ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს ფარგლებში პრობლემური საკითხების ნაწილი გამოსწორდა და საბჭო ამჟამად პროდუქტიულად მუშაობს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს.
როგორც გიორგი კაკაურიძემ bmg-ის განუცხადა, ისეთი საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც ბიზნესს პრეტენზიები ჰქონდა, მათ შორის გადაწყვეტილებების არგუმენტაცია და ვადების გაჭიანურება, ეტაპობრივად სწორდება.
მისივე თქმით, საბჭოში წარდგენილი საჩივრების რაოდენობის ზრდა მათ შორის იმას უკავშირდება, რომ კომპანიები ხშირად საბჭოს დროის გაყვანის მიზნით მიმართავენ.
„საჩივრების რაოდენობა ბევრია და შესაბამისად, მათ განხილვას გარკვეული დრო სჭირდება, თუმცა დროში ეს ნამდვილად არ იწელება. რაც გვქონდა ორი წლის წინ სიტუაცია, მნიშვნელოვნად გამოსწორდა. კვირაში მინიმუმ სამჯერ ტარდება დავების განხილვის სხდომები. საბჭოში შედიან როგორც ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე დამოუკიდებელი წევრები საჯარო სექტორიდან. რაც შეეხება საჩივრების რაოდენობას, ხშირად დროის გაყვანის მიზნით ასაჩივრებენ კომპანიები, რადგან ამ პერიოდში არ ხდება აღსრულება და შემდეგ სასამართლოშიც კი მიდის საქმე. ხშირადაა, როდესაც ბიზნესის სასარგებლოდ იღებს საბჭო გადაწყვეტილებას, ხშირად სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ. ვფიქრობ, საბჭო დღეს საკმაოდ წარმატებით მუშაობს და მისი საქმიანობა პროდუქტიულია, იმ რაოდენობიდან გამომდინარე, რაც საჩივრები ფიქსირდება. რაც ტექნიკურად გასაუმჯობესებელი იყო, მათ შორის გადაწყვეტილებების არგუმენტაციის ნაწილი, ეს პროცესი მიმდინარეობს და გაკეთდა კიდეც უკვე. ყველა რეფორმას საკანონმდებლო ცვლილებები არ სჭირდება, გარკვეულწილად უკვე გაუმჯობესდა ტექნიკური საკითხები და ხარისხობრივად საბჭოს გადაწყვეტილებებიც მნიშვნელოვნად უკეთესია“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
ცნობისთვის, 2023 წელს ბიზნესის მიერ ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი საჩივრების რაოდენობა გაიზარდა.
კერძოდ, შარშან საბჭოში დაკისრებული გადასახადების შესახებ 2 872 საჩივარი შევიდა, მაშინ როდესაც 2022 წელს განსახილველად სულ 2 796 საჩივარი იყო წარდგენილი. გაზრდილი იყო სადავო თანხის მოცულობაც. კერძოდ, გასულ წელს ბიზნესმა მილიარდ 55 მილიონი ლარის დაკისრებული გადასახადი გაასაჩივრა. მაშინ როდესაც ეს თანხა 2022 წელს 948 მილიონ ლარს შეადგენდა