მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბანკო ასოციაცია – ყველა პრობლემა აისახა არამხოლოდ ტურიზმზე, არამედ ირიბად ბანკებზეც

5eff7e3a3fc39
თამთა ჯიჯავაძე
03.07.20 22:47
1032
უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში კომერციული ბანკები ინდივიდუალურად მუშაობენ სასტუმროებთან შემდგომი რესტრუქტურიზაციის განხილვაზე, – ამის შესახებ bm.ge-სთან საუბრისას საბანკო ასოციაციის თავმჯდომარემ ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა. მისივე თქმით, დღესდღეობით გადავადებებზე ის ვერ ისაუბრებს, ეს არის ბიზნეს სესხები და კონკრეტულად პროექტების ჭრილში უნდა იყოს განხილული, რა საჭიროება აქვს ბიზნესს.

გარდა ამისა, საბანკო ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, უკვე ნათელია, რომ რომც გაიხსნას საზღვრები, წელს იქნება რთული პერიოდი.

„არ უნდა ველოდოთ დიდი რაოდენობით ვიზიტორების მოზღვავებას საქართველოში. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულმა ბიზნესებმა, სასტუმროებმა და ტურისტული სეგმენტის წარმომადგენლებმა, კონკრეტული გეგმა თქვან, რა მიმართულებით აპირებენ განვითარებას და ადაპტირებას არსებულ მდგომარეობასთან. როგორც ვიცით, ადგილობრივი ტურიზმი, რა თქმა უნდა, დღეის მდგომარეობით თბილისის გარეთ არის საუბარი, მაგრამ მაინც უკვე ამოქმედდა. შეინიშნება ზრდა ივნისის თვიდან, რომ გარკვეულწილად ამოქმედება დაიწყო.

რეალურად მიმდინარეობს მუშაობა, არსებული პრობლემა აღიარებულია კომერციულ ბანკებშიც. აღნიშნული პორტფელი ცალსახად როგორც მაღალი რისკის შემცველი პორტფელი უკვე ცალკე არის გამოყოფილი, არამხოლოდ კომერციული ბანკების მხრიდან, არამედ ეროვნული ბანკის მხრიდანაც და რეალურად, მისი შეფასება დღეს ძალიან რთულია. ყველა პრობლემა რეალურად აისახა არამხოლოდ ამ სექტორზე, არამედ ირიბად კომერციულ ბანკებზეც“, – აღნიშნა ძნელაძემ.

მან ასევე განაცხადა, რომ დღეს ვადაგადაცილების კუთხით ტურიზმის სექტორში ზრდა შეიძლება ითქვას, რომ არ არის.

„ივნისის მაჩვენებლებით კი ვიცით, რომ 13 მილიონი ლარით არის გაზრდილი მთლიანი ვადაგადაცილებები სისტემაში, რაც ამოვარდნილი არ არის აბსოლუტური სურათიდან. შემიძლია ვთქვა, რომ პირიქით საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია“, – დასძინა მან.

შეგახსენებთ, Galt&Taggart-ის უახლესი ანგარიშის მიხედვით, სასტუმროებსა და რესტორნებზე გაცემული სესხების ნაშთი 1.7 მლრდ ლარია და იმისთვის, რომ ბიზნესმა 1 წლის განმავლობაში სესხის პროცენტი გადაიხადოს, 115 მლნ ლარია საჭირო.

საინვესტიციო ბანკის უფროსი ანალიტიკოსის კახა სამყურაშვილის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, მთავრობამ დარგს საგადასახადო შეღავათები დაუწესა და ასევე, გარკვეულ კატეგორიას საბანკო სესხების პროცენტი დაუსუბსიდირა და ბანკებმაც 3-თვიანი ცალკე შეღავათები დააწესეს, კრიზისის მასშტაბურობიდან გამომდინარე, კიდევ დამატებითი მხარდაჭერის პაკეტებია საჭირო.