მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

S&P-ის შეფასებით, წელს საქართველოს სახელმწიფო ვალი მშპ-ის 69.5%-ს მიაღწევს

6044a1ae3a5c7
შოთა ტყეშელაშვილი
07.03.21 13:42
3143
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global-ი წელს საქართველოს სახელმწიფო ვალის რეკორდულ ზრდას ზრდას პროგნოზირებს. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მაკროეკონომიკური ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2021 წლის ბოლოსთვის სახელმწიფო ვალი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 69.5%-ს მიაღწევს, რაც ამჟამად არსებული 63.6%-დან 5.9 პროცენტული პუნქტით მატებას წარმოადგენს. 

S&P Global-ის თანახმად, სახელმწიფო ვალის ზრდის განმაპირობებელი ფაქტორი ეროვნული ვალუტის მოსალოდნელი გაუფასურება და ახალი საგარეო ვალის აღებაა. ორგანიზაციის შეფასებით, წლის ბოლოსთვის ერთი დოლარის ღირებულება სავარაუდოდ 3.5 ლარი იქნება, ამის გათვალისწინებით კი ვალის ნაშთი მშპ-ის 69.5%-ს მიაღწევს. ამავე პროგნოზის თანახმად, 2022 წელსაც ვალი 69.5%-იან ნიშნულზე შენარჩუნდება, ხოლო 2023 წელს 67.9%-ზე, 2024-ში კი 66%-მდე შემცირდება. 

სახელმწიფო ვალის ზრდა ერთ-ერთი საკითხია რომლის შესახებაც “Forbes-ის კვირასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში S&P Global-ის ანალიტიკოსმა, აარტი საქჰუჯამ ისაუბრა. მისი განცხადებით, მხოლოდ 2020 წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო ვალი 20 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, რაც ვალიდან მომავალი რისკების ზრდაში უკვე აისახა.

-წელს უკვე ვიხილეთ, რომ სახელმწიფო ვალის მოცულობამ მშპ-ის 60%-ს გადააჭარბა. ხედავთ თუ არა ვალის გაზრდილი ნიშნულიდან გამომდინარე მომატებულ რისკებს?

- "დიახ, პირველ რიგში გეტყვით რომ ვხედავთ გაზრდილ რისკებს, რაც საქართველოში მომატებულ ვალის მაჩვენებელს უკავშირდება. მხოლოდ გასულ წელს ვალის დონე 20 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. ამასთან, მიმდინარე წლის ბოლოსთვის ვალის ნიშნული სავარაუდოდ მშპ-ის 70%-მდე იქნება. ეს კი საკმაოდ მნიშვნელოვან ზრდას წარმოადგენს 40%-დან, რასაც 2019 წელს სამთავრობო ვალი შეადგენდა. როგორც წესი ვალის მომატებული ნიშნული ამცირებს მთავრობის მიერ ფისკალური კუთხით თავისუფლად მოქმედების სივრცეს. თავად ვალის განაწილებაც საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგანაც მასში 80% უცხოურ ვალუტაში ნომინირებულ სესხს უკავია. ლარის მკვეთრი გაუფასურების პირობებში კი ვალის მოცულობის ზრდას ვხედავთ. თუმცა, მეორს მხრივ პოზიტიურია ის, რომ ამ ვალის გასტუმრების ვადა არის საკმაოდ ვრცელი, შესაბამისად მისი მყისიერი მომსახურება არ არის დაგეგმილი. შესაბამისად, ვალების შეფასების დროს მათი მომსახურების ვადების საკითხსაც ვუყურებთ. ჩვენი შეფასებით, საქართველოსთვის ვალის მომატებულ ნიშნულზე უფრო აქტუალური გამოწვევა დღეს საგადასახდელო ბალანსის დეფიციტია.”

- როგორც თქვენს ანგარიშში აღნიშნავთ, წელს ლარის გაუფასურებას პროგნოზირებთ და ელით, რომ წლის ბოლოსთვის ერთი დოლარის ღირებულება 3.5 დოლარი გახდება, ასევე მცირედი გაუფასურება გაქვთ ნავარაუდევი შემდგომი წლებისთვისაც. თუ შეგიძლიათ გვითხრათ რა ფაქტორების გამო მოელით ამ გაუფასურებას. ასევე ფიქრობთ თუ არა რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია ბაზარზე დამატებითი ინტერვენციების შედეგად უცხოური ვალუტის მიწოდება?

- “ეროვნულ ბანკს აქვს ინფლაციის თარგეთირების მანდატი და როდესაც ის ხედავს რისკებს ინფლაციასთან დაკავშირებით ის დგამს ნაბიჯებს და თუ გაუფასურებას აქვს გავლენა ინფლაციურ მოლოდინეზე, ყიდის სავალუტო რეზერვებს. ჩვენი აზრით ინტერვენციების პროცესი გაგრძელდება, თუმცა ამ მხრივ მნიშვნელობა აქვს იმასაც რა ზომის სავალუტო რეზერვები გააჩნია ეროვნულ ბანკს. გასულ წლებში ვხედავდით, რომ სებ-ი სავალუტო რეზერვებს პროაქტიულად ზრდიდა. ამან კი ქვეყანას მისცა დამატებითი სივრცე იმისთვის, რომ რთულ პერიოდში გაეყიდა აღნიშნული რეზერვები და 2020 წელს დაეცვა ლარი. ჩვენ ვერ გავცემთ რჩევას უნდა გაგრძელდეს თუ არა ეს ინტერვენციები, თუმცა ვხედავთ რომ ეროვნული ბანკი ამ მექანიზმს იყენებდა და იყენებს.

რაც შეეხება ლარის კურსს, დონეს, ვხედავთ, რომ საქართველოს აქვს საგადასახდელო ბალანსის დეფიციტი და ის მოიხმარს უფრო მეტ ვალუტას, ამიტომ არსებობს დაწოლა ეროვნულ ვალუტაზე,”- განმარტავს აარტი საქჰუჯა.

2021 წლის ბიუჯეტის თანახმად, წელს მთავრობა 5.27 მილიარდის ახალ სესხებს იღებს. აქედან 1.45 მილიარდი ლარი საინვესტიციო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიიმართება, ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები 2.17 მილიარდი ლარი იქნება, ხოლო 1.65 მილიარი ლარით მთავრობა $500-მილიონიანი ევრობონდების რეფინანსირებას გეგმავს.

2021 წლის იანვრის ბოლოსთვის საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 31.57 მილიარდი ლარი იყო. აქედან 25.72 მილიარდი ლარი საგარეო, 5.84 მილიარდი კი საშინაო ვალი იყო.

ინტერვიუ S&P Global-ის ანალიტიკოსთან, აარტი საქჰუჯასთან: