მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამი გამოწვევა ენერგეტიკაში, რაზეც რომეო მიქაუტაძემ უნდა იმუშაოს - აბრამიშვილის მოსაზრება

61cb272a53c5d
მარიამ ვარადაშვილი
03.01.22 19:13
949
განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბრამიშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტზე რომეო მიქაუტაძის დანიშვნას, რომლის საკურატორო სფერო ენერგეტიკაა, bm.ge-სთან აფასებს და იმ სამ მიმართულებას ასახელებს, რაზეც მუშაობა მნიშვნელოვანია.

“ესმის კარგად ეს საკითხები“, - ამბობს აბარამიშვილი მიქაუტაძეზე და იმედს გამოთქვამს, რომ მას დროული რეაგირება ექნება ყველა იმ გამოწვევაზე, რაც დღეს დარგის წინაშეა.

განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თქმითვე, ეკონომიკის მინისტრის ახალ მოადგილესთან მუშაობის კარგი გამოცდილება აქვს.

„ძირითადად, სამი მიმართულებაა, რაზეც აქტიური მუშაობაა საჭირო, რათა ენერგეტიკის სექტორში განვითარება გაგრძელდეს. პირველი - კომუნიკაციის პრობლემაა და საჭიროა, აქტიურად გაგრძელდეს ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია, ასევე საჯარო მოხელეებთანაც. მეორე - დარგის ხელშეწყობის ინსტრუმენტებია, რომლებიც უნდა იყოს ისეთი, რომ დაფინანსების მოპოვება შესაძლებელი გახდეს. ეს იქნება PPA თუ Feed-in-premium-ის უფრო დახვეწილი ვერსია, რა დროსაც ქვედა ზღვარი დადგინდება და ზაფხულის თვეებშიც იქნება შესაძლებელი ამ ხელშეწყობის ინსტრუმენტის მიღება. მესამე არის ბაზრის დერეგულირებასთან დაკავშირებული გამოწვევები, რაზეც კერძოს სექტორი ყოველთვის ვსაუბრობთ”, - ამბობს აბრამიშვილი.

განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს მიაჩნია, რომ გენერაციების ახალი ობიექტების საჭიროებასა და მნიშვნელობაზე მოსახლეობასთან კომუნიკაცია მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს.

“სულ უნდა მიდიოდეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთი მხრივ განახლებადი ენერგიების განვითარება ქვეყნისთვის და მართლა არსებობს თუ არა ის რისკები, რაზეც ჰესების თუ გენერაციის სხვა წყაროების ათვისების მოწინააღმდეგეები საუბრობენ. ხშირ შემთხვევაში ეს შიშები მითებია და ამ მითებს სჭირდება გაქარწყლება, რომ მას რეალობასთან საერთო არ აქვს. მივესალმებით რომეო მიქაუტაძის დაბრუნებას ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტზე და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მუშაობა და თანამშრომლობა ისეთივე აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება, როგორც ბატონ დავით თვალაბეიშვილთან მიმდინარეობდა”, - აცხადებს გიორგი აბრამიშვილი.

რომეო მიქაუტაძე 2019 წლიდან დღემდე თბილისის მერიაში, შპს "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორი იყო. მინისტრის მოადგილის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც დავით თვალაბეიშვილი "ესკოს" გენდირექტორი გახდა. ნათია თურნავას სულ 7 მოადგილე ჰყავს.