ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს ეფექტიანობა გაიზარდა.
როგორც გიორგი კაკაურიძე BMG-სთან განმარტავს, შესაბამისი რეფორმა აქტიურად მიმდინარეობს და შედეგად, დავების განხილვის ვადები შემცირდა, ხოლო გადაწყვეტილებების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
რაც შეეხება საკითხს, გაითვალისწინა თუ არა სამინისტრომ USAID-ის მხარდაჭერით შემუშავებული დოკუმენტიდან რეკომენდაციები, გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ რეკომენდაციების ნაწილი გაითვალისწინეს, ნაწილი კი - არა.
“დავების საბჭოს მთავარი მიზანია, რომ დავები დროში მალე განიხილოს. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოში განაცხადების რაოდენობა გაზრდილია, მომლოდინე განაცხადების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, სისტემატურად ხდება განხილვის პროცესი. მეორე მხრივ, საბჭოს გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. რეფორმა რაიმე სასწაულის ჩადენას ხომ არ გულისხმობს? ესა იმ პრობლემების აღმოფხვრა, რაც არსებობდა. ჩვენს დღეს თუ ბიზნესს ვკითხავთ, დღეს დავების განხილვის საბჭო გაცილებით უკეთ მუშაობს უკვე, ვიდრე თუნდაც ეს ორი წლის წინ იყო. USAID-ის დოკუმენტში რამდენიმე ვარიანტი იყო, რაღაცებზე შევთანხმდით და გავაკეთეთ, რაღაცები - ვფიქრობთ, რომ არ იქნება სწორი. ამ ეტაპზე რეფორმის იმ მოდელით მივდივართ, რომელიც ჩვენი დავების განხილვის საბჭოსთვის ყველაზე შესაბამისია“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
ცნობისთვის, 2023 წელს ბიზნესის მიერ ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი საჩივრების რაოდენობა გაიზარდა.
კერძოდ, შარშან საბჭოში დაკისრებული გადასახადების შესახებ 2 872 საჩივარი შევიდა, მაშინ როდესაც 2022 წელს განსახილველად სულ 2 796 საჩივარი იყო წარდგენილი. გაზრდილი იყო სადავო თანხის მოცულობაც. კერძოდ, გასულ წელს ბიზნესმა მილიარდ 55 მილიონი ლარის დაკისრებული გადასახადი გაასაჩივრა. მაშინ როდესაც ეს თანხა 2022 წელს 948 მილიონ ლარს შეადგენდა.