქვს სატარებელი: ერთია ის, რომ დამოკიდებულია რუსეთზე, რაც არ არის საიმედო, და მეორე ის, რომ ხორბალი უნდა ჩაანაცვლოს კიდევ უფრო ძვირი იმპორტირებული ფქვილით.

- ეს ფქვილი რუსეთიდან შედის თუ სხვა ბაზრებიდან?

- ფქვილის შემოტანა ხდება სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის, სხვათა შორის, უკრაინიდანაც, მაგრამ ძირითადად, თურქეთიდან, ყაზახეთიდან და ასევე რუსეთიდან, საიდანაც ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვებია, ფქვილზე კი - არა.

- როგორ არის შეერთებული შტატები და სახელმწიფო დეპარტამენტი ჩართული საქართველოში ადგილობრივი წარმოების გაძლიერებაში? კონკრეტულად რაზე ვსაუბრობთ - ეს არის ერთჯერადი პროექტი, მრავალწლიანი ინიციატივა, თუ ჯერ მხოლოდ მოლაპარაკების ეტაპზე ხართ?

- ეს არის კონკრეტული მრავალწლიანი პროგრამები, რომლებსაც შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი საქართველოში ხორბლის წარმოების გაზრდის მიზნით ახორციელებს. პროგრამები ასევე ცდილობს, ეგრეთწოდებული, ღირებულების ჯაჭვის შექმნას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს გადამუშავების ისეთი პროცესების ხელშეწყობას, რომლებიც უკვე არსებულ პროდუქციას ღირებულებას გაუზრდის, რაც ფაქტობრივად, დაეხმარება საქართველოს მომავალში იმპორტი საკუთარი პროდუქციით ჩაანაცვლოს.

ასევე არსებობს პროგრამა, რომელშიც შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოა ჩართული. ესეც მრავალწლიანი პროგრამაა, რომელიც კონკრეტულად მავნე მწერების პრობლემის გადაჭრაზე მუშაობს მთლიანად სასოფლო-სამეურნეო სისტემაში, როგორც მინდორში, ასევე მოსავლის აღების შემდეგ. ჩვენ ასევე განვიხილავთ კიდევ სხვა რამდენიმე ინიციატივას, რომელთა ხელშეწყობა შესაძლებელია თავად საქართველოსა და ზოგიერთი საერთაშორისო ინსტიტუტის დახმარებით, რათა ხორბლის წარმოება საქართველოში კიდევ უფრო გაიზარდოს,"- განაცხადა ფაულერმა "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში.