მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჯარო სექტორში ხელფასები კატასტროფულ მდგომარეობაშია, აუცილებელია მისი გაზრდა - კაკაურიძე

61601ef0557e5
თელარა გელანტია
08.10.21 14:31
7771
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის შეფასებით, „საჯარო სექტორში ხელფასები „კატასტროფულ მდგომარეობაშია“ და გაზრდას საჭიროებს.

ამის შესახებ მან პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველ ვარიანტს განიხილავენ.

მინისტრის მოადგილის აღნიშნული შეფასება დეპუტატ ლევან იოსელიანის იმ კითხვას მოჰყვა, რომელიც სახელოვნებო და სამუსიკო სკოლების მასწავლებლების დაბალ ანაზღაურებას და შესაბამისად, ხელფასების გაზრდის საჭიროებას შეეხებოდა.

„ზოგადად, საჯარო სექტორში ხელფასები კატასტროფულ მდგომარეობაშია. აუცილებელია მისი გაზრდა და ნამდვილად ვმუშაობთ, რომ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე ვარიანტის შემოტანისას მოვიძიოთ გარკვეული რესურსები, რომ საჯარო სექტორში ხელფასები მოვაწესრიგოთ.

საკითხის გრძელვადიანი მოწესრიგების მექანიზმს რაც შეეხება, მთავრობამ მომავალი წლის 1 ივლისამდე უნდა დაამტკიცოს საჯარო სექტორში ანაზღაურების ყოველწლიური ზრდის წესი, მაგრამ ამისთვის საჭიროა, პირველი ნაბიჯები გადაიდგას და 2022 წელს ხელფასების გარკვეულწილად ზრდა მოხდეს“, - თქვა გიორგი კაკაურიძემ.

ამასთან, ამ თემაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დეპუტატებთან დისკუსიისას ისიც აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დაფიქსირდეს პოზიცია იმის თაობაზე, რამდენად არსებობს მზადყოფნა და ფინანსური რესურსი საჯარო სექტორში ხელფასების გასაზრდელად.

„კრიტიკულად მნიშვნელოვანია ხელფასების მოწესრიგება. წინააღმდეგ შემთხვევაში საჯარო სექტორის ეფექტიანობა ყოველწლიურად კლებადი იქნება, რაც მგონი, არავის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს“, - დასძინა კაკაურიძემ.

თავის მხრივ, პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი მიხეილ დაუშვილი დაინტერესდა დაფინანსების მოცულობით და წყაროებით, საიდანაც მთავრობა საჯარო სექტორში ხელფასების ზრდას გეგმავს.

„ვნახოთ, რა ფინანსური რესურსები გვექნება“ - მოკლე პასუხით შემოიფარგლა გიორგი კაკაურიძე.

ცნობისთვის: 2022 წლის სახელმწიფოს ბიუჯეტის პროექტის პირველი ვარიანტის მიხედვით, საჯარო სექტორში დასაქმებულების ხელფასებისთვის 1,653,986,800 ლარია ჩადებული - წინა წელთან შედარებით ზრდა 20 მლნ ლარია. რაც შეეხება დასაქმებულების რიცხვს, მთავარი ფინანსური დოკუმენტის თანახმად, 112,712 ადამიანი მუშაობს, ზრდა 2021 წელთან შედარებით 100 საშტატო ერთეულია.