მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული SBERBANK-ი ეთერიუმის ბლოკჩეინის ინტეგრირებას გეგმავს

639c24ddf2342
გიორგი თოლორდავა
16.12.22 15:21
632
რუსეთის ფედერაციის უმსხვილესი საფინანსო ორგანიზაცია - Sberbank-ი საკუთარ ციფრულ სისტემაში ეთერიუმის ბლოკჩეინის ინტეგრირებას და კრიპტო საფულის, Metamask-ის ჩაშენებას გეგმავს.

ბანკის წარმომადგენლობის განმარტებით, WEB3 ინდუსტრიის განვითარებისა და კრიპტო თუ NFT პროექტების მიმართ საზოგადოების ინტერესის ზრდის ფონზე, Sberbank-ი ვერ დაუშვებს, რომ ჩამორჩეს ტექნოლოგიურ პროგრესს და შესაბამისი სერვისები არ შექმნას.

როგორც ირკვევა, რუსეთის უმსხვილეს ბანკს ბლოკჩეინზე დაფუძნებული სერვისების ინტეგრირება უნდა, რისი წყალობითაც Sberbank-ის კლიენტები კრიპტო და NFT სერვისების მიღებასაც შეძლებენ, მათ შორის, ციფრული აქტივების საკუთარ საბანკო ანგარიშზე შენახვის შესაძლებლობას.

გარდა ეთერიუმთან თანამშრომლობისა, Sberbank-ი საკუთარი ბლოკჩეინის შექმნაზეც მუშაობს, რომლის მიზანიც საერთაშორისო ტრანზაქციების გამარტივება იქნება. ექსპერტების შეფასებით, ზემოხსენებული პროექტი პირდაპირაა მიმართული საერთაშორისო საგადახდო სისტემის, SWIFT-ის გვერდის ავლაზე და Sberbank-ის სანქციებისგან დაცვაზე.

აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ კრიპტოინდუსტრიის მიმართ რუსეთის მთავრობისა და ცენტრალური ბანკის მიდგომა კარდინალურად შეიცვალა, ახლა უკვე ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა კრიპტოაქტივების ლეგალიზაციაზე და ბლოკჩეინის საერთაშორისო ტრანზაქციებში გამოყენებაზე.