საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.
აუქციონი დღეს შედგა და წელს ეს მე-2 აუქციონია.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6841 შეადგინა.
წელს პირველი აუქციონი 2 ივნისს შედგა და მაშინ ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 17.1 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, ბაზრისთვის შეთავაზებული 40 მლნ აშშ დოლარიდან.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკი აუქციონს მრავალი ფასის მეთოდით ატარებს .
სავალუტო აუქციონი წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც ეროვნული ბანკი ყიდის ან ყიდულობს უცხოურ ვალუტას ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე. სავალუტო აუქციონის მიზანია საერთაშორისო რეზერვების შევსება, კაპიტალის დროებითი ჭარბი შემოდინების გაცვლით კურსზე ზეგავლენის აღმოფხვრა და/ან კერძო და სახელმწიფო საგარეო სალდოს დაბალანსება.
მაგალითად, იმისათვის რომ ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები შეინარჩუნოს ადეკვატურ დონეზე, ბაზარზე პერიოდულად ახორციელებს სავალუტო ინტერვენციას და ყიდულობს უცხოურ ვალუტას. ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონები ავტომატურად სტერილიზდება ღია ბაზრის ოპერაციებით.