მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რუსული ხორბლის ფასი შეიძლება არათუ შემცირდეს, არამედ გაიზარდოს“ - ფოთის მარცვლეულის ტერმინალის გენდირექტორი

60c8afed1c6e9
ელენე გოგბერაშვილი
15.06.21 22:18
1371
ბოლო 4 თვის განმავლობაში ხორბლის ერთ-ერთ მთავარ ექსპორტიორ ქვეყანაში, რუსეთში ხორბლის ფასი სტაბილურ ნიშნულზეა. დღეის მდგომარეობით საქართველოში შემოტანილი 1 ტონა ნედლეულის ფასი 265 დოლარს შეადგენს.

ხორბლის იმპორტიორებს უჭირთ იმის პროგნოზი, რა ფასი ეღირება რუსული ხორბალი 2 კვირის შემდეგ, როცა ქვეყანა ახალი მოსავლის აღებას დაიწყებს. ფოთის მარცვლეულის ტერმინალის ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, ტრადიციულად ახალი მოსავლის აღების პერიოდისთვის დამახასიათებელი ფასების კლება არ მოხდეს და პირიქით ხორბალზე ფასი გაიზარდოს. ქეთი კუბლაშვილის თქმით, ერთი რამ ცხადია, რომ რუსეთის მიერ ხორბლის იმპორტზე დაწესებული ახალი საბაჟო ტარიფების გათვალისწინებით, ხორბლის ღირებულება ისეთი აღარ იქნება, როგორც გასული წლის ანალოგიურ სეზონზე იყო.

„ძალიან გაურკვევლობაა საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე, რადგან კვლავ ურევს ერთ-ერთი მთავარი ბაზრის მიმწოდებელი. რუსეთმა საბაჟო გადასახადი დაადო თავის ხორბალს, რომელიც საკმაოდ უცნაურად დგება, რადგან რაღაც კონკრეტული კოეფიციენტი არ არსებობს. ის დგება ბაზარზე კვირის განმავლობაში შემდგარი კონტრაქტების რაოდენობის საფუძველზე. ეს საკმაოდ უცნაურია, ამიტომ დღეს რომ ჰკითხოთ ხორბლის იმპორტიორებს, როგორი იქნება რუსული ხორბლის ფასი, არავინ იცის. აუცილებლად იქნება ცნობილი, როგორც კი ახალი მოსავალი მოვა და ეს მოხდება დაახლოებით 2 კვირაში. შემდგომ ამას დაემატება ის საბაჟო გადასახადი, რომელიც კიდევ უფრო ცნობილს გახდის ფასს. ახლა სრულ გაურკვევლობაში ვართ, ვერ ვაკეთებთ ბანკებთანაც პროექტებს, რადგან არ ვიცით რა მოხდება, ასეთი რამ არ მომხდარა არცერთ წელიწადს.

ბოლო 4 თვის განმავლობაში ფასი არ შეცვლილა ხორბალზე და ეს არის 265 დოლარი შემოტანილი ფოთში. ცხადია, ფასი როგორც გასული წლის ანალოგიურ სეზონზე იყო, ვერ იქნება. შედარებისთვის რომ გითხრათ, ბოლო ათწლეულის განმავლობაში რუსეთში ახალი მოსავლის დაწყებისთანავე ხორბალზე ფასი დაახლოებით 195-200, მაქსიმუმ 215 დოლარი იყო ტონაზე, თუმცა დღეს არის 265 დოლარი და არავინ იცის, რა იქნება ორ კვირაში. შესაძლებელია ეს იყოს 275 დოლარი, რაზეც ხშირად აკეთებენ მინიშნებას. ანუ შეიძლება გაიზარდოს, არათუ შემცირდეს“, -აცხადებს ქეთევან კუბლაშვილი.