მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჯერჯერობით არც ერთი კგ ხორბალი არ გაგვიყიდია... წისქვილებმა თითქმის ყველა ნიმუში დაიწუნეს“

647719c7ab29e
ვიქტორია მღებრიშვილი
31.05.23 18:30
7117
მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის ნიკოლოზ ბენიაიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ ფერმერებს გასული წლის ხორბლის მოსავლის გაყიდვა ჯერ არ დაუწყიათ, რადგან წისქვილებმა თითქმის ყველა ნიმუში დაიწუნეს. ამის შესახებ გაერთიანების ხელმძღვანელმა „საქმიან დილაში“ ისაუბრა.

„წისქვილებმა თითქმის ყველა ნიმუში დაგვიწუნეს და ეს ჩვენთვის ცოტა შოკი იყო. დღის ბოლომდე რამდენიმე ათეულ სინჯს გავაკეთებთ და ვნახავთ რას შემოგვთავაზებენ და რა იქნება მათთვის მისაღები, რადგან იცით, რომ წისქვილებმა ქართული ხორბლის 20% უნდა შეიძინონ, დანარჩენი კი რუსული ხორბალი უნდა იყოს, რომელიც უფრო მაღალმონაცემებიანია. ჯერჯერობით არც ერთი კგ არ გაგვიყიდია და არც შემოთავაზება გვაქვს.

ეს ხორბალი ხარისხობრივად ამ დროის განმავლობაში ერთადერთი რაც შეიძლება ყოფილიყო, ისაა რომ მავნებელი მოდებოდა, რომელიც სათანადოდ პრეპარატით ნადგურდება.

გასულ წელს კომბაინიდან ყიდულობდნენ წისქვილები და არ ამოწმებდნენ. ჩვენ ერთი წლის განმავლობაში როგორც შეგვეძლო ისე შევინახეთ. აქ საუბარია არჩევანზე. ეს მიდგომა წისქვილების მხრიდან უნდა შეიცვალოს და დღის განმავლობაში გაირკვევა რა იქნება წისქვილების ვალდებულება და რას შეიძენენ ჩვენგან“, - განაცხადა ბენიაიძემ.

მან დარგის მხარდაჭერის მიზნით მთავრობის გადაწყვეტილება მოიწონა, თუმცა მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საიმპორტო გადასახადის დაწესება დაღერღილ მარცვლეულზეც უნდა მოხდეს.

„ეს გადაწყვეტილება ჩვენ - მარცვლეულის მომყვან ფერმერებს საშუალებას მოგვცემს დარჩენილი ხორბალი 70 თეთრად ჩავაბაროთ. ამ ფასად გაყიდვა შეეხება როგორც გასული წლის მოსავალს, ასევე ახალ მოსავალს, თუმცა ეს ვერ აგვარებს ფერმერების პრობლემებს, რადგან სასურსათო ხორბალი სრულად არ გვაქვს. მეორე კეთილი ნაბიჯი იქნება 5 თვის თუ არა ნაკლები დროის განმავლობაში იმპორტირებულ დაღერღილ მარცვლეულზე გადასახადის დაწესება და ბაზარზე დაკვირვება როგორ მოხდება ძველი საფურაჟე ხორბლის, ქერის და სიმინდის რეალიზება და ამის შემდეგ მოხდეს ამ გადასახადის მოხსნა“, - განაცხადა ბენიაიძემ და დასძინა, რომ საფურაჟე და სასურსათო ხორბლის მოცულობების დათვლა ახლა მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები