მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები კორელაციაში უნდა იყოს“ - გიორგი კაკაურიძე

616590e6a0798
ვიქტორია მღებრიშვილი
12.10.21 19:43
1770
„საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები კორელაციაში უნდა იყოს“ - ამის შესახებ ფინანსთან მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც 2022 წლიდან საჯარო სექტორში და საქმებული პირებისთვის ხელფასების ზრდის მოდელს შეეხებოდა.

მისი თქმით, საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომითი ანაზღაურების ზრდის წესის განსაზღვრისთვის მთავრობას ვადა 2022 წლის პირველ ივლისამდე აქვს.

„დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ სანამ წესი არ გვექნება, თუმცა მთავარია, საჯარო სექტორში დასაქმებული პირის ხელფასი დაკავშირებული უნდა იყოს ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასთან. შრომის ანაზღაურების შესახებ კანონით, რომელიც 2016 წელს მივიღეთ, ბიუჯეტში თანხა ყოველწლიურად უნდა განსაზღვრულიყო, თუმცა სხვადასხვა ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, 2016 წლის შემდეგ ეს თანხა არ შეცვლილა და მუდმივად 1000 ლარია. საჯარო სექტორისგან განსხვავებით კერძო სექტორში ხელფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუ 2016 წელს კერძო სექტორში საშუალო ხელფასი 1000 ლარი იყო, წელს, დაახლოებით, 1 300 ლარია.

ქვეყანაში საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები გარკვეულწილად დაკავშირებული უნდა იყოს საშუალო ხელფასთან. თუ გაიზარდა კერძო სექტორში ხელფასები, მაშინ საჯარო სექტორშიც გაიზრდება, თუ არ გაიზარდა - არ გაიზრდება. კერძო და საჯარო სექტორებს შორის გარკვეულწილად თანაფარდობა უნდა შევინარჩუნოთ, არა უფრო მეტი საჯარო სექტორში, ვიდრე კერძო სექტორშია, მაგრამ გარკვეული კორელაცია მათ შორის უნდა იყოს“, - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

Bm.ge-ის კითხვაზე - საჯარო სექტორში დასაქმებულთა მცირე ანაზღაურებაზე ხომ არ მოქმდებს სსიპ-ებსა და აიპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა, გიორგი კაკაურიძემ უპასუხა: „სახელმწიფო საწარმოებს ნუ შევეხებით, რადგან ისინი შრომის ანაზღაურების კანონზე საუბრისას საჯარო სექტორის ნაწილი არ არიან".

"ოპტიმიზაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი თუ საშუალო ხელფასები გაიზარდა. საჯარო სექტორში იგულისხმება სპეციალისტიდან დაწყებული თანამდებობის პირებით დასრულებული. დღევანდელი ხელფასების პირობებში ოპტიმიზაცია შესაძლებელი არ არის, მაგრამ უნდა გაიზარდოს ხელფასი და პარალელურ რეჟიმში მოხდეს ოპტიმიზაცია. რეალურად, ქვეყანაში არსებული საშუალო ხელფასის პირობებში საჯარო სექტორში ოპტიმიზაციის შესაძლებლობა არის, თუმცა ეს ერთ დღეში ვერ მოხდება“, - განმარტა მან.

ცნობისთვის: 2022 წლის სახელმწიფოს ბიუჯეტის პროექტის პირველი ვარიანტის მიხედვით, საჯარო სექტორში დასაქმებულების ხელფასებისთვის 1,653,986,800 ლარია ჩადებული - წინა წელთან შედარებით ზრდა 20 მლნ ლარია. რაც შეეხება დასაქმებულების რიცხვს, მთავარი ფინანსური დოკუმენტის თანახმად, 112 712 ადამიანი მუშაობს, ზრდა 2021 წელთან შედარებით 100 საშტატო ერთეულია.

სინამდვილეში რამდენ ადამიანს ასაქმებს საჯარო სექტორი?