მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე ვაკანსია დღეს გამოცხადდება

5e173d6106890
ინგა მურუსიძე
10.01.20 09:00
1072
Bm.ge-ის ინფორმაციით, საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე ვაკანსია დღეს გამოცხადდება. ჯერ კიდევ მოქმედი ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე კი, პოსტს 16 იანვრიდან დატოვებს.

რაც შეეხება ახალ დირექტორს, საპენსიო სააგენტოს შესახებ კანონის თანახმად, საპენსიო სააგენტოს დირექტორის შერჩევას კონკურსის წესით ახორციელებს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც დირექტორს თანამდებობაზე 5 წლის ვადით ნიშნავს.

საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო შედგება საქართველოს ფინანსთა მინისტრისაგან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისაგან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარისაგან.

კანონის თანახმადვე, საკონკურსო განაცხადი უნდა გამოქვეყნდეს სულ მცირე 2 საინფორმაციო არხის მეშვეობით, არანაკლებ 10 კალენდარული დღის განმავლობაში. საპენსიო სააგენტოს დირექტორად შესაძლებელია დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნესსამართლის დარგში და ფინანსურ ინსტიტუტში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. საპენსიო სააგენტოს დირექტორად არ შეიძლება დაინიშნოს ნასამართლევი პირი ან პირი, რომელიც ნებისმიერ სახელმწიფოში გამოცხადდა გაკოტრებულად ან ფინანსური ინსტიტუტის მართვისთვის შეუფერებლად.

სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, კონკურსი შესაძლებელია შედგებოდეს შემდეგი ეტაპებისგან: ა) განაცხადების გადარჩევა; ბ) წერითი დავალება; გ) გასაუბრება.

კონკურსის პირობებს, კანდიდატის შეფასების ფორმებსა და კონკურსის ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს სამეთვალყურეო საბჭო. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარებას უზრუნველყოფს დირექტორის აპარატი. კონკურსში გამარჯვებულია კანდიდატი, რომელიც მიიღებს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობას. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

კონკურსის დასრულებისას დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და წევრები.
სამეთვალყურეო საბჭო დირექტორის თანამდებობაზე ნიშნავს საუკეთესო კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის დანიშვნაზე და კონკურსს აცხადებს განმეორებით.

შეგახსენებთ: ლევან სურგულაძემ საპენსიო სააგენტოდ დირექტორის პოსტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გასული წლის დეკემბერში მიიღო. მისი სურვილი სამეთვალყურეო საბჭომ დააკმაყოფილა.