მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სინამდვილეში რამდენ ადამიანს ასაქმებს საჯარო სექტორი?

61644a7b04b4e
შოთა ტყეშელაშვილი
12.10.21 00:00
2263
თუკი 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს ჩახედავთ, მასში ამოიკითხავთ, რომ სახელმწიფო 112,712 ადამიანს ასაქმებს და მათ ხელფასებზე 2022 წელს 1.65 მილიარდი ლარის დახარჯვა იგეგმება, თუმცა სინამდვილეში როგორც სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე მათი მთლიანი სახელფასო ფონდის მოცულობა გაცილებით უფრო დიდია.

ამის მიზეზია ის, რომ ბიუჯეტის პროექტი არ შეიცავს დეტალურ ინფორმაციას თუ რამდენი ათასი ადამიანი არის დასაქმებული სხვადასხვა სამინისტროს დაქვემდებარებულ თითოეულ სსიპ-სა და აიპ-ში, ასევე მათ საქვეუწყებო ორგანიზაციებში. ასევე არ შედის ინფორმაცია სრულად რამდენი ადამიანი მუშაობს მუნიციპალურ ორგანოებში და მათ მიერ დაფუძნებულ სსიპ-ებსა და აიპ-ებში.

საჯარო სექტორში მომუშავეთა რაოდენობაზე ბევრად უფრო დეტალური სტატისტიკა აქვს საქსტატს, რომლის ანგარიშის მიხედვითაც, სახელმწიფო სექტორი 2020 წლის მდგომარეობით 294,700 ადამიანს ასაქმებდა. ამაზე კიდევ უფრო სრული სტატისტიკა აქვს საპენსიო ფონდს, რომელიც სისტემაში მონაწილეებს საჯარო და კერძო სექტორებად ყოფს. ორგანიზაციის თანახმად, საჯარო სექტორს განეკუთვნება 301,892 დასაქმებული, საიდანაც 259,293 საჯარო მოსამსახურე კვლავ მონაწილეობს საპენსიო სისტემაში, ხოლო 42,599-მა საჯარო მოსამსახურემ საპენსიო სისტემა დატოვა.

შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო სექტორი სინამდვილეში 302,000 ადამიანს ასაქმებს, თუმცა ამ 302,000 ადამიანის გარდა, სახელმწიფო სექტორი კიდევ უფრო მეტ ადამიანს ასაქმებს. საქმე იმაშია, რომ სხვადასხვა სამინისტროს თუ მუნიციპალურ ორგანოს არაერთი სახელმწიფო საწარმო ეკუთვნის, ხოლო ამ შპს-ებში დასაქმებულთა რაოდენობა ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის თანახმად, 50,000-ს აღემატება.