ტურისტული კომპანია AG TRAVEL & ADVENTURE-სთვის 2023 წელი სპონტანური იყო. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ალექსანდრე გიორგიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა, ტურები ჰქონდათ, თუმცა, ძირითადად, დაუგეგმავი.
მისი განმარტებით, ტურისტულ ბიზნესს დაგეგმვა და გათვლა უყვარს, რომ მომსახურება უფრო ხარისხიანი იყოს, მაგრამ მისი თქმით, ჯერ პანდემიამ და შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომმა როგორც ტურისტების, ისე კომპანიების გეგმები არია.
„2023 წელი არაპროგნოზირებადი იყო, რადგან გრძელვადიანი ჯავშნები შემცირდა. შემცირდა ტურისტების მიერ წინასწარ გადახდების რაოდენობა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა მან შეცვალოს, გადადოს ან გააუქმოს მოგზაურობა. წლით უკმაყოფილო არ ვართ, მაგრამ ეს სპონტანურ მუშაობას ჰგავდა. ასევე პოსტპანდემიურ პერიოდში არავინ მოელოდა, რომ აღდგენა სწრაფად მოხდებოდა, მაგრამ დიდი ჯგუფების რაოდენობა შემცირდა - ადამიანები უცნობ ადამიანებში გაერთიანებას ერიდენობდნენ. ასევე რუსეთ-უკრაინის ომმა ძალიან დაგვაზარალა. ერთის მხრივ იმის გამო, რომ რუსეთ საქართველოს მეზობელია, მაინც თავს იკავებდნენ შემოსვლაზე და მეორე მხრივ დიდი რაოდენობით რუსების შემოსვლამ ფასები გაზარდა. თუ ადრე საქართველო მიმზიდველი იყო, როგორც ეგზოტიკური ქვეყანა და ამას თან ერთოდა მიმზიდველი ფასები, წელს ასე აღარ არის. ტურისტული პაკეტები საშუალოდ 30-40%-ით არის გაძვირებული. ამ ბიზნესს არ უხდება სპონტანურობა, მას უყვარს დაგეგმვა და დათვლა შესაბამისად რაც უფრო ადრეა დაგეგმილი ტური და ყველა ხარჯი, მით უფრო ხარისხიანი მომსახურებაა შესაძლებელი“, - განაცხადა მან.
ალექსანდრე გიორგიძის თქმით, AG TRAVEL & ADVENTURE-ის ძირითადი ბაზრები ევროპა, ამერიკის კონტინენტი და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებია, როგორიც იყო ბალტიისპირეთი და ყაზახეთი. მისივე თქმით, 2019 წლამდე ტურების 20-25% ბალტიისპირეთიდან ჰქონდათ, მაგრამ 2023 წელს იქიდან მხოლოდ ერთი ჯგუფი ჰყავდათ.
„ეს იმას ნიშნავს, რომ ბალტიისპირეთიდან ტურები ფაქტობრივად განულდა. ბალტიისპირეთის მაგალითზე, მიზეზი პირდაპირ რუსეთის ფაქტორია, რადგან მათი დამოკიდებულება პოლიტიკურად არასახარბიელოა და პირდაპირ მომწერა ჩემმა პარტნიორმა, სადაც ბევრი რუსია ჩვენ იქ არ ჩამოვალთო. ევროპის ქვეყნებიდან ზოგადად შეკვეთები გვქონდა,მაგრამ შემცირებული. ასევე გვყავდა პატარ ჯგუფები ბრაზილიიდან და ასევე ავსტრალია ახალი ზელანდიიდან. ნაკლებად ვმუშაობ აზიის ბაზარზე, თუმცა რამდენიმე ჯგუფი იქიდანაც იყო. ყაზახეთიდან ნორმალურად გვქონდა ვიზიტები. ეს ყველაფერი ჩვენ სტაბილურად ყოფნის საშუალებას არ გვაძლევდა. ვერ ვხარჯავდით თანხას, რადგან არ ვიცოდით შემდეგ თვეს ჯგუფები გვეყოლებოდა თუ არა, ამიტომ იმედია ეს წელს გამოსწორდება“, - განაცხადა მან.
ცნობისთვის: ტურისტების რაოდენობა პანდემიამდელ ნიშნულს 2023 წელსაც ვერ დაუბრუნდა. 2023 წელს, პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 80.6%-ით აღდგა, ტურისტული ვიზიტები კი - 92.6%-ით.