15.მაისი .2022 11:23

საპენსიო ფონდის რეალური ამონაგები შემცირდა

საპენსიო ფონდის რეალური ამონაგები შემცირდა
views 20631
უკან

მაღალი ინფლაციის ფონზე საპენსიო ფონდის რეალური ამონაგები შემცირდა.

საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, 2022 წლის აპრილში, ფონდის წმინდა ამონაგები 2019 წლიდან 2022 წლის აპრილის ჩათვლით 35.2% იყო, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 1.76% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მარტის ანგარიშით, საპენსიო ფონდის რეალური ამონაგები - 3.15% იყო, თებერვალში - 4.78%, იანვარში კი, მაჩვენებელი  4.84% შეადგენდა.

"საინვესტიციო საბჭო მოელის, თუმცა არა გარანტირებულად, რომ საინვესტიციო ჰორიზონტის განმავლობაში ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელში მიიღწევა მინიმუმ წლიური 2% დადებითი რეალური ამონაგები", - ნათქვამია აპრილის თვის ანგარიშში. 

აპრილის ანგარიშით, საპენსიო აქტივების მოცულობა 2.3 მლრდ ლარია. აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხული სარგებელი 329 მილიონს შეადგენს. დაგროვებითი პენსიით კი, ამ დროისთვის 1,698-მა ადამიანმა ისარგებლა.

აღსანიშნავია, რომ აპრილიდან საპენსიო ფონდმა პორტფელის დივერსიფიცირება დაიწყო. ამისათვის სააგენტო ეტაპობრივად დოლარის შესყიდვასაც ახდენს. 13 მაისის მონაცემებით, უცხოური ვალუტის წილი ჯამურ პორტფელში 14%-ია.

ამავე პერიოდისთვის, საპენსიო დანაზოგების 62% სადეპოზიტო სერტიფიკატებში დევს, 23% - სარგებლიან ანგარიშებზე; დაახლოებით 8% უცხოური კორპორაციული აქციებია, უფრო კონკრეტულად გლობალური ინვესტიციის ფარგლებში თანხის დაბანდება MSCI World Index-ში მოხდა. ტრანზაქციებს სააგენტო JP Morgan Chase-ის მეშვეობით ახორციელებს, რომელიც საერთაშორისო ინვესტიციების მიმართულებით საპენსიო სააგენტოს მთავარი ბროკერ-დილერია. პორტფელის სტრუქტურაში გამოჩნდა უცხოური სამთავრობო ფასიანი ქაღალდებიც (უცხოური ვალუტით), რაშიც ამ დროისათვის არსებული დანაზოგების დაახლოებით 5%-ია ჩადებული.