მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირა

5eea4803c0870
BM.GE
17.06.20 20:41
788
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა შემაჯამებელი სხდომა გამართა, რომელზეც მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე განიხილეს. მანამდე კი, კანონპროექტზე მსჯელობა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, ცალკეულ კომიტეტებსა და ფრაქციებში გაიმართა. კომიტეტმა აღნიშნულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

„მოგეხსენებათ, რომ რეალურად ეს არის ის ანტიკრიზისული გეგმა, ასახული მთლიანად ბიუჯეტში, რომელიც ხელისუფლების საპარლამენტო წარმომადგენლობით იქნა შემუშავებული, წარმოდგენილ იქნა პრემიერ-მინისტრის მიერ პარლამენტის წინაშე და, შესაბამისად, ახალ უკვე წარმოდგენილია ბიუჯეტის ცვლილებები, სადაც უკვე სრულად არის ასახული ეს გეგმა, როგორც შემოსავლების შემცირების, ხარჯვითი ნაწილის შემცირების, დამატებითი საჭიროებების დაფინანსების, ასევე დონორებისგან მოზიდული სახსრების ნაწილში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, ქვეყანას წლის დასაწყისში საკმაოდ კარგი ეკონომიკური ტენდენციები ჰქონდა, გასულ წელსაც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაფიქსირდა უფრო მაღალი, ვიდრე ეს ბიუჯეტით იყო დაგეგმილი, შესაბამისად, გასულ წელს შესაძლებელი გახდა, მათ შორის, ისეთი პარამეტრების შემცირება, როგორიც არის ფისკალური საბიუჯეტო დეფიციტი.

როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, საბიუჯეტო დეფიციტი და, ზოგადად, ფისკალური დისციპლინა იყო იმის საწინდარი, რომ ქვეყანამ, როდესაც კრიზისი დადგა, ძალიან მოკლე ვადაში შეძლო სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამის შემუშავება, რომლის მიხედვითაც გარკვეული ტრანში მივიღეთ და სავალუტო ფონდი იყო წარმმართველი აგრეთვე სხვა დონორებთან, საფინანსო ინსტიტუტებთან დამატებითი თანხების გამოყოფის თაობაზე.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, წლის განმავლობაში შევინარჩუნებთ იმ პარამეტრებს, რომელიც სავალუტო ფონდის განახლებულ პროგრამაში გვაქვს ჩადებული“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. მისი თქმით, საბოლოოდ იმის გათვალისწინებით, თუ რა პროგნოზები აქვს სავალუტო ფონდს საქართველოს სავაჭრო პარტნიორებთან, შეთანხმდა, რომ ბიუჯეტის საბაზისო სცენარი გაკეთდებოდა 4%-იანი შემცირების პროგნოზით. შესაბამისად, ნაერთი ბიუჯეტში შემოსავლების ნაწილი მცირდება 1,8 მლრდ ლარით.

მომხსენებელმა ისაუბრა ბიუჯეტის იმ მიმართულებებზე, სადაც შემცირებებია დაგეგმილი. მხოლოდ პანდემიით გამოწვეული შემცირება ერთ მილიარდ 545 მილიონ ლარს შეადგენს. მართალია, ეკონომიკური აქტივობის შემცირება იწვევს ბიუჯეტში შემოსავლების შემცირებას, თუმცა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამის მიუხედავად, არც ერთი პროგრამა და პროექტი არ გაუქმდება და მოხდება დროში მათი გადავადება. მან ასევე დეტალურად მიმოიხილა ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებების მიხედვით ჯამში შედგება 3,4 მილიარდი ლარისგან და პანდემიის კრიზისიდან გამომდინარე, მოსახლეობის დახმარებისკენაა მიმართული. მომხსენებელმა ასევე უპასუხა კომიტეტის წევრების კითხვებს.

კანონპროექტთან დაკავშირებით დასკვნები წარადგინეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა და ეროვნულმა ბანკმა. ეროვნული ბანკის დასკვნის მიხედვით, პანდემიის შედეგად, ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი შემცირების ფონზე, ბიუჯეტის დეფიციტის დროებითი ზრდა გამართლებულია, ერთი მხრივ, ჯანდაცვისა და გაზრდილი სოციალური საჭიროებების დასაფინანსებლად და, მეორე მხრივ, ეკონომიკის აღდგენის პროცესის მხარდაჭერისთვის.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, კანონპროექტი „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ წარმოდგენილი შენიშვნების გათვალისწინებით დაუბრუნდება მთავრობას.

„თქვენ კი უნდა დაგვიბრუნოთ კორექტირებული ვერსია გრაფიკის მიხედვით. იმ ვარაუდით, რომ მომდევნო სასესიო კვირაში პლენარულ სხდომაზე გამოვიდეს კანონპროექტი ბიუჯეტის შესახებ, რათა დავამტკიცოთ და ყველამ დროულად მიიღოს დახმარებები“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

კანონპროექტით, რომლის განხილვასაც მთავრობა დაჩქარებული წესით ითხოვს, განსაზღვრულია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობის 9 წევრამდე გაზრდა. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილების გაფართოებას იმ კუთხით, რომ ეროვნულ ბანკს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს ზედამხედველობის ფუნქცია ენიჭება.

აუდიტის სფეროს ზედამხედველობა მოქმედი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას ევალება. სწორედ ამ საკითხმა გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა. კანონმდებლები, პროფესიული წრეების წარმომადგენლები კატეგორიულად არ იზიარებენ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს ზედამხედველობის ფუნქციის ეროვნული ბანკისთვის გადაცემას.

როგორც ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, აღნიშნული სამსახური პირიქით უნდა გაძლიერდეს, განვითარდეს და ამ გადატანას ვერც კომიტეტი დაეთანხმება. საბოლოოდ, კომიტეტმა კანონპროექტს იმ პირობით დაუჭირა მხარი, რომ აღნიშნული საკითხი კანონპროექტიდან ამოღებული იქნებოდა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ სხდომაზე ასევე წარმოადგინა:

· „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“; „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა“;

· ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ;

სარატიფიკაციო დოკუმენტები:

· „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის დამატებითი დაფინანსება)“;

· „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის მეტროს პროექტი)“;

· „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW), მაინის ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი“), შორის სასესხო შეთანხმება (პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხი (PBL) III);

· „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (COVID-19-ზე საგანგებო რეაგირებისა და დანახარჯების მხარდამჭერი პროგრამა)“.

კომიტეტმა პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე განიხილა პარლამენტის წევრ გია ჟორჟოლიანის საკანონმდებლო ინიციატივა - კანონპროექტი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც თავად ინიციატორმა გამოიტანა.

მისი თქმით, დღეს ვეტერანთა სოციალური მდგომარეობა არაა სახარბიელო და ზოგიერთ შემთხვევაში, ისინი ვერ ახერხებენ საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოს გზით, მხოლოდ იმის გამო, რომ არ გააჩნიათ თანხა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად და ამდენად, კანონპროექტი გულისხმობს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების გათავისუფლებას სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, საქართველოს საერთო სასამართლოებისათვის მიმართვის შემთხვევაში.

საბოლოოდ, კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა იმ დათქმით, რომ ეს არ შეეხება იმ საქმეებს, რომლებიც მსხვილ კომერციულ დავებს უკავშირდება.

კომიტეტმა დღესვე კიდევ რამდენიმე კანონპროექტი განიხილა, კერძოდ:

· „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (II მოსმენა), წარმოადგინა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა. ითვალისწინებს საგადასახადო კოდექსის ცალკეული დებულებების დაზუსტებასა და არსებული ხარვეზების აღმოფხვრას;

· „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (III მოსმენა), წარადგინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ. კანონში განსახორციელებელი ცვლილებები შეეხება საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტების გამჭვირვალობისა და ანგარიშგების სტანდარტებს, ქმედებების ინსაიდერულ ვაჭრობად და ბაზრის მანიპულაციად კვალიფიცირების კრიტერიუმებსა და შესაბამის აკრძალვებს;

· „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ და თანმდევი კანონპროექტები (II მოსმენა), წარადგინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, დაიხვეწება საინვესტიციო ფონდების მარეგულირებელი ქართული კანონმდებლობა და იგი დაუახლოვდება ევროკავშირსა და IOSCO-ს წევრ ქვეყნებში მოქმედ პრინციპებსა და ჩარჩოს. გამჭვირვალე ჩარჩოს არსებობის პირობებში, გამარტივდება საქართველოში საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების დაარსება და მათი ფუნქციონირება;

· „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ თაობაზე“ და თანმხლები კანონპროექტები (I მოსმენა), წარადგინა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის პროექტის მიზანია იმგვარი სამართლებრივი გარემოს შექმნა, რომელშიც იარსებებს რეაბილიტაციის წამახალისებელი ეფექტიანი მექანიზმები და ყველა კრედიტორის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების მაქსიმალურად ეფექტიანად და სამართლიანად დაცვის გარანტიები. გარდა ამისა, კანონპროექტის მიზანია სასამართლოსთვის დროული მიმართვიანობის წახალისება, ვინაიდან კომპანიის ფინანსური კრიზისის საწყის ეტაპზე კანონმდებლობით გათვალისწინებული მექანიზმების გამოყენების შემთხვევაში რეაბილიტაციის ალბათობა ბევრად მაღალია. კანონპროექტის მიღებით აღმოიფხვრება გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში არსებული ის ხარვეზები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად აჭიანურებს პროცესის მიმდინარეობას;

· „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, (I მოსმენა), წარადგინა სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან რაზმაძემ. ამ ცვლილებებით კარდინალურ რეფორმირებას განიცდის დღეს არსებული დავების განხილვის საბჭოს ინსტიტუციური მოწყობა, რაც ავტორთა აზრით, უზრუნველყოფს დავების განხილვის საბჭოს მეტ დამოუკიდებლობას. ამასთან, კანონპროექტის მიღების შედეგად დაკმაყოფილებულად ჩაითვლება საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განმხილველ ორგანოებთან და გასაჩივრების მექანიზმთან დაკავშირებით.

კომიტეტმა ყველა განხილულ საკითხს მხარი დაუჭირა.