მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სააფთიაქო ქსელში შეიძინეთ პირბადე და იქნებით დაცულები” - ხუნდაძე

5fdeddf82223e
ანა ჯოხაძე
21.12.20 09:40
1593

“სააფთიაქო ქსელში შეგიძლიათ შეიძინოთ პირბადე და იქნებით დაცულები”-ამის შესახებ BM.GE-ის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა. ამის საპირისპირო კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა გასულ კვირას, რომ მოქალაქეებს უსაფრთხოდ შეუძლიათ იმ პირბადეების გამოყენება, რომელიც დღეს ბაზარზე გაყიდვაშია, რადგან მისი თქმით, ყველა ადგილობრივად წარმოებული და იმპორტირებული პირბადე მოწმდება.

„ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ სრულიად უსაფრთხოდ გამოიყენონ ის პირბადეები, რომელიც დღეს ბაზარზეა. მეც ქართულ პირბადეს ვიყენებ და დაცული ვარ. აქედან გამომდინარე მთავარია მოხმარების ხარისხი - როგორ ვიყენებთ პირბადეს. კონკრეტულად ქართული წარმოების პირბადეებს აქვს ყველა ის სტანდარტი, რომელიც მოქალაქის უსაფრთხოებისთვისაა საჭირო“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

ამის საპირისპიროს ამბობს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე. მისი თქმით, იმ შეთხვევაში იქნებიან მოქალაქეები დაცულები, თუ სამედიცინო პირბადეს აფთიაქში შეიძენენ. კითხვაზე, თუ მომხმარებლები პირბადეს აფთიაქში არ შეიძენენ იქნებიან თუ არა დაზღვეულები, რომ ხარისხიან პირბადეს ყიდულობენ, ხუნდაძე პასუხობს, რომ სამედიცინო ნაწარმი უნდა შეიძინონ მოქალაქეებმა აფთიაქში.

“სააფთიაქო ქსელში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ პირბადე და იქნებით დაცულები, რადგან სამედიცინო პროდუქტი ჯობია, რომ შევიძინოთ იქ, სადაც ის უნდა იყიდებოდეს”-ამბობს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.

ცნობისთვის, პირბადეების შემოწმება სავალდებულო მხოლოდ იმ შემთხვევაშია,თუ მისი რეალიზაცია სააფთიაქო ქსელებში ხდება. სხვა დანარჩენ შემთხვევაში გაზაფხულზე ლუგარის გაცემული დასკვნა კომპანიის პრესტიჟის საკითხი იყო. იმ საქმით, რასაც გაზაფხულზე ლუგარის ლაბორატორია აკეთებდა, კერძოდ, პირბადეების ხარისხის მაჩვენებლების შემოწმებას, დღეს ამით ეკონომიკის სამინისტროს სტანდარტიზაციის დეპარტამენტია დაკავებული, თუმცა როგორც მწარმოებლები ამბობენ, დეპარტამენტს შესაბამისი რესურსი არ აქვს, რომ ბაზარზე არსებული პირბადეები შეამოწმოს.

BM.GE დაუკავშირდა ეკონომიკის სამინისტროს, სადაც ადასტურებენ, რომ როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე იმპორტირებული პირბადეების მწარმოებლები ვალდებული არ არიან დააკმაყოფილონ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები და ეს უკანასკნელი მხოლოდ კომპანიის პრეროგატივაა.


“ბაზარზე რეალიზებული, მათ შორის ადგილობრივად წარმოებული და ასევე იმპორტირებული სამშრიანი პირბადეებისთვის მოთხოვნებს აყალიბებს EN14683 2019 სტანდარტი.ხოლო სპეციალიზირებული პროფესიული დანიშნულების ფარგლებში გამოსაყენებელი პირბადეების (როგორიცაა სამშენებლო სფერო, დაბინძურებული გარემო და ა.შ.) მოთხოვნებს აყალიბებს EN149 სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტები საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად და ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად თარგმნილ იქნა და დადგენილი წესის შესაბამისად დარეგისტრირდა სტანდარტებისა და მეტროლოგიის სააგენტოში. დარეგისტრირებული სტანდარტების არჩევისა და დაკმაყოფილების გადაწყვეტილება წარმოადგენს მწარმოებლის პრეროგატივას და ნებაყოფლობითია საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად”-ამბობენ ეკონომიკის სამინისტროში.


საქართველოში უხარისხო პირბადეებზე საუბრობენ როგორც ჯანდაცვის სპეციალისტები, ისე ამ ბიზნესში ჩართული კომპანიები