მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული ტურისტული კომპანიები საქართველოდან გამყვან ტურებს გეგმავენ

639b37f27aa0c
ანუკა ჯოხაძე
15.12.22 23:00
1924
ქართული ტურისტული კომპანიები ადგილობრივ ბაზარზე ტურიზმის ინდუსტრიაში რუსული კომპანიების ზრდაზე მიუთითებენ. როგორც "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე ამბობს, რუსები დაინტერესებულ პირებს საქართველოდან ეგვიპტეში, თურქეთსა და დუბაიში გამყვან ტურებს სთავაზობენ.

“ჯერ დაიწყეს ტურების შეთავაზება რუსულ ენაზე, ეს ტურები საკმაოდ ხშირად რეკლამდება "ფეისბუქსა" და "ინსტაგრამზე". შემდეგ დაიწყეს ინგლისურად ტურების შეთავაზება, ახლა კი უკვე გამყვანი ტურების შეთავაზებაც კი დაიწყეს. რამდენიმე დღის წინ ვნახე შეთავაზება, რუსული კომპანია საქართველოდან ტურებს მომხმარებელს ეგვიპტეში სთავაზობდა. კონკურენციას მივესალმები, კარგია, აჯანსაღებს და ზრდის ბაზარს, მაგრამ არცერთ შემთხვევაში ეს არ უნდა იყოს იმ ქვეყნის მოქალაქეებთან, რომლებიც არიან ოკუპანტები,”-აცხადებს "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე.

კერძო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს პრობლემა აქამდეც არსებობდა, თუმცა საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ასეთი კომპანიების რაოდენობამ სულ უფრო იმატა. კომპანია BB TRAVEL-ის დირექტორი ალექსანდრე გიორგიძე ამბობს, რომ საქართველოსთვის გამოსავალი შესაძლოა თურქეთის გამოცდილების გადმოტანა იყოს.

“რამდენიმე ქვეყანამ დაიწყო გაყვანა ტურისტების საქართველოდან ისე ქვეყნებში როგორებიცაა ანტალია, ეგვიპტე და ემირატების მიმართულებით. თურქეთს აქვს კანონი, ტურიზმის ინდუსტრიაში შეუძლია იმუშაოს მხოლოდ ქვეყნის მოქალაქემ ან მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე პირმა. გამოსავალი ეს არის, თუმცა ჯერ ამ მიმართულებით არაფერი არ ისმის, ანუ იქნება ასე, შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო კარგები და ყოჩაღები, რომ ბაზარი ამ კომპანიებმა არ წაიღოს,”-ამბობს BB TRAVEL-ის დირექტორი ალექსანდრე გიორგიძე.

ცნობისთვის, ტურიზმი ერთადერთი სფერო არ არის, რადგან ყველა სექტორსა და ინდუსტრიაში თანდათან რუსული კომპანიები ჩნდება. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის მიხედვით, საქართველოში სულ 17,000-მდე რუსული კომპანიაა რეგისტრირებული და მათი ნახევარზე მეტი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა. მარტ-სექტემბერში 9,500-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის სრულ მაჩვენებელზე 10-ჯერ მეტია.