მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს შიდა ვალი ₾8 მილიარდია - ვისგან ისესხა ფული მთავრობამ?

ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს მთავრობა ყოველწლიურად ორი ტიპის ვალს იღებს - ერთია საგარეო ვალი, მეორე კი შიდა ვალი. საგარეო ვალის ძირითადი დამფინანსებლები არიან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები როგორიცაა მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და სხვა მსხვილი დონორები, რომლებიც საქართველოსთვის თანხებს ძირითადად მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფენ.

შიდა ვალის ფინანსური ინსტრუმენტით კი მთავრობა ძირითადად მიმდინარე ხარჯებს ფარავს და ამ გზით მოზიდული სახსრები რომელიმე კონკრეტული პროექტის განხორციელებასთან არ არის დაკავშირებული. ამასთანავე, შიდა ვალი ლარში არის ნომინირებული, ნაცვლად საგარეო ვალისა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ევროში ან დოლარში უნდა გადაიხადოს მთავრობამ.

2024 წლის ბიუჯეტით ფინანსთა სამინისტრო 1.8 მილიარდი ლარის საგარეო და 1.5 მილიარდი ლარის შიდა ვალის აღებას გეგმავს. ამასთან, ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, სახელმწიფო შიდა ვალი სასარგებლოა როგორც ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის, ასევე ის ხელს უწყობს სახელმწიფო ვალის გაცვლითი კურსის მიმართ მოწყვლადობის შემცირებას, რადგანაც ის სრულად ეროვნულ ვალუტაშია ნომინირებული.

შიდა ვალს მთავრობა სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით იღებს. ამ ფასიანი ქაღალდების განაკვეთი ძირითადად დამოკიდებულია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე, ასევე ინფლაციაზე, ინვესტორთა მოლოდინებსა და სხვა ფაქტორებზე. ფინანსთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, აღნიშნული ფასიანი ქაღალდების განაკვეთი, ანუ ის თანხა რასაც მთავრობა ინვესტორებს უხდის შემცირებულია, შესაბამისად შიდა ვალის მოზიდვა თანდათანობით უფრო ხელმისაწვდომი ხდება. 2024 წლის იანვრის მდგომარეობით 6-თვიან ფასიან ქაღალდებზე დისკონტის განაკვეთმა 8.85% შეადგინა, მაშინ როდესაც ერთი წლის წინ ეს განაკვეთი 10%, ხოლო ორი წლის წინ 11% იყო.

ვინ არის ამ შიდა ვალის მფლობელი?

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, შიდა ვალის სახით გამოშვებული სხვადასხვა ვადიანობის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მთლიანი მოცულობა (ნაშთი) 8.1 მილიარდი ლარია, ამ ფასიანი ქაღალდების ძირითადი მფლობელები ქართული კომერციული ბანკები არიან, რადგანაც ამ 8.1 მილიარდი ლარიდან 4.6 მილიარდი ლარის ფასიანი ქაღალდები კომერციულ ბანკებს ეკუთვნით, რაც პორტფელის 56%-ს შეადგენს. 2.4 მილიარდი ლარის ფასიანი ქაღალდები არის ეროვნული ბანკის საკუთრებაში, ანუ პორტფელის 29%.

941 მილიონი ლარის სახელმწიფო ობლიგაციები (პორტფელის 12%) და სახაზინო ვალდებულებები ეკუთვნით სხვა ადგილობრივ ინვესტორებს, ესენი არიან ქართული კორპორაციები და ადგილობრივი ინვესტორები. ხოლო უცხოელი ინვესტორების საკუთრებაშია 234 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდები, რაც პორტფელის 3%-ია.

საგულისხმოა გარემოება, რომ უცხოელი ინვესტორების დაბანდებები ქართულ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში გაცილებით უფრო დიდი იყო რამდენიმე წლის წინ და 2021 წლის ივნისში ის 720 მილიონ ლარს აღწევდა, რაც აღნიშნულ პერიოდში მთლიანი პორტფელის 13% იყო. მას შემდეგ კი საგარეო ინვესტორების კუთვნილი ობლიგაციების მოცულობა შემცირებულია. სავარაუდოდ კლება განპირობებულია 1) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთის თანდათანობით შემცირებით და 2) აშშ-სა და EU-ში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით, რამაც წამყვანი ეკონომიკების სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ამონაგები და მათ მიმართ ინვესტორების ინტერესი მნიშვნელოვნად გაზარდა. მაგალითად, თუკი 2021 წელს აშშ-ის 10-წლიანი სახელმწიფო ობლიგაციის განაკვეთი 1%-ზე დაბალი იყო, ამჟამად ის 4%-ს აღწევს. ეს ფაქტორი კი განვითარებადი ბაზრების სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ფარდობით მიმზიდველობას ამცირებს.

წყარო - ფინანსთა სამინისტრო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები