„მოგვიწევს ბევრი ისეთი საგადასახადო შეღავათის გადახედვა, რომელთა ეფექტიანობა დიდი ხანია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ჩვენი ბიზნესიც და მოქალაქეებიც ამას გაგებით უნდა მოეკიდონ”, - ეს განცხადება გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის რანგში, პარლამენტის ტრიბუნიდან, 2020 წლის ბოლოს გააკეთა. მთავრობის მაშინდელი მეთაური საგადასახადო შეღავათების გადახედვის საჭიროებას სახელმწიფოს შეზღუდული რესურსების თანაბრად და ეფექტიანად გამოყენების აუცილებლობით ხსნიდა. მაშინ ითქვა ისიც, რომ ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია და მთავრობის ძირითადი პარტნიორი საერთაშორისო სავალუტო ფონდია.
გიორგი გახარია დღეს პრემიერი აღარაა, თუმცა პოლიტიკიდან არ წასულა და ხელისუფლებაში მობრუნებას საკუთარი პარტიით - „საქართველოსთვის“ ცდილობს. ახალ პარტიას ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია ჯერ არ ჰქონია, მაგრამ როგორც ყოფილი პრემიერის ყოფილი ეკონომიკური მრჩეველი და დღეს უკვე პარტიის ერთ-ერთი წევრი ბექა ლილუაშვილი ამბობს, საგადასახადო შეღავათების გადახედვა მათი პარტიისთვის ცენტრალური საკითხია, რომელსაც ბოლომდე მიიყვანენ.
გახარიას საპარლამენტო გუნდის წევრი bm.ge-სთან ინტერვიუში ყვება, რომ ინიციატივის მიზანი, პირველ რიგში, არსებული საგადასახადო შეღავათების მოცულობის დათვლა და შემდეგ უკვე იმის განსაზღვრა იყო, რომლის გაუქმებაა შესაძლებელი, რა - ვადაში და რა მიმართულებებით შეიძლება დაიხარჯოს თანხა, რომელიც დღეს ეკონომიკაში რჩება, მაგრამ შემდგომ უკვე ბიუჯეტში გადასახადების სახით მიიმართება.
ბექა ლილუაშვილი ირწმუნება, რომ გიორგი გახარიას მთავრობა მუშაობდა ეკონომიკის გამაჯანსაღებელი სისტემური ღონისძიებების ნუსხის განსაზღვრაზე და საგადასახადო შეღავათების გადახედვა ამ ინიციატივის ერთ-ერთი კომპონენტია; მთავარი მიზანი კი, პოტსპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის ზრდის ორნიშნა დონემდე დაჩქარება იყო, რათა 2024 წლისთვის საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთება შეძლოს.
ყოფილი პრემიერის ყოფილი მრჩეველი იხსენებს, რომ მისი მთავრობაში ყოფნის პერიოდში საგადასახადო შეღავათების დათვლა აქტიურად მიმდინარეობდა და ეს თანხა, დაახლოებით, 1.9 მლრდ ლარს შეადგენდა. ძირითადი შეღავათები კი დღგ-ის და იმპორტის გადასახადებზე მოდიოდა.
„დამატებული ღირებულების გადასახადის შეღავათების ისტორია, რომლითაც სხვადასხვა სექტორი სარგებლობს, 2000-იან წლებში დაიწყო და ის როლი, რომელიც ამ შეღავათებს უნდა შეესრულებინა, ამოწურულია ანუ კონკრეტული სექტორის განვითარების მაჩვენებელი არის იმ ეტაპზე, როცა შეღავათები უკვე კონტრპროდუქტიულ როლს თამაშობს, კლავს კონკურენტუნარიანობას სხვა სექტორებთან მიმართებით და საერთო ჯამში, შეიძლება კონკრეტულ სექტორს გარკვეულ შეღავათს აძლევს და უპირატესობას მატებს, მაგრამ საერთო ჯამში, ეკონომიკისთვის დამაზიანებელია. სწორედ ამ კონკურენციის შემზღუდველი ფაქტორის ჭრილში იყო დანახული დღგ-ის შეღავათები. გარდა ამისა, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც სამართლიანობას უკავშირდება - როდესაც კონკრეტულ პროდუქციაზე დაწესებულია დღგ-ის შეღავათი, ამ სუბსიდიით სარგებლობს საზოგადოების ყველა წარმომადგენელი, იქნება ეს პენსიონერი თუ მაღალშემოსავლიანი მოქალაქე, რაც სოციალური პოლიტიკის თვალსაზრისით, არასამართლიანია“, - განმარტავს ბექა ლილუაშილი.
მისივე თქმით, თუ თეორიულად წარმოვიდგენთ, რომ ბიუჯეტს გაუჩნდა 1.9 მლრდ ლარის საგადასახადო შემოსავალი, ეს თანხა მიზნობრივი სოციალური დახმარებებისთვის უნდა იქნას გამოყენებული.
„1.9 მლრდ რომ ჩავშალოთ, შედეგობრივად ეს ნიშნავს იმას, რომ 70+ ასაკით პენსიონრებს გაეზრდება პენსია 250 ლარით 600 ლარამდე; ასევე, 70 ასაკით პენსიონრებს - დაახლოებით, 125 ლარით - 400 ლარამდე; გარდა ამისა, ამ თანხით შესაძლებელია ბავშვების სიღარიბის პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვის დაწყება და მათი დახმარების 150 ლარამდე გაზრდა და ა.შ. ფაქტობრივად, არაეფექტიანი საგადასახადო შეღავათების გაუქმება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში არსებული სოციალური პრობლემა მეტ-ნაკლებად გადავჭრათ და მეორე მხრივ, განვახორციელოთ სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებულია სექტორებს შორის ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბებაზე, ხოლო თუ გვსურს, რომელიმე კონკრეტული სექტორის მხარდაჭერა, შესაძლოა, ეს სხვა ინსტრუმენტებით გავაკეთოთ, რომელიც არ ზღუდავს კონკურენტუნარიანობას და ამავდროულად სოციალურად სამართლიანია“, - ამბობს ბექა ლილუაშვილი, რომელიც ასევე დარწმუნებულია, რომ საგადასახადო შეღავათების გადახედვის საკითხს ბოლომდე მიიყვანენ.
რა ხდება დღეს უკვე ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში? - ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილეც გვიდასტურებს, რომ საგადასახადო შეღავათების ეფექტიანობის შესასწავლად ნაბიჯები გადადგმულია და მიმდინარეობს საგადასახადო დანახარჯების დათვლა ანუ რომელი შეღავათი, საბოლოო ჯამში, რა თანხაში ითარგმნება.
„ჯამური თანხა შეიძლება იყოს 2 მლრდ-ზე მეტი, რაც შეღავათებიდან გამომდინარე რჩება ეკონომიკაში, თუმცა ამის დათვლა კიდევ საჭიროებს სრულყოფას; რადგან მეთოდოლოგიაზეა დაფუძნებული დათვლა, საჭირო იქნება სერიოზული კვლევის ჩატარება, რაშიც გვეხმარება USAID და სავალუტო ფონდის ტექნიკური მისია, ხოლო ეფექტიანობის შეფასება მოხდება მას შემდეგ, რაც ყველა გადასახადის სახეობაში, შეღავათების ტიპების მიხედვით, გვეცოდინება დანახარჯების ეფექტი“, - ამბობს bm.ge-სთან გიორგი კაკაურიძე.
მინისტრის მოადგილის თქმითვე, სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამის ფარგლებში, რომელიც, სავარაუდოდ, 2021 წლის ბოლოსთვის უნდა დაიწყოს, საშუალება ექნებათ, საგადასახადო შეღავათების ეფექტიანობაც შეაფასონ და მიიღონ გადაწყვეტილება, რომელი შეღავათი უნდა გაუქმდეს ან დარჩეს, შემდეგ კი მთავარი სიტყვა უკვე პარლამენტს ეკუთვნის.
აღსანიშნავია, რომ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებას იწონებს.
„მოგეხსენებათ, ბიუჯეტში გარკვეული სუბსიდირებები იყო და მე ამის მომხრე არასოდეს ვიყავი. ამდენად, ამ მიმართულებით ფინანსთა სამინისტროს მხრიდან ნაბიჯების გადადგმას მივესალმები. რამდენადაც ვიცი, არსებული შეღავათების შესწავლა ხორციელდება, რაშიც რამდენიმე ორგანიზაცია ეხმარება, მათ შორისაა IMF და USAID-ი“, - ამბობს ირაკლი კოვზანაძე.
საგადასახადო შეღავათების გაუქმების მომხრეა დეპუტატი რომან გოცირიძეც, რომელსაც ამ თემამ „ძველი დრო“ გაახსენა, როცა პარლამენტში კანონები იყიდებოდა. ის ამბობს, რომ საბოლოოდ, საგადასახადო შეღავათებით მდიდრები უფრო სარგებლობენ, ვიდრე - ღარიბები, ამიტომ სჯობს, სოციალური პროგრამები მიზნობრივი იყოს.
„საგადასახადო შეღავათებს ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს. ეს იყო სრულიად კორუფციული სქემა. წლების წინ როცა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს ვხელმძღვანელობდი, რომელიც ანალიტიკური ორგანიზაცია იყო, ვნახეთ, როგორ იყიდებოდა კანონები, ხან კიდევ - კონკრეტული კანონის კონკრეტული მუხლები... ერთხელ დეპუტატმა მიხეილ ჯიბუტმა თქვა, ყველა კანონის უკან ნაცნობი ბიზნესმენები იმზირებიანო, ამდენად, საგადასახადო შეღავათების არსებობა არის ცუდი კორუფციული წარსული. ზოგადად, შეღავათები ანგრევს ჯანსაღ ეკონომიკურ სისტემას, კლავს კონკურენციას; მაგალითად, როცა იტყვიან დღგ-ის შეღავათით სარგებლობს მედიკამენტების წარმოება და როგორ მოვიქცეთ, ხალხს ხომ არ გავუძვირებთ წამლებსო, რეალურად, წამლების ყიდვის საშუალება უფრო მდიდრებს აქვთ და შეღავათებითაც ისინი სარგებლობენ, ამიტომ უფრო ეფექტიანია მოწყვლად ჯგუფებს პირდაპირ, მიზნობრივად დაეხმაროს სახელმწიფო“, - აცხადებს რომან გოცირიძე.