მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბავშვო სამოსის ბრენდი "რკო" ახალი ბაზრების ასათვისებლად ემზადება

5e5a6b23461ca
ნუცა ბაზლიძე
29.02.20 22:05
1773

საბავშო სამოსის მწარმოებელი კომპანია „რკო“ საერთაშორისო ბაზარზე მეტი არეალის ასათვისებლად ემზადება. ამასთან დაკავშირებით BM.GE „რკოს“ თანადამფუძნებელ თამუნა მესარკიშვილს ესაუბრა.

„წელიწადში ერთხელ ვმონაწილეობთ გამოფენაზე, პარიზში - Playtime Paris. მარტის ბოლომდე არის პერიოდი, როდესაც კონტრაქტორებისგან მიიღება შეკვეთები და ხელშეკრულებები ფორმდება. ჩვენთვის აქ მონაწილეობა ძალიან წარმატებული იყო, უფრო მეტადაც, ვიდრე შარშან. უკვე გვაქვს დადასტურებული შეკვეთები და მარტის ბოლომდე კიდევ ველოდებით“, - აღნიშნა თამუნა მესარკიშვილმა.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა განგვიმარტა, „რკოს“ პროდუქცია უკვე არის წარმოდგენილი ინგლისში, იაპონიაში, საფრანგეთსა და იტალიაში. ამ ჩამონათვალს კი მალე გერმანია და ჩინეთი დაემატება. ასევე საფრანგეთიდან დამატებითი შეკვეთები მოიაზრება.

„შარშან დამკვეთები ძალიან კმაყოფილები იყვნენ და წელსაც შეგვიკვეთეს. არეალი გაიზარდა რაოდენობრივად“, - განმარტავს თამუნა მესარკიშვილი.

მისივე თქმით,  საზღვარგარეთ პროდუქციის კონკურენტუნარიანობა საკმაოდ დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, მით უმეტეს, რომ ადგილობრივ ბაზარზე სასურველი მასალის მოპოვებაც ერთგვარ დაბრკოლებას ქმნის.

ადგილობრივ ბაზარზე, „რკო“ ე.წ შოურუმითაა წარმოდგენილი, შეკვეთა კი სოციალური ქსელის საშუალებითაცაა შესაძლებელი და საკურიერო მომსახურებას ითვალისწინებს.

„როგორც კი იზრდება მოთხოვნა საერთაშორისო ბაზარზე, მაშინვე იზრდება ადგილობრივზეც“,-აღნიშნავს თამუნა მესარკიშვილი და ამბობს, რომ მოთხოვნიდან გამომდინარე, მათ დაიმატეს მქსოველები, რომლებიც დისტანციურად მუშაობენ. ამ ეტაპზე, „რკოში“ 30-ზე მეტი დასაქმებულია.

რაც შეეხება სიახლეებს, კომპანია სამომავლოდ მეორე მაღაზიის გახსნასაც მოიაზრებს. 

"რკოს" პროდუქციის ფასი დაახლოებით 25-150 ლარის ფარგლებში მერყეობს.