ფინანსთა სამინისტრო ქონების გადასახადის ცვლილებების კანონპროექტზე ამ დრომდე მუშაობს. ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ პროექტი, რომლის ინიცირებაც პარლამენტში ჯერ კიდევ პარლამენტის გასულ საგაზაფხულო სესიაზე იგეგმებოდა, სავარაუდოდ, 2-3 თვეში იქნება მზად, რის შემდეგაც მისი საჯარო განხილვები დაიწყება.
გიორგი კაკაურიძე BMG-სთან აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ანალიზი მიმდინარეობს, თუ რა გავლენა ექნება რეფორმას მუნიციპალიტეტების შემოსავლებზე. ამასთან, კაკაურიძე განმარტავს, რომ ცვლილებები როგორც კომპანიების, ასევე ფიზიკური პირების ქონების გადასახადს შეეხება. მის თქმით, ძირითადი ორიენტირი მოქალაქეების შემოსავლები აღარ იქნება, ხოლო კომპანიების შემთხვევაში, მეტი აქცენტი მიწის ღირებულებაზე გაკეთდება.
„ვინაიდან ქონების გადასახადი სრულად მუნიციპალური გადასახადია, ვაანალიზებთ, რა გავლენა ექნება თითოეულ მუნიციპალიტეტზე ამ ცვლილებას. ჩვენ უნდა გავაანალიზოთ კომპანიების დონეზე, ვის მოუწევს მეტის გადახდა, ვის ნაკლების, ასევე მუნიციპალიტეტების შემთხვევაში, ვისთვის რა დანაკლისი და რა მატება იქნება. ეს ანალიზი საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს და ვფიქრობთ, უახლოესი 2-3 თვის განმავლობაში მუშაობა დასრულდება. როდესაც შედეგები გვექნება, ამ შედეგების მიხედვით, ვიმსჯელებთ, შესაძლოა, საწყის ეტაპზე ნებაყოფლობითი იყოს ახალ სქემაზე გადასვლა, სამსჯელოა, როდის გადავალთ ქონების გადასახადის ახალ მოდელზე.
ცვლილებები ორივე მიმართულებითაა დაგეგმილი, როგორც კომპანიების, ასევე ფიზიკური პირების ნაწილში. რაც შეეხება ცვლილებების არსს, ძირითადად გადადის არა ქონების, არამედ მიწის ღირებულებაზე. რა მიწას იკავებს ესა თუ ის კომპანია. ესაა ეკონომიკისთვის უფრო სწორი გადასახადი. ვინაიდან, კომპანია რაც უფრო ნაკლებ მიწას დაიკავებს და უფრო ეფექტურად გამოიყენებს, უფრო მეტი შესაძლებლობა ეძლევა ჯამში ქვეყანას ეკონომიკური აქტივობა გააძლიეროს.
რაც შეეხება მოქალაქეებს, აქაც გადასახადი არ იქნება მხოლოდ შემოსავალზე დამოკიდებული, მათ შორის მიწაზე იქნება დამოკიდებული, სხვადასხვა კომბინაცია განიხილება.
არ ვფიქრობ, რომ რეფორმა დაგვიანებულია, რადგან საკმაოდ დიდ რეფორმას ვაკეთებთ და ნაჩქარევად ამის გაკეთება არ შეიძლება. რადგან თუკი სრულყოფილი ანალიზი არ იქნება, კომპანიების ნაწილზე შეიძლება დიდი ტვირთი იყოს. ამავდროულად, შესაძლებელია, რომ მუნიციპალიტეტებს დიდი დანაკლისი ჰქონდეთ. ამიტომ ყველა მიმართულებით გაანალიზება უნდა მოხდეს და ახლა ეს პროცესი მიმდინარეობს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
ცნობისთვის, ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე აცხადებდა, რომ სამინისტრო ქონების გადასახადის რეფორმაზე მუშაობდა და მისი პარლამენტში განსახილველად შეტანა საგაზაფხულო სესიაზე იგეგმებოდა. მოგვიანებით კი ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს საჯარო განხილვების შემდეგ წარედგინებოდა.