საპარტნიორო ფონდის მიერ დაფინანსებული კომპანია "იმერეთი გრინერიში" გაკოტრების ანუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება დაიწყო. ქალაქ ქუთაისის სასამართლომ შესაბამისი განჩინება უკვე გამოსცა. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, კომპანიაში გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების განაცხადი თავად საპარტნიორო ფონდს ეკუთვნის.
"სს „საპარტნიორო ფონდის“ (ს/ნ 404404550) წარმომადგენლის განცხადება შპს „იმერეთი გრინერის“ (ს/ნ 404389666) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ, მიღებული იქნეს სასამართლოს წარმოებაში.
მეურვედ დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო), აღნიშნულის შესახებ ეცნობოს მეურვეს.
შეჩერდეს მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება", - ნათქვამია სასამართლოს განჩინებაში.
"იმერეთი გრინერის" პროექტი ფონდმა 2016 წელს დააფინანსა, სასათბურე მეურნეობა ძირითადად ბოსტნეულის წარმოებით იყო დაკავებული. პროექტის მთლიანი ინვესტიცია $4.8 მილიონი იყო, აქედან 1.2 მილიონი ევროს მოცულობის ინვესტიცია საპარტნიორო ფონდიდან მომდინარეობდა.
"იმერეთი გრინერი "საპარტნიორო ფონდისა“ და ჰოლანდიური კომპანია „Food Venture“-ის ერთობლივი პროექტია. ასევე, პროექტის პარტნიორები არიან ჰოლანდიური კომპანია „Food venture B.V“, მამუკა ხაზარაძის ბიზნესჯგუფი და Georgian Fresh holding B.V, რომლებმაც სასათბურე მეურნეობის განვითარების ოპერირების მიზნით, „შპს იმერეთი გრინერი" დააფუძნეს," - ნათქვამია საპარტნიორო ფონდის ვებგვერდზე არსებულ 2016 წლის განცხადებაში. განცხადების თანახმად, კომპანიაში 50-მდე ადამიანი იყო დასაქმებული.
ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, შპს "იმერეთი გრინერის" დირექტორი ნიდერლანდების მოქალაქე დიედერიკ თეოდორიკ ალევენია. თავად კომპანიის 62.35%-იანი წილი ეკუთვნის ნიდერლანდებში დაფუძნებულ კომპანია Georgian Fresh Holding B.V.,-ის, 37.65%-იანი წილის მფლობელი კი თავად "საპარტნიორო ფონდია".
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც საპარატნიორო ფონდის მიერ დაფინანსებული აგრო-კომპანია გაკოტრების რეჟიმში შევიდა. მსგავსი პროცესი გაიარა შპს "ვანრიკ აგრომ", რომელიც ლურჯი მოცვის პლანტაციებს ფლობდა. ფონდმა 2019 წლის ბოლოს აუქციონის გზით, ვანრიკ აგროს მიმართ ვალის მოთხოვნის უფლება 12 მილიონ ლარად გაასხვისა.