მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბავშვო ბანაკი კაპროვანში 1078 ლარად - Check in Travel-ის ახალი ტურისტული პროდუქტი

5f042f8abf405
ვიქტორია მღებრიშვილი
07.07.20 13:32
2948
ტურიზმის სექტორში შექმნილი მძიმე მდგომარეობის მიუხედავა ტურისტულმა კომპანიამ Check in Travel-მა ახალი პოდუქტი საბავშვო საზაფხულო ბანაკი "ჩექ ინ კერია" შექმნა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ია გედევანიშვილი BM.GE-ისთან საუბრისას ყვება, ბანაკი გურიაში, სოფელ კაპროვანში მდებარე სასტუმრო „კერიაში“ უსაფრთხოების ნორმების დაცვით მოეწყობა და მასში მონაწილეობა 7-დან 13 წლამდე ბავშვებს შეეძლებთ.

ბანაკში დასვენების ღირებულება 1078 ლარია, რაშიც თბილისიდან ტრანსპორტირება, სამჯერადი კვება, გასართობ-შემეცნებითი აქტივობებს, ლაშქრობებსა და პიკნიკებს, კულინარიის, ძერწვის, ქართული ცეკვის მასტერკლასებს და ბევრ სხვა აქტივობას მოიცავს.

Check in Travel-ის ხელმძღვანელის ინფორმაციით, პროექტის განხორციელებისთვის საწყის ეტაპზე კომპანიამ 4 600 ლარის ფინანსური რესურსი გამოყო, რაც ამ მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით მათთვის ძალიან დიდ თანხას წარმოადგენს.

„ჩვენი პარტნიორები არიან სასტუმრო „კერია“ და სატრანსპორტო კომპანია Rento Group, რომელიც მგზავრების უსაფრთხო გადაყვანას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ჩვენ მიერ შექმნილი პროდუქტი სხვა ტურისულ კომპანიებს დავუგზავნეთ და მათაც დაიწყეს ამ პაკეტების გაყიდვა. მინდა გითხრათ, რომ დაინტერესება მომხმარებლებში არის და ვფიქრობთ, რომ 15 ივლისს პირველი ნაკადი შედგება და ბავშვები შავი ზღვის მაგნიტურ ქვიშებზე არაჩვეულებრივ დროს გაატარებენ. ჩვენი შერჩეული გამოცდილი გუნდის წევრები კი, მათ უსაფრთხო დასვენებას უზრუნველყოფენ“, - განაცხადა ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელმა.

ია გედევანიშვილმა მისი კომპანიისთვის და ტურიზმის სექტორისთვის პროექტის საჭიროების შესახებ გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ ამ პროექტით, დაახლოებით, 50-მდე ადამიანი შეძლებს დასაქმებას, რაც დღეს გაჩერებული ტურიზმის ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანია.

„მიუხედავად იმისა, რომ მდგომარეობა ტურიზმის სექტორში მძიმეა, დავიწყეთ ფიქრი იმაზე, რა შეგვეთავაზებინა ჩვენი მომხმარებლისთვის ახალი მანამ, სანამ საზღვრები გაიხსნება და შევძლებთ როგორც ქვეყნის გარეთ დასვენებას, ასევე, უცხოელი ტურისტების მიღებას. ამ პროექტით, დაახლოებით, 20 გიდს, მძღოლებსა და სხვა ჩვენს თანამშრომლებს ვასაქმებთ და მათ შემოსავლის მიღების საშუალებას ვაძლევთ. ეს Check in Travel-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ასე შევძლებთ შევინარჩუნოთ დასაქმებულები, რომლებშიც ძალიან დიდი დრო და ენერგია გვაქვს ჩადებული“, - ამბობს ია გედევანიშვილი.

აღსანიშნავია, რომ ბანაკის ყოველი ნაკადი 10 დღიანია. პირველი ნაკადის მონაწილეები კი, გამგზავრებას 15 ივლისს თბილისიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან შეძლებენ.