მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF-ის პროგრამა არ აღდგება, ვიდრე სებ-ის საბჭო არ შეივსება და არ ეყოლება ავტორიტეტიანი პრეზიდენტი - რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე

IMF-ის პროგრამა არ აღდგება, ვიდრე ეროვნული ბანკის საბჭო არ შეივსება სრულად და სებ-ს არ ეყოლება ავტორიტეტიანი პრეზიდენტი, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ევროოპტიმისტების“ წარმომადგენელმა, რომან გოცირიძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.

რომან გოცირიძე გამოდის ინიციატივით, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების შერჩევაში მიიღებს მონაწილეობას.

„ვფიქრობ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სახელმწიფო ინსტიტუტების და საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებაა, რომელშიც იგულისხმება ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა. ეს არის მნიშვნელოვანი პრობლემა. ასევე, ეროვნულ ბანკს არ ჰყავს პრეზიდენტი, არ ჰყავს საბჭოს 4 წევრი, ანუ სებ-ის მართვა არ ხდება ოპტიმალურად და არის კრიზისი. სავალუტო ფონდის პროგრამა დარწმუნებული ვარ არ აღდგება, ვიდრე საბჭო არ შეივსება და სებ-ს არ ეყოლება ავტორიტეტიანი პრეზიდენტი.

ეს იქნება მთავარი ამოცანა მთავრობისა, პარლამენტისა, რომლის გარეშეც პრეზიდენტი ვერ დამტკიცდება და პრეზიდენტისა, რომლის გარეშე ეს საბჭოს ოთხი წევრი ვერ შემოვა. მე მივმართე როგორც პარლამენტს, ისე მთავრობას და სალომე ზურაბიშვილს, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც imf-ის წარმომადგენელიც შეიძლება მონაწილეობდეს - საბანკო შარლ მიშელის მსგავსი.

სასიამოვნოა, რომ პრეზიდენტის მხარე გამოეხმაურა ამ ინიციატივას და შევხვდი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს. როგორც ვიცი, პრეზიდენტის მხარე მზად არის სასაუბროდ, რომ სებ-ის საბჭოს ფორმირებაში ჩაერთოს ოპოზიციაც და ფართო კონსენსუსით მოხდეს წევრების შერჩევა“, - თქვა რომან გოცირიძემ.

IMF-ის პროგრამის მეორე მიმოხილვა მას შემდეგ შეჩერდა, რაც საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შეიტანა. ამ ცვლილებებით ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა შეიქმნა, რომელიც პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია. კანონის მიღების შემდეგ ეროვნული ბანკის საბჭომ პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ნათია თურნავა აირჩია. IMF აცხადებდა, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები მათთან შეთანხმებული არ იყო, რაც ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის პირობების დარღვევას წარმოადგენდა.კიდევ ერთი საკითხი, რომელიც IMF-სა და საქართველოს შორის დაძაბულობის მიზეზი გახდა სანქციების აღსრულების წესში შეტანილი გამონაკლისია, რასთან დაკავშირებითაც სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა განაცხადა, რომ ეს ცვლილება ფონდის შეშფოთებას იწვევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები