მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სომხეთშიც მაღალი ზრდაა იმ მიზეზების გამო, რატომაც - საქართველოში, იქაც რუსული კაპიტალი შევიდა“

ინტერვიუ

კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანის სოსო ბერიკაშვილის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკის ზრდის მთავარი ფაქტორი რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ქვეყანაში რუსული კაპიტალის შემოსვლაა და მთავრობის ეფექტიან ეკონომიკურ პოლიტიკას არ უკავშირდება.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ „მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტში, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის მოხსენების შეფასებისას განაცხადა.

„მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა  მაქსიმალურად მოქნილი, ადეკვატური მექანიზმებით შეძლო ბოლო წლებში არსებული საერთაშორისო თუ რეგიონულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ გამოწვევებზე რეაგირება და არსებული საშინაო თუ საგარეო შოკების განეიტრალება საქართველოს ეკონომიკისა და მოსახლეობისთვის. ამაზე სტატისტიკური მაჩვენებლებიც მეტყველებს, მათ შორის - არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდა და უმუშევრობის ისტორიული მინიმუმი“, - თქვა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში.

ეკონომისტის შეფასებით, ბოლო ორი წელი რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონდა საქართველოს, ფაქტია, მაგრამ მიზეზებიც ყველასთვის ცხადია.

„რა საჭიროა, ბრტყლად საუბარი, რომ თითქოს მთავრობის ადეკვატური და მოქნილი მექანიზმების  შედეგია ის მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც გვქონდა;  კონკრეტულად რომელი მექანიზმების? რა ჰქონდათ სწორი? იგივე და უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა სომხეთს, რომელიც ომშია... რატომ ჰქონდა სომხეთსაც მაღალი ზრდა? - ზუსტად იგივე მიზეზების გამო, რაც - ჩვენ,  იქაც რუსები არიან, იქაც შევიდა რუსული კაპიტალი, იქაც რუსეთის მიმართულებით გაზრდილი ექსპორტია და ეს იყო ზრდის მიზეზები“, - თქვა სოსო ბერიკაშვილმა.

„წერტილთან“ ინტერვიუში ეკონომისტმა რამდენჯერმე დასვა კითხვა, რომლის ადრესატი საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდია - „ბოლო ორი წლის განმავლობაში რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა გამოეწვიათ? - რუს ხალხს გაუღეს კარი“.

„ორი წელი იყო მაღალი ეკონომიკური ზრდა და ორივეს ძალიან კონკრეტული მიზეზი ჰქონდა: 2021 წელი იყო პოსტპანდემიური წელი და ეკონომიკის გახსნის შემდეგ ე.წ. ზამბარის ეფექტით ეკონომიკა იმ წელს 10.5%-ით გაიზარდა; 2022 წელს კი, 10.1%-იან ზრდაში მთავარი ფაქტორი იყო რუსეთ-უკრაინის ომის ფაქტორი - მიგრანტების გაზრდილი ნაკადი და რუსული კაპიტალის შემოსვლა ქვეყანაში.

ამდენად, როდესაც მთავრობა საკუთარ გამჭრიახობასა და ეკონომიკურ პოლიტიკაზე საუბრობს, ეს რაში გამოიხატება?! შარშან გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, წელს არ გვაქვს; შარშან გვქონდა მაღალი ინფლაცია, რაშიც რუსების დიდი დამსახურება იყო, წელს არ გვაქვს, მაგრამ არც ეკონომიკური ზრდა გვაქვს მაღალი. ამდენად, გარემოს ხომ უნდა შეხედონ?! ზოგადად, საქართველოს ეკონომიკური ზრდა არასდროს არ იყო ამოვარდნილი რეგიონის ზრდისგან“, - აღნიშნა სოსო ბერიკაშვილმა.

ფინანსთა სამინისტროს განახლებული პროგნოზით,  მთლიანი შიდა პროდუქტი წელს 6,5%-ით გაიზრდება. 2024 წელს მთავრობა ეკონომიკის 5.2%-იან ზრდას პროგნოზირებს. 2025-2027 წლებში კი, საბაზისო სცენარით, ეკონომიკა წლიურად 5%-ით გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები