გუსტავ კლიმტის მიერ შესრულებული ნახატი, ახალგაზრდა ქალის პორტრეტი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა, ვენაში The Im Kinsky-ს აუქციონზე €30 მილიონად გაიყიდა.
ავსტრიელმა მოდერნისტმა მხატვარმა “ქალბატონი ლიეზერის პორტრეტზე” მუშაობა 1917 წელს, გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, დაიწყო და ის კლიმტის ერთ-ერთ ბოლო შემოქმედებად ითვლება.
აუქციონზე პორტრეტის საწყისი ფასი €28 მილიონი იყო, სავარაუდო ღირებულება კი 30-დან 50-მილიონ ევრომდე განისაზღვრებოდა. კლიმტის ნახატი აუქციონის ჰონკონგელმა მონაწილემ შეიძინა, თუმცა ის იდენტიფიცირებული არ არის.
აუქციონზე ნახატი მისმა ავსტრიელმა მფლობელებმა გამოიტანეს. მათი ვინაობა უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ოჯახი ადოლფ და ჰენრიეტა ლეიზერების პირდაპირი შთამომავლები არიან - ერთ-ერთმა მათგანმა, სავარაუდოდ, პირადად დაუკვეთა კლიმტს პორტრეტის შესრულება.
აუქციონის სახლის ინფორმაციით, კლიმტმა პორტრეტი საკუთარ სტუდიაში დაუსრულებლად 1918 წელს დატოვა, რის შემდეგაც ის ლეიზერების ოჯახს გადაეცა. ოჯახმა ავსტრია 1930 წელს დატოვა, საკუთრების ნაწილი კი დაკარგა. 1925-დან 1960-იანი წლების შუალედში პორტრეტის კვალი იკარგება.
აუქციონის სახლი ასევე განმარტავს, რომ დადასტურებით არ შეიძლება ითქვას, ჩამოერთვა თუ არა ებრაელი ლეიზერების ოჯახს ნახატი ნაცისტური გერმანიის მიერ ავსტრიის ანექსიის შემდეგ. ამჟამინდელმა მფლობელებმა პორტრეტი, მათივე ინფორმაციით, სამგზის მემკვიდრეობით მიიღეს. გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესყიდვა “ვაშინგტონის პრინციპების” მიხედვით მოხდება - დოკუმენტის, რომელიც 1998 წელს ნაცისტური გერმანიის მიერ ჩამორთმეული ნამუშევრების გაყიდვასთან დაკავშირებული გამოწვევების თავიდან არიდებისთვის დაიწერა.
თავად The Im Kinksy აუქციონის შედეგებით კმაყოფილია, მიუხედავად იმისა, რომ “ქალბატონი ლეიზერის პორტრეტი” თავის წინამორბედზე გაცილებით იაფად გაიყიდა - “ქალი მარაოთი”, კლიმტის უკანასკნელი შემოქმედება, ლონდონის Sotheby-ის აუქციონზე გასულ წელს €86 მილიონად გაიყიდა.