მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა 12.5%-ით გაიზარდა - რას ვყიდით/ ვყიდულობთ?

61547d6bad90c
ვიქტორია მღებრიშვილი
30.09.21 10:40
1089
„გადავხედე სტატისტიკას და შევამჩნიე, რომ გვაქვს საგრძნობი პროგრესი ეკონომიკის, სავაჭრო ბრუნვის კუთხით“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან აზერბაიჯანში შეხვედრისას, 29 სექტემბერს განაცხადა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების ახალი შესაძლებლობები მიმოიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა კი განაცხადა, რომ „აზერბაიჯანი ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული და მთავარი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია“, რაც ოფიციალური სტატისტიკითაც დასტურდება, რამეთუ აზერბაიჯანი საქართველოს 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ათეულში თურქეთის, რუსეთისა და ჩინეთის შემდეგ მეოთხე ადგილს იკავებს.

ოფიციალური მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყნების სასაქონლო ბრუნვამ 689.4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ბრუნვის 7%-ია. ეს მაჩვენებელი გასული წლის (612.8 მლნ დოლარი) ბრუნვას 12.5%-ით აღემატება და თითქმის 2019 წლის მონაცემებს (690 მლნ დოლარი) უტოლდება. უნდა აღინიშნოს, რომ ექსპორტ-იმპორტის დისბალანსი ამ მიმართულებით მცირეა. შესაბამისად, საქართველომ აზერბაიჯანში საქონლის ექსპორტით 8 თვეში 346.9 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 22.1%-ით აღემატება. საქსტატის მონაცემებით, ირკვევა, რომ საქართველომ მიმდინარე წელს მეზობელ ქვეყანაში ყველაზე დიდი რაოდენობით მსუბუქი ავტომობილები გაყიდა.

TOP-10 საექსპორტო საქონელი:

1. მსუბუქი ავტომობილები - 163.2 მლნ დოლარი;
2. სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - 15.1 მლნ დოლარი;
3. სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა - 11.6 მლნ დოლარი;
4. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცოცხალი - 11.3 მლნ დოლარი;
5. სატვირთო ავტომობილები - 10.7 მლნ დოლარი;
6. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 10.6 მლნ დოლარი;
7. სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 9.2 მლნ დოლარი;
8. ციანიდები, ოქსიდციანიდები, კომპლექსური ციანიდები - 9.1 მლნ დოლარი;
9. ბამბა საფეიქრო მასალებისაგან - 8.7 მლნ დოლარი;
10. ტარა ქაღალდის, მუყაოს, ცელულოზის ბოჭკოს ბამბის ან ტილოსაგან - 8.6 მლნ დოლარი.

უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის 8 თვეში აზერბაიჯანში საქონლის ექსპორტის მონაცემები აღემატება როგორც 2020 წლის, ასევე 2019 (322.6 მლნ დოლარი) და 2018 წლის (300 მლნ დოლარი) მონაცემებსაც.

რაც შეეხება იმპორტს, იანვარ-აგვისტოში ის ექსპორტთან შედარებით მცირედით - 4.2%-ით გაიზარდა და 342.4 მლნ დოლარი შეადგინა. იმპორტიორ ქვეყნებში აზერბაიჯანს 5.6%-იანი წილი უკავია. გასაკვირი არ არის, რომ საქართველო ყველაზე დიდი მოცულობით მეზობლისგან ნავთობსა და ელექტროენერგიას ყიდულობს.

მიმდინარე წლის 8 თვეში იმპორტირებული საქონლის TOP-10:

1. ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა - 126.6 მლნ დოლარი;
2. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 78.7 მლნ დოლარი;
3. ელექტროენერგია - 23.3 მლნ დოლარი;
4. წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - 21.2 მლნ დოლარი;
5. ნავთობის კოქსი, ნავთობის ბიტუმი და ნავთობის გადამუშავების სხვა ნარჩენები - 20.7 მლნ დოლარი;
6. ცემენტი - 18.1 მლნ დოლარი;
7. ჩაი, არომატიზებული ან არაარომატიზებული - 3.1 მლნ დოლარი;
8. ზეთი მზესუმზირისა, ალისარჩულისა ან ბამბისა და მათი ფრაქციები - 2.7 მლნ დოლარი;
9. პოლიმერები ეთილენისა, პირველადი ფორმებით - 2.5 მლნ დოლარი;
10. თაბაშირი; ანჰიდრიტი; ბათქაში - 2.3 მლნ დოლარი.

იმპორტის შემთხვევაში მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემები, მხოლოდ 2020 წლის იმპორტს აღემატება, ხოლო 2019 (367.3 მლნ დოლარი) და 2018 წლის (372.0 მლნ დოლარი) მაჩვენებლებთან შედარებით შემცირებულია.

ცნობისთვის: აზერბაიჯანი, მომდევნო წლებში, ქვეყნის საერთო სავაჭრო ბრუნვაში არასანავთობო ექსპორტის გაზრდას 2.2 მლრდ დოლარამდე გეგმავს, რისთვისაც ადგილობრივი წარმოებების ხელშეწყობისთვის არაერთი პლატფორმის ამოქმედებაა დაგეგმილი.