მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამეზობლო: ინფლაცია და მონეტარული პოლიტიკა (აპრილი)

60aa99a3752d7
ეგნატე შამუგია
24.05.21 22:20
1558
საქართველოში გასულ თვეს სამომხმარებლო ფასების დონის ზრდამ 7.2% შეადგინა, რაც მარტშიც 7.2% იყო. ეს მაჩვენებელი თებერვალში 3.6%-ს შეადგენდა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ სამომხმარებლო ფასების ინდექსი მთავრობის მიერ სუბსიდირებული კომუნალური მომსახურების ფასების დონის ცვლილებას არ მოიცავდა, რადგან საქსტატის განმარტებით, ინფლაციის დათვლისას მხოლოდ მოსახლეობის მიერ ფაქტობრივად გადახდილს იყენებენ. საქართველოში სამომხმარებლო ფასების დონის ზრდის ტემპი თურქეთის შემდეგ რეგიონის ქვეყნებიდან ყველაზე მაღალია. თავად თურქეთში კი ინფლაცია ბოლო რამდენიმე წლის მძიმე პრობლემაა. აპრილის მდგომარეობით, ამ უკანასკნელში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 17.1% შეადგინა, რაც მარტში 16.2% იყო. გასულ წელს თურქეთში საშუალო წლიური ინფლაცია 12.3%-ს აღწევდა, ხოლო ამავე პერიოდში საქართველოში ეს მაჩვენებელი 5.2% იყო, მაგრამ წლის ბოლოსკენ შემცირდა. შემცირება კი ზემოთ ნახსენები სუბსიდირების გამო მეთოდოლოგიურ ნიუანსებს უკავშირდებოდა. ამ პერიოდში ეროვნული ბანკი პოლიტიკის გამკაცრებისგან თავს იკავებდა და მხოლოდ მარტის შუა რიცხვებში რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პ.პ.-ით, 8.5%-მდე გაზარდა, რომლის მიზეზად სებ-ი ინფლაციურ მოლოდინებს ასახელებდა, მაგრამ იქვე დასძენდა, რომ წლის განმავლობაში პოლიტიკის დამატებით გამკაცრების საჭიროება არ იკვეთებოდა. თავის მხრივ, მაღალ ინფლაციას ორ ფაქტორს უკავშირებდა - „საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების ზრდის ტენდენცია“ და „პანდემიით გამოწვეული გამოშვების შემცირების გამო პროდუქციაზე საშუალო დანახარჯები ზრდა“. მიუხედავად იმისა, რომ მარტში ცენტრალური ბანკი შემდეგში პოლიტიკის გამკაცრების საჭიროებას ვერ ხედავდა, აპრილის ბოლოს „შეცვლილი გარემოების“ გამო სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.5%-მდე გაზარდა. ამდენად, ეროვნული ბანკის ბოლო სამი მონეტარული კომიტეტის სხდომის შემდეგ საერთო ჯამში პოლიტიკის განაკვეთი 1.5 პ.პ.-ითაა გამკაცრებული. 

მსგავსად საქართველოსი, მონეტარული პოლიტიკა თურქეთშიც გამკაცრდა, მაგრამ შედარებით ადრეულ პერიოდში. მონეტარული კომიტეტის ბოლო ორ სხდომაზე პოლიტიკის განაკვეთი უცვლელი, 19.0%-ია, მაგრამ აღნიშნული 18 მარტის სხდომაზე 17% -დან 19.0%-მდე გამკაცრდა, რაც ცენტრალური ბანკის მმართველისთვის საბედისწერო აღმოჩნდა, რადგან მეორე დღეს, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობიდან, ოთხი თვის თავზე, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ნაჯი აგბალი გადააყენა. უკვე ყოფილმა მმართველმა კი ოთხთვიანი ხელმძღვანელობის პირობებში პოლიტიკის განაკვეთი ჯამში 875 საბაზისო პუნქტით გაიზარდა. თურქეთის ცენტრალური ბანკის მმართველად კი ექსპანსიური პოლიტიკის მხარდამჭერი შაჰაპ კავჩიოღლუ დაინიშნა. ახალი მმართველის ხელმძღვანელობით მონეტარული კომიტეტის ორი სხდომა გაიმართა, მაგრამ განაკვეთი უცვლელი დარჩა. ყოველ შემთხვევაში პოლიტიკის შემსუბუქება მოსალოდნელი არ იყო, რადგან სამომხმარებლო ფასების დონის ზრდის ტემპი მაღალია და ინფლაციური მოლოდინები კვლავ რჩება.

გრაფიკი 1: სამომხმარებლო ფასების დონის ცვლილება, წლიური (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურები

მიუხედავად გასულ თვეს სამომხმარებლო ფასების დონის ზრდის უფრო მაღალი ტემპისა, შედარებით განსხვავებული სურათია რეგიონის სხვა ქვეყნებში. ინფლაციის დაბალი ნიშნულით კი აზერბაიჯანი გამოირჩევა, სადაც აპრილში სამომხმარებლო ფასების დონის წლიური ზრდა 4.3% იყო, რაც მარტის მაჩვენებელს 0.2 პ.პ.-ით აღემატება. გასულ წელს კი საშუალო წლიური ინფლაცია 2.9%-ს აღწევდა, რაც რეგიონის ქვეყნებიდან ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ფასების ზრდის უფრო მაღალი ტემპის მიუხედავად, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი მონეტარულ პოლიტიკას უცვლელად ტოვებს. აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის მენეჯერთა საბჭომ 30 აპრილს გამართულ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი, 6.25%-ზე დატოვა. ამგვარი გადაწყვეტილება კი ინფლაციის ფაქტორების რისკების არაარსებითი ცვლილებით ახსნა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის არსებული ნიშნული კი გასული წლის 18 დეკემბრიდან მოქმედებს, როცა პოლიტიკის განაკვეთი 0.25 პ.პ.-ით შემსუბუქდა.

საქართველოს კიდევ ერთი მეზობელი ქვეყნის - სომხეთის ცენტრალური ბანკის საბჭოს ბოლო სხდომა 04 მაისს გაიმართა, სადაც რეფინანსირების განაკვეთი 5.5%-დან 6.0%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს. აღსანიშნავია, რომ წინა, 02 თებერვალს გამართულ სხდომაზეც მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდა. კერძოდ, განაკვეთი 5.25%-დან 5.5%-მდე გაიზარდა. ამდენად, სომხეთის ცენტრალური ბანკი ზედიზედ მესამე სხდომაა მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს. ჯამში, სამი სხდომის პირობებში რეფინანსირების განაკვეთი 1.75 პ.პ.-ით გამკაცრდა. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის ცენტრალური ბანკი მონეტარულ პოლიტიკას გასული წლის ნოემბრიდან ამკაცრებს, სამომხმარებლო ფასების დონე გაცილებით უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ადრეულ პერიოდში. აპრილში წლიურმა ინფლაციამ 6.2% შეადგინა, რაც წინა თვეს 5.8% იყო. აღსანიშნავია, რომ გასული წლის მანძილზე სომხეთში სამომხმარებლო ფასების დონის ცვლილების ნიშნული სამეზობლოში ყველაზე დაბალი იყო. წლის დასაწყისში ფასების დონე იკლებდა, რაც მეორე ნახევარში შეიცვალა. 2020 წელს სომხეთში საშუალო წლიური ინფლაცია 1.2%-ს შეადგენდა, რაც მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში რადიკალურად შეცვლილია, რადგან საშუალო მაჩვენებელი 5.5%-იან ნიშნულს იკავებს.

გრაფიკი 2: მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ბოლო სამი გადაწყვეტილება (%)
წყარო: ცენტრალური ბანკები

რაც შეეხება რუსეთს, ჯერ კიდევ გასული წლის აპრილიდან ინფლაციის მაჩვენებელი იზრდება. მარტში წლიურმა ინფლაციამ 5.9% შეადგინა, რაც 2019 წლიდან მოყოლებული ყველაზე მაღალი ნიშნულია. აპრილში კი ეს მაჩვენებელი 0.3 პ.პ.-ით ნაკლები, 5.5% იყო. ამ ფონზე, რუსეთის ცენტრალური ბანკი ზედიზედ ორი მონეტარული კომიტეტის სხდომაა პოლიტიკის განაკვეთს ამკაცრებს. 23 აპრილს გამართულ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი 4.5%-დან 5.0%-მდე გაიზარდა, რაც 19 მარტს 4.25%-დან 4.5%-მდე გამკაცრდა. აღსანიშნავია, რომ თებერვლის თვეში გამართულ სხდომაზე პოლიტიკა უცვლელად, 4.25%-ზე დატოვეს, რადგან ბანკის განმარტებით, ერთობლივი მოთხოვნა უფრო სწრაფი ტემპით უბრუნდებოდა ძველ ნიშნულებს, ვიდრე მოსალოდნელი იყო, თუმცა ბოლო ორ სხდომაზე გამკაცრების გადაწყვეტილება მიმდინარე პერიოდში სამომხმარებლო ფასების საპროგნოზო მაჩვენებელზე მაღალი ზრდის ტემპს და გაზრდილ ინფლაციურ მოლოდინებს ეყრდნობა. თავად ბანკის მოლოდინია, რომ მომდევნო წლის შუა პერიოდიდან სამომხმარებლო ფასების დონე 4.0%-იან ნიშნულს დაუბრუნდება.

ამდენად, გასულ თვეს სამომხმარებლო ფასების დონის ზრდის ტემპი რეგიონის ყველა ქვეყანაში უფრო მაღალია, ვიდრე წინა წლის ბოლოს არსებული ნიშნულები, თუმცა მარტის თვესთან შედარებით რუსეთი გამონაკლისია, რადგან აქ წლიური ინფლაცია აპრილში 0.3 პ.პ.-ით ნაკლები იყო. სხვა ეკონომიკებში კი, აპრილში, წინა თვეებთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების დონე უფრო სწრაფად გაიზარდა. საპასუხოდ სამეზობლოს ცენტრალურმა ბანკებმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრეს, თუმცა გამონაკლისი აზერბაიჯანია, სადაც პოლიტიკის განაკვეთი გასული წლის დეკემბერში 0.25 პ.პ-იანი შემსუბუქების შემდეგ, უცვლელად 6.25%-ზე რჩება. საქართველოში კი პოლიტიკის განაკვეთი ბოლო სხდომაზე 1.0 პ.პ.-ით გამკაცრდა და 9.5%-ია. აღნიშნულ ნიშნულზე პოლიტიკის განაკვეთი 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ დღემდე არ ყოფილა.