მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბითუმო ბაზარზე საწვავი გაიაფდა - რატომ არ მცირდება ფასი საცალო ქსელებში?

60c0daee3e625
ელენე გოგბერაშვილი
09.06.21 22:00
1854
საქართველოში საბითუმო ბაზარზე საწვავი გაიაფდა. მიზეზად ფასზე მოქმედი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორის, ლარი გამყარება სახელდება. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასი არათუ მცირდება, არამედ პირიქით გაძვირების ტენდენციით ( 1 ტონა=$662) გამოირჩევა. საბითუმო ბაზრის მოთამაშეები ამბობენ, რომ ლარის მკვეთრმა გამყარებამ საერთაშორისო ბაზარზე ფასის ზრდა გადაწონა.

“2 კვირის განმავლობაში დაახლოებით 10 თეთრით გაიაფდა საწვავი, მაგრამ ჯერჯერობით ეს ხდება საბითუმო ბაზარზე, რომელიც აუცილებლად შემდგომში ასევე აისახება საცალო ქსელში. თუ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასის ზრდა არ მოხდა, რაღაც პერიოდის შემდეგ ფასი აუცილებლად შემცირდება საქართველოს ბაზარზე“, - აცხადებს ზაალ იაკობიძე.

საბითუმო ბაზრისგან განსხვავებით საწვავზე ფასები ჯერ არ შემცირებულა საცალო ქსელებში. მიუხედავად იმისა, რომ ლარი გამყარდა, ფასი გაიზარდა საერთაშორისო ბაზარზე, „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ლარის გამყარებამ ბაზარი მხოლოდ ფასების ზრდისგან გადააზღვია. მიუხედავად ამისა, ვასილ ხორავა ამბობს, რომ ახლა დღის წესრიგში ფასების შემცირება დგას და არ არის გამორიცხული ფასმა საწვავზე 5-დან 10 თეთრის ფარგლებში დაიწიოს.

“ჩვენ რა სურათიც დავინახეთ არის ის, რომ ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდა ემთხვევა იმ პერიოდს, როცა ლარი მყარდება. ბუნებრივია აქედან გამომდინარე მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არის ის, რომ დღეს ჩვენ მივიღეთ სტაბილური ფასი, და არა დაკლებული ფასი. თუმცა იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომ პერსპექტივაში ეს კურსი შენარჩუნდება, არ გამოვრიცხავთ შემდგომ ეტაპზე ფასმა დაიწიოს ხუთი და მეტი თეთრით. ამისთვის აუცილებელია საერთაშორისო ბაზარზე ფასი არ გაიზარდოს და კურსი სტაბილურ ნიშნულზე შენარჩუნდეს“, - აცხადებს ვასილ ხორავა.

„ვისოლის“ გენერალური დირექტორი საბითუმო ბაზარზე ფასების შემცირების მიზეზსაც ხსნის და განმარტავს, რომ 2-3 კვირიან ციკლში მათი ქცევაც ანალოგიური იქნებოდა, რომ არა საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდა, რაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაახლოებით 30 დოლარით სხვაობას იძლევა.

„საბითუმო ფასი უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე საცალო ფასი იმიტომ, რომ საცალო ფასს გარკვეული დრო სჭირდება მას შემდეგ, რაც კონკრეტული ბიზნესსუბიექტი ახალი საბრუნავი პროდუქტების განახლებას მოახდენს. არსებობს სადგურები, სადაც ეს რამდენიმე დღეში ხდება, ზოგან კვირაში, ეს დამოკიდებულია ობიექტების ბრუნვასა და გაყიდვებზე. რაც შეეხება საბითუმო ბაზარზე რეგულარის საწვავის ფასის 3.3 ლარიან ნიშნულს, ჩვენ თურქმენული პროდუქტის იმპორტს არ ვახორციელებთ, ჩვენ შემოგვაქვს ევროპული პროდუქტები ზღვით, შესაბამისად საბრუნავი პროდუქტების ასე მალე შევსება არ ხდება და მითუმეტეს მისი თვითღირებულება ისეთი არ არის, როგორიც თურქმენეთიდან იმპორტირებული“, - აცხადებს ხორავა.