მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგანელიძე: თუ ლევან გაჩეჩილაძე ვალდებულებებს ვერ შეასრულებს, პროექტი აუქციონზე გაიყიდება

5e678a97c0180
ვიქტორია მღებრიშვილი
10.03.20 18:30
2110
საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე ფონდის მიერ ლევან გაჩეჩილაძის კომპანია „გლობალ ბრენდის“ დაფინანსების მიზეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ფონდს პროექტის განხორციელება საქართველოს მთავრობამ დაავალა.

„საპარტნიორო ფონდში არის პროექტები, რომელიც შიდა განხილვის შემდეგ ხორციელდება და არის პროექტები, რომლის განხორცილეების დავალებას მთავრობა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გვაძლევს.

ასეთი იყო „გლობალ ბრენდი“, რომლის განხორციელება ერთ ინტერესს ემსახურებოდა. ეს არის ის, რომ კომპანია პოპულარიზაციას გაუწევდა არა რომელიმე ერთ კონკრეტულ ბრენდს ან პროდუქტს, არამედ ზოგადად ქართულ ღვინოს, ისეთ დიდ ბაზარზე როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც უნდა გითხრათ, რომ ყველაზე ძვირი და ყველაზე დიდი ბაზარია მსოფლიოში“, - განმარტავს დავით საგანელიძე.

მისი თქმით, საპარტნიორო ფონდი კომერციულ პროექტებს ახორციელებს, საიდანაც გარკვეული პერიოდის შემდეგ ამონაგებით იბრუნებს პროექტში ჩადებულ თანხას. ფონდის ხელმძვანელმა ასევე აღნიშნა, რომ პროექტის იდეის ავტორი ვალდებულია 2020 წლის ბოლომდე გამოისყიდოს პროექტი და თუ ის ვერ შეასრულებს ამ ვალდებულებას, ამ შემთხვევაში „გლობალ ბრენდი“ აუქციონის წესით გაიყიდება.

„ეს პროექტი გაგვაცნო მთავრობამ და დაგვავალა ამის განხორციელება. ჩვენ ყველა დეტალებში შევედით, ამ კომპანიის წარმომადგენელს შევხვდით დავაკონტრაქტეთ. შესაბამისად, ამ პროგრამაში დღეისთვის ჩვენგან გახარჯულია 2 628 000 ლარი. ნებისმიერმა ამ კომპანიამ შეიძლება მოითხოვოს მარკეტინგისთვის თანხები, თუმცა ჩვენ ამას არ დავაფინანსებთ.

ამ პროექტის გამოსყიდვის უფლება გააჩნია ლევან გაჩეჩილაძეს, იმიტომ, რომ ის იდეის ავტორი თავად იყო და მინდა გითხრათ, რომ ის პროექტში იყო ჩართული და მუშაობდა ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. ამ პროექტზე ჩვენ გვიდევს ასევე 11%-იანი IRAR, თუ ის ამ ვალდებულებას წლის ბოლომდე ვერ შეასრულებს მაშინ ჩვენ გვაქვს უფლება, რომ ეს კომპანია გამოვიტანოთ აუციონზე და გავყიდოთ.

ასევე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვინაიდან აღნიშნული პროექტი განსხვავდება ჩვენ მიერ განხორციელებული სხვა პროექტებისგან, ის ღვინის ეროვნულ სააგენტოს გადავცეთ“, - აცხადებს დავით საგანელიძე.

BM.GE-ის კითხვაზე უქმნის თუ არა დისკომფორტს თავად ფონდის ხელმძღვანელს ის ფაქტი, რომ მას და ლევან გაჩეჩილაძე მეგობრები არიან, საგანელიძე ამბობს, რომ ნაცნობობა საქმეს არ უნდა აფერხებდეს.

„ჩვენი ფონდი არ აკეთებს საგრანტო პროექტებს. ჩვენ ვაკეთებთ კომერციულ პროექტებს, სადაც ჩადებულ ფულს უკან ვიბრუნებთ, თუ სახელმწიფო გახარჯავს ფულს 2 628 000 და ამოიღებს უკან მოგებით და ამავე დროს ამისთანა დიდ მიღწევას გააკეთებს, ეს საკამათო მე მგონი არ უნდა იყოს და ის, რომ დათო საგანელიძე იცნობდა ლევან გაჩეჩილაძეს იმიტომ, რომ ერთ პარტიაში იყვნენ, ეს პროექტი არ უნდა შეფერხდეს“, - აღნიშნა „საპარტნიორი ფონდის“ ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ სახლმწიფოს კუთვნილმა "საპარტნიორო ფონდმა" 7 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანია “გლობალ ბრენდში.” აღნიშნული ინვესტიცია საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ თუ სხვა ბიზნეს პროექტებში საპარტნიორო ფონდი პროექტის წილობრივი თანაპარტნიორია, “გლობალ ბრენდის” შემთხვევაში, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი “საპარტნიორო ფონდია”.