მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფონდო ბირჟაზე Credit Suisse-ის აქციების ღირებულება რეკორდულად ეცემა | -10% ერთ დღეში

633a98036ab20
გიორგი თოლორდავა
03.10.22 12:11
610
გახმაურებული საერთაშორისო სკანდალების, სასამართლო დავებისა და უაღრესად არასახარბიელო კვარტალური შედეგების ფონზე, უმსხვილესი შვეიცარიული ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია რეკორდულად მცირდება.

საფონდო ბირჟის გახსნიდან რამდენიმე საათში Credit Suisse-ის აქციების ღირებულება თითქმის 10%-ით დაეცა და ამჟამად, ერთი აქციის სავაჭრო ფასი 3.6 შვეიცარიულ ფრანკს შეადგენს, რაც რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია.

ერთწლიან ჭრილში ბანკის საბაზრო ღირებულება 60%-ითაა შემცირებული, საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების განთავსებიდან დღემდე კი ვარდნის მაჩვენებელი 84%-ს აღწევს. ამჟამად Credit Suisse-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 9.6 მილიარდ ფრანკს ($9.7 მლრდ) შეადგენს, რაც აგრეთვე ისტორიული მინიმუმია.

დღევანდელ სავაჭრო სესიაზე დაფიქსირებული ვარდნის მკვეთრი ტენდენცია პირდაპირ კავშირშია Financial Times-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან, საიდანაც ირკვევა, რომ გასულ კვირას Credit Suisse-ის ხელმძღვანელობა ბანკის უმსხვილეს ინვესტორებს შეხვდა. მართალია, შეხვედრის დეტალები უცნობია, თუმცა ანონიმური წყაროები იუწყებიან, რომ მენეჯმენტი ცდილობდა ინვესტორების დარწმუნებას - ბანკის მიმართ იმედი არ დაეკარგათ და აქციები არ გაეყიდათ.

აღნიშნული სიახლე, ბუნებრივია, ინვესტორებმა და ტრეიდერებმა ნეგატიურად მიიღეს, რადგან ეს იმაზე მიუთითებს, რომ Credit Suisse-ის ფინანსური შედეგებისა და მდგრადობის მიმართ ნდობას თავად ბანკის უმსხვილესი აქციონერებიც კი კარგავენ.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის საკითხიც, რომ გენერალური დირექტორი ულრიხ კორნერი ინვესტორების მხრიდან დამატებითი კაპიტალის მოზიდვის პერსპექტივასაც განიხილავს, რაც აგრეთვე ნეგატიურ ზეწოლას ახდენს ბანკის აქციების ფასზე.

მართალია, Credit Suisse-ს ახალი CEO, CFO და COO ჰყავს, თუმცა საბჭოს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ვერ აღმოჩნდა საკმარისი ინვესტორების დასარწმუნებლად და მათი სამომავლო პროგნოზების გასაუმჯობესებლად.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში Credit Suisse-მა 1.65 მილიარდი დოლარით იზარალა, რაც ბანკის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგია.

კომპანიის წარმომადგენლობის განმარტებით, ზარალის უდიდესი ნაწილი ტრეიდინგ აქტივობის შემცირებითა და საინვესტიციო ბანკინგის შედეგების გაუარესებითაა განპირობებული, გარდა ამისა, ბანკს არაერთ საერთაშორისო სკანდალთან და სასამართლო დავასთან მოუწია გამკლავება, რაც, თავის მხრივ, ნეგატიურად აისახა შვეიცარიული ფინანსური გიგანტის რეპუტაციასა და სანდოობაზე.

საერთო ჯამში, მეორე კვარტალში Credit Suisse-ის შემოსავლები 29%-ით შემცირდა, აქედან 43%-ით დაეცა საინვესტიციო ბანკინგის შემოსავლები; აქტივებისა და ქონების მენეჯმენტის მიმართულებით კი 25-35%-იანი ვარდნაა.

გარდა ამისა, მარეგულირებლის მხრიდან გაზრდილი ზეწოლის ფონზე, იზრდება იმის შანსი, რომ Credit Suisse-მა აშშ-ის ბაზარი დატოვოს, ბანკის ძირითადი საქმიანობის პროფილი კი შეცვალოს.