27.ივლისი .2020 16:22

საპარტნიორო ფონდმა სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანის” საწყისი ფასი რამდენიმე მილიონით შეამცირა

views 1063
უკან

საპარტნიორო ფონდი რამდენიმე დღეში სასტუმრო "ბორჯომი-ლიკანს", გასხვისების მიზნით, აუქციონზე უკვე მეორედ გამოიტანს, თუმცა ფასი იმაზე ბევრად ნაკლები იქნება, ვიდრე ეს გასულ წელს, პირველი აუქციონის გამოცხადების დროს იყო.

როგორც საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე აცხადებს, სამეთვალყურეო საბჭომ უკვე დაამტკიცა სასტუმროს ახალი საწყისი ფასი, რაც პირვანდელთან შედარებით 7 მლნ 600 ათასი ლარით ნაკლებია.

თავდაპირველად ფონდი სასტუმროს 50%-იან წილს ფლობდა, თუმცა 2018 წელს საპარტნიორო ფონდმა „ბორჯომი ლიკანის“ სასტუმრო ყაზახური მხარისგან გამოისყიდა და აქციების 100%-ის მფლობელი გახდა. იმავე წელს დაანონსდა, რომ ფონდი სასტუმროს გასხვისებას გეგმავდა, თუმცა სასტუმრო ჯერ კიდევ ფონდის ბალანსზეა.

„როცა აუქციონზე პირველად გამოვიტანეთ, მაშინ შეფასება იყო 38 მლნ დოლარი. ეს მოიცავს სასტუმროს და მიმდებარე 10 ჰექტარ ტერიტორიას, რომელიც ვერ გაიყიდა. შესაბამისად, გარკვეული ცვლილება მოხდა ფასთან დაკავშირებით, რისი დისკონტირებაც შეიძლებოდა. ბირდზე გავიდა ეს საკითხი და უკვე დამტკიცებულია. 38 მილიონად იყო გამოტანილი და ახლა, უახლოეს დღეებში 30,4 მილიონად გამოვიტანთ. იმედია, გამოჩნდება კარგი ინვესტოირი, ვინც ამას შეიძენს", - აცხადებს საგანელიძე.