მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო და რეგიონი : ვაჭრობის დინამიკა (ივნისი)

61162c199875c
ეგნატე შამუგია
13.08.21 17:00
1490
ეკონომიკურ ზრდაში საგარეო ვაჭრობის როლი
 
საქართველოს ეკონომიკური ზრდის კომპონენტში საგარეო ვაჭრობას - წმინდა ექსპორტს თვალსაჩინო წვლილი გააჩნია, რაც ღია ეკონომიკისთვის დამახასიათებელია. პანდემიამდე, 2019 წელს სა ქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა, სადაც 1.4 პ.პ. წმინდა ექსპორტის კონტრიბუციაა. წმინდა ექსპორტის წვლილი წინა წლების ზრდაშიც თვალსაჩინო იყო. აქედან გამომდინარე, ეკონომიკური ზრდის ტემპი დიდწილად სავაჭრო პარტნიორებში არსებულ მდგომარეობითაა განპირობებული. თუ საექსპორტო ქვეყნებში ადგილობრივი მოხმარება იზრდება და მათი ვალუტა მყარდება, ეს საქართველოდან ექსპორტის ზრდაზე დადებითად აისახება. 2020 წელს პანდემიის გამო დაწესებული დიდი ჩაკეტვა კი საგარეო ვაჭრობაზე დრამატულად აისახა, რომლის უარყოფითი წვლილი გასული წლის კლებაში თვალსაჩინოა. 2020 წლის პირველ კვარტალში წმინდა ექსპორტის წვლილმა -7.1 პ.პ. შეადგინა, ხოლო მეორე კვარტალში კი - 7.8 პ.პ. , როცა ეკონომიკა 12.3%-ით შემცირდა. გასული წლის მესამე კვარტალში ეკონომიკის 5.5%-იანი კლება იყო, სადაც წმინდა ექსპორტს 16.9 პ.პ.-იანი კონტრიბუცია გააჩნდა. რაც შეეხება 2020 წლის ბოლო კვარტალს, ამ პერიოდში საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა, სადაც წმინდა ექსპორტის წვლილი 5.6 პ.პ. იყო. მიმდინარე წელის პირველი კვარტალშიც საქართველოში და მთლიან რეგიონში შედარებით მკაცრი შეზღუდვები იყო. შედეგად, საქართველოს ეკონომიკა 4.5%-ით შემცირდა, ხოლო წმინდა ექსპორტის უარყოფითი წვლილი 1.9 პ.პ. იყო.

გრაფიკი 1: საქართველოს ეკონომიკური ზრდა, დანახარჯების მიხედვით (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ეროვნული ბანკი

თავის მხრივ, საქართველოს საექსპორტო ქვეყნებში ადგილობრივი მოხმარება და ვალუტის სტაბილურობა ნავთობის ფასს უკავშირდება, რადგან რეგიონიდან საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ეკონომიკის დაახლოებით ½ ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას უჭირავს. ევროპის ქვეყნებში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებიდან გამომდინარე ნავთობპროდუქტების ფასები და მოხმარება გაზრდილია, რაც რეგიონზე დადებითად აისახება. მიმდინარე წლისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკის 7.7%-იანი ზრდაა ნავარაუდევი. ხოლო, პირველ ნახევარში ეკონომიკის საშუალო ზრდამ 12.7% შეადგინა. ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, ექსპორტის 9.3%-იანი და იმპორტის 4.3%-იანი ზრდებია ნავარაუდევი.


რეგიონის სავაჭრო პარტნიორები და მათი პარტნიორები

ექსპორტის მიხედვით, საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები ევროპისა და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავლის არმქონე რეგიონის ქვეყნებია, სადაც, 2020 წლის მონაცემებით, ათი ძირითადი საექსპორტო ქვეყნების წილი მთლიან ექსპორტში 59.2%-ია, ხოლო მათგან იმპორტი კი - 49.2%. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობის კალათა ქვეყნების მიხედვით სახეცვლილია. რაც შეეხება საქონლის სახეების მიხედვით, ამ ქვეყნებში საქართველოს ძირითადი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები, ფეროშენადნობები, ღვინო და მინერალური წყლებია. საექსპორტო საქონლიდან ღვინის და მინერალური წყლების ექსპორტი ძირითადად რუსეთში ხორციელდება, რაც ამ ქვეყანაში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების 26.7%-ს შეადგენს. სპილენძის მადნების საექსპორტო ქვეყანა კი ბულგარეთია, რომელის რეექსპორტი ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან ხორციელდება. გარდა ამ ქვეყნისა, რეექსპორტი სომხეთსა და აზერბაიჯანშიც ხდება, მაგრამ ამ შემთხვევაში მსუბუქი ავტომობილების, რაც 2020 წელს არსებითად შემცირდა. მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის შემცირება მხოლოდ ეკონომიკურ კრიზისს არ უკავშირდება, რადგან სომხეთმა გასული წლის დასაწყისიდან ევროპიდან და ამერიკიდან ავტომანქანების იმპორტზე ტარიფები გაზარდა, რაც საქართველოდან ამ უკანასკნელის რეექსპორტზე უარყოფითად აისახა. რეექსპორტის გარეშე, ამ ორ ქვეყანაში საქართველოს საექსპორტო საქონელი მრავალფეროვანია. აზერბაიჯანში ექსპორტის 16.4% მსხვილფეხა პირუტყვია. სომხეთში კი ძირითადად აზოტოვანი სასუქებია (8.8%).

გრაფიკი 2: საქართველოს სავაჭრო პარტნიორების წილი მთლიან ექსპორტ-იმპორტში, 2020 წლის მიხედვით (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც აღვნიშნეთ, გასულ წელს საექსპორტო ქვეყნების წილი შეიცვალა. 2020 წლის მიხედვით, რეგიონიდან სამი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა აზერბაიჯანი, რუსეთი და ბულგარეთია. ამ ქვეყნების მთლიანი ექსპორტის 1/3 -ზე მეტი უჭირავს, ხოლო უმსხვილესი საიმპორტო კი - თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი. აღნიშნული ქვეყნების წილი მთლიან იმპორტში 34.8% -ია. თურქეთიდან იმპორტი ძირითადად სურსათს უკავშირდება, ხოლო რუსეთისა და აზერბაიჯანის შემთხვევაში ნავთობპროდუქტებს და ელ. ენერგიას.

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნიდან აზერბაიჯანის ნომერ პირველი პარტნიორი ქვეყანა იტალიაა, რომელსაც მთლიანი ექსპორტის 30.2% უკავია. თავი მხრივ, აზერბაიჯანის ძირითადი საექსპორტო საქონელი სწორედ ნედლი ნავთობია, რაც ევროპის ქვეყნებში გააქვს და მთლიანი ექსპორტის 90.0%-ს აღემატება. გასულ წელს აზერბაიჯანის ექსპორტი 11.5% -ითაა შემცირებული, ხოლო იმპორტი კი - 36.2%-ით. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აზერბაიჯანის ექსპორტი 32.8%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტის 5.5%-იანი ზრდაა. ეს კი იანვარ-მაისთან შედარებით არსებითად გაუმჯობესებული შედეგია, რადგან ამ პერიოდში ექსპორტი 25.1%-ით იყო გაზრდილი, ხოლო იმპორტი კი - 4.3%-ით. მეორე უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა კი რუსეთია, რომელიც თავისი საქონლის და მომსახურების ექსპორტს ჩინეთში (13.4%), ჰოლანდიაში (10.6%), გერმანიასა (6.6%) და თურქეთში (5.0%) ახორციელებს. მსგავსად აზერბაიჯანისა, ამ უკანასკნელის ძირითადი საექსპორტო საქონელი ნავთობი და გაზია. თუმცა, აღნიშნულ საქონელთან ერთად რუსეთი ხორბლის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორიცაა. გასულ წელს კი ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებზე მნიშვნელოვანი გავლენა ნავთობის ფასების ვარდნამ რუსეთის შემთხვევაშიც იქონია. 2020 წელს რუსეთის ექსპორტი 21.0%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი კი - 5.8%-ით. ექსპორტის შემცირებაში არსებითი გავლენა ენერგო პროდუქტებზე შემცირებულ მოთხოვნას გააჩნდა. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში რუსეთის ექსპორტი 21.9%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი კი - 27.5%-ით, რაც წინა პერიოდთან შედარებით გაუმჯობესებულია, რადგან იანვარ-აპრილში, ექსპორტის 12.6%-იანი ზრდა იყო, ხოლო იმპორტის კი - 22.6%-იან ნიშნულს აღწევდა.

ცხრილი 1: საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების 2020 წლის სავაჭრო მაჩვენებლები, რეგიონი (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურები; ავტორის გამოთვლები

რეგიონის ქვეყნებიდან საქართველოს მესამე საექსპორტო ქვეყანა ბულგარეთია, რომელთანაც სავაჭრო სალდო დადებითია. ბულგარეთმა საექსპორტო კალათაში ეს პოზიცია სწორედ 2020 წელს, საქართველოდან სპილენძის მადნების რეექსპორტის ზრდის შედეგად მოიპოვა. ეს უკანასკნელი კი ბულგარეთში მთლიანი ექსპორტის 83.7%-ს შეადგენს. საქართველოში აღნიშნული პროდუქციის იმპორტი ძირითადად სომხეთიდან ხორციელდება და შემდეგ ბულგარეთში რეექსპორტირდება. თავი მხრივ, ბულგარეთის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნები ევროკავშირის წევრებია. გარდა, ევროკავშირისა, ბულგარეთის მთლიან ექსპორტში თურქეთი 7.2%-იან წილს იკავებს. გასულ წელს ბულგარეთის ექსპორტი, 2019 წელთან შედარებით, 6.9%-ით შემცირდა. ამავე პერიოდში, იმპორტის უფრო მეტი, 9.6%-იანი კლება იყო. 2021 წლის იანვარ-მაისში ექსპორტის 19.4%-იანი ზრდაა, ხოლო იმპორტის 23.1%-იანი. ხოლო, რიგით მეოთხე საექსპორტო ქვეყანა უკრაინის სავაჭრო პარტნიორები კი რუსეთი (7.7%), პოლონეთი (6.9%), იტალია (5.6%), თურქეთი (5.0%) და გერმანიაა (4.7%). 2020 წელს კი უკრაინის ექსპორტი 1.7%-ითაა შემცირებული, ხოლო იმპორტი კი - 11.0%-ით ნაკლებია [მხოლოდ საქონელი]. მიმდინარე წელს უკრაინის სავაჭრო მაჩვენებლები შედარებით უკეთ გამოიყურება, რადგან იანვარ-მაისში საქონლის ექსპორტი 26.1%-ითაა გაზრდილი, ხოლო იმპორტის ზრდამაც 26.1% შეადგინა.

რეგიონის ქვეყნებიდან რიგით მეხუთე უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა თურქეთია. თავად ამ ქვეყნისთვის კი ძირითადი საექსპორტო ეკონომიკები გერმანია (9.4%), დიდი ბრიტანეთი (6.8%), იტალია (5.7%) და ერაყია (4.7%). რეგიონიდან თურქეთი ერთ-ერთი ქვეყანაა, რომლის ეკონომიკა 2020 წელს არ შემცირებულა. ამ ფონზე კი, 2020 წელს ექსპორტი 6.3%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი კი - 4.3%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს თურქეთის ეკონომიკა 1.8%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში კი თურქეთიდან ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულება 39.8%-ითაა გაზრდილი, ხოლო იმპორტი კი - 27.4%-ით. რეგიონიდან საქართველოს რიგით მეექვსე სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის - სომხეთის უმსხვილესი საექსპორტო ეკონომიკები რუსეთი (27.2%), შვეიცარია (17.5%), ბულგარეთი (7.9%), ჩინეთი (7.4%) და ერაყია (6.8%). ამ ქვეყნებში სომხეთის მიერ ძირითადად სპილენძის, ფეროშენადნობების და ოქროს ექსპორტი ხდება, რაც მისი ექსპორტის 43.3%-ს იკავებს. გასულ წელს სომხეთის ექსპორტი 3.9%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი კი - 17.7%-ით. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში კი ექსპორტის 20.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო იმპორტის კი - 6.7%-იანი. რაც შეეხება იანვარ-ივნისს, ამ პერიოდში სომხეთის ექსპორტი 23.3%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი კი - 7.9%-ით.

საერთო ჯამში, 2020 წელს ევროპისა და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავლის არმქონე ქვეყნებიდან საქართველოს ათი უმსხვილესი პარტნიორი ეკონომიკების სავაჭრო მაჩვენებლების კლება იყო. მათ შორის, იმპორტის მხრივ ყველაზე მაღალი კლება რუსეთში, ხოლო ყველაზე დაბალი კი - სომხეთში. აღნიშნულ პერიოდში, ყველაზე მეტით აზერბაიჯანის იმპორტი შემცირდა, რაც საქართველოდან ამ უკანასკნელში ექსპორტზეც აისახა და ყველაზე უკეთესი მდგომარეობა კი თურქეთში იყო, სადაც იმპორტი არა თუ შემცირდა, გაიზარდა კიდეც. თუმცა, მიმდინარე წლიდან ყველა ქვეყნის ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლები გაუმჯობესებულია, რაც დიდწილად მარტი-ივნისის პერიოდს უკავშირდება. აღნიშნულ პერიოდში სავაჭრო მაჩვენებლების ზრდა კი დიდწილად საბაზისო ეფექტითაა განპირობებული. კერძოდ, გასული წლის ამ დროს რიგ ქვეყნებში შეზღუდვები დაწესებული იყო და ეკონომიკური აქტივობა შემცირებული. შესაბამისად, 2020 წლის მარტ-ივნისში სავაჭრო მაჩვენებლებიც შემცირებული იყო.


საქართველოს საგარეო ვაჭრობა - ქვეყნები

გასული წელს, 2019 წელთან შედარებით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 12.3%-ით შემცირდა, რაც წლის ბოლოსკენ უფრო მეტად შემცირდა. 2020 წლის ბოლოს სავაჭრო ბრუნვის გაუარესება კი ქვეყნის ხელახალ ჩაკეტვას უკავშირდება, რაც მიმდინარე წელის პირველ კვარტალშიც გაგრძელდა. 2021 წლის იანვარ-ივნისში, წინ წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სავაჭრო ბრუნვა 21.3%-ით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში ექსპორტი 25.3%-ითაა გაზრდილი, ხოლო იმპორტი კი - 19.6%-ით. ეს მაჩვენებლები იანვარ-ივნისში არსებითად გაუმჯობესებულია, რაც ნაწილობრივ საბაზისო ეფექტსაც უკავშირდება, რადგან 2020 წელის იანვარ-ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის 15.6%-იანი და იმპორტის 15.5%-იანი კლება იყო. თუმცა, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, პანდემიამდე პერიოდთან, 2019 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი 2.5%-ით გაზრდილია. აღნიშნული კი დიდწილად ექსპორტს უკავშირდება, რადგან ამ პერიოდში ექსპორტის 5.8%-იანი ზრდაა, ხოლო იმპორტის კი - 1.1%-იანი.

გრაფიკი 3: საქართველოს სავაჭრო ბალანსი, თვეების მიხედვით (მლნ აშშ დოლარი)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

იანვარ-ივნისში ექსპორტის ზრდა, მისი მოცულობიდან გამომდინარე, ყველაზე თვალსაჩინო თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანში იყო. კერძოდ, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულება 69.3%-ითაა გაზრდილი, რაც 266.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ეს მაჩვენებელი იანვარ-მაისში 30.5%, 205.3 მლნ აშშ დოლარი იყო. რაც შეეხება თურქეთს, იანვარ-მაისში ექსპორტის 63.1%-იანი ზრდა იყო, რამაც 133.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ეს კი იანვარ-ივნისში 164.5 მლნ აშშ დოლარია, რაც ექვსთვიან პერიოდში 101.2%-იანი ზრდაა. ამავე პერიოდში, აზერბაიჯანში საქართველოს ექსპორტის ღირებულებამ 244.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43.3%-ითაა გაზრდილი. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულება 195.6 მლნ აშშ დოლარი შეადგენდა.

გარდა ამ სამი ქვეყნისა, მაღალი ზრდი ნიშნული დაფიქსირდა უკრაინაში. კერძოდ, იანვარ-ივნისში საქართველოდან ექსპორტის ღირებულება 102.7%-ითაა გაზრდილი, რაც ძირითადად მაისის ზრდა უკავშირდება, რადგან იანვარ-მაისში ეს მაჩვენებელი 158.0% იყო. თუკი 2020 წლის პირველ ნახევარში უკრაინაში ექსპორტის ღირებულება 83.4 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 137.8 მლნ აშშ დოლარია. თუმცა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უკრაინაში ექსპორტი მხოლოდ 4.1%-ითაა გაზრდილი. ზრდა კი ძირითადად, არა რეექსპორტს, არამედ ადგილობრივ წარმოებას უკავშირდება. რეექსპორტის მხრივ კი გამორჩეული ბულგარეთია, სადაც მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში ექსპორტის ღირებულება 9.6%-ით შემცირებულია. ეს მაჩვენებელი იანვარ-მაისში 29.5%-ს აღწევდა. რაც შეეხება საქართველოს კიდევ ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს - იანვარ-ივნისში საქართველოდან სომხეთში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულებამ 101.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48.1%-ით მეტია, ხოლო 2019 წელთან შედარებით კი - 34.7%-ით ნაკლები. აღნიშნული კლება არამხოლოდ „დიდი ჩაკეტვის“ კრიზის, არამედ სომხეთის მიერ 2020 წლის დასაწყისიდან ავტომობილების იმპორტის კუთხით ბარიერების გამკაცრებას უკავშირდება. თავის მხრივ, საქართველოდან სომხეთში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი ხორციელდებოდა, რაც შესაბამისად, ექსპორტის შემცირებაში აისახა.

გრაფიკი 4: საქართველოს ექსპორტი, ქვეყნების მიხედვით (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

გარდა ზემოთ აღნიშნული ქვეყნებისა, იანვარ-ივნისში საქართველოდან ექსპორტის ზრდა რეგიონის სხვა ქვეყნებშიც იყო. აღნიშნულ პერიოდში, ბელარუსში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულება 69.3%-ით გაიზარდა, რაც იანვარ-მაისში 36.8%-ით იყო გაზრდილი. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ბელარუსში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულებამ 24.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, საქართველოდან რუმინეთში ექსპორტის ღირებულება 10.2 მლნ აშშ დოლარის იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33.5%-ითაა შემცირებული. შემცირება კი მაისსა და ივნისში ექსპორტის 96.3% და 97.6% -იან კლებას უკავშირდება, რადგან იანვარ-აპრილის მდგომარეობით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის მაჩვენებელი გაზრდილი იყო.

გრაფიკი 5: საქართველოს ექსპორტი, ქვეყნების მიხედვით (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ფართო რეგიონის ქვეყნებიდან საქართველოს მჭიდრო სავაჭრო კავშირი ცენტრალური აზიის ქვეყნებთანაც გააჩნია. მათგან საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებს შორის უზბეკეთი და ყაზახეთია. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან უზბეკეთში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულება 24.2%-ით გაიზარდა, რაც იანვარ-მაისში 7.8% იყო. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოდან უზბეკეთში 34.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა. უზბეკეთში ძირითადი საექსპორტო საქონელი დაფასოებული სამკურნალო საშუალებები, რომელის ექსპორტი 2021 წლის პირველ ნახევარში 18.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების იყო. იანვარ-ივნისში ექსპორტი ყაზახეთშიც გაიზარდა. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში საქართველოდან ყაზახეთში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულებამ 28.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 106.8%-იანი ზრდაა. ყაზახეთში ექსპორტის ზრდა კი გაზაფხულიდან არსებულ მაღალი ზრდის მაჩვენებლებს უკავშირდება. ამ ქვეყანაში ექსპორტი ადგილობრივი და რეექსპორტია. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ყაზახეთში 4.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინის ექსპორტი განხორციელდა.


მიმოხილვის შეჯამება

საქართველო ისტორიულად ევროპისა და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავლის არმქონე ქვეყნებთან ვაჭრობს, ხოლო ეკონომიკურ ზრდაში საგარეო მოთხოვნას - წმინდა ექსპორტს მნიშვნელოვანი წვლილი გააჩნია, რაც სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შედეგია. თუმცა, პანდემიის გამო მთავრობების მიერ დაწესებული შეზღუდვები საგარეო ვაჭრობაზეც მძიმედ აისახა. საქართველოს სავაჭრო რეგიონი ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა ტიპის არასტაბილურობით გამოირჩევა, რასაც ეკონომიკურ მდგომარეობაზე არსებითი გავლენა გააჩნია და საგარეო ვაჭრობის კუთხით უარყოფითად აისახება. გასულ წელს რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობაზე გავლენა არამხოლოდ ‘დიდმა ჩაკეტვამ’, არამედ ნავთობის ფასების მკვეთრმა ვარდნამაც იქონია. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა კავკასიაში შეიქმნა, რადგან ხსენებულ ფაქტორებს სომხეთ-აზერბაიჯანის ომიც დაემატა. ამდენად, გასული წელი რეგიონისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა, რაც მათ სავაჭრო მაჩვენებლებზეც მკაფიოდ აისახა. არც მიმდინარე წელი დაიწყო პოზიტიურად, რადგან ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე მთავრობებმა შეზღუდვები გაამკაცრეს, რასაც საქართველოსა და სომხეთში არსებული პოლიტიკური კრიზისიც დაემატა. თუმცა, პირველი კვარტლის შემდეგ გლობალურად და მათ შორის, რეგიონში ეპიდსიტუაცია შედარებით გაუმჯობესდა, რაც სავაჭრო მაჩვენებლების პოზიტიურ დინამიკაში მყისიერად აისახა.

საერთო ჯამში, გასულ წელს საქართველოს ექსპორტი 12.9%-ით ნაკლებია, ვიდრე ეს იყო 2019 წელს. ამავე პერიოდში, იმპორტი უფრო მეტით შემცირდა. კერძოდ, წინა წელთან შედარებით, 2020 წელს საქართველოში 13.9%-ით ნაკლები ღირებულების საქონელი და მომსახურების იმპორტი განხორციელდა. რაც შეეხება მიმდინარე წელს, იანვარ-ივლისში ექსპორტის 25.3%-იანი ზრდაა, ხოლო იმპორტის 19.6%-იანი. აღნიშნული 2021 წლის პირველ ნახევართან შედარებით არსებითად გაუმჯობესებულია. კერძოდ, იანვარ-მაისში საქართველოდან ექსპორტი 24.2%-ით იყო გაზრდილი, ხოლო იმპორტი კი - 16.0%-ით. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზრდის წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლების ცვლილების პროცენტული ნიშნულები საბაზისო ეფექტსაც უკავშირდება, რადგან გასული წლის მარტ-ივლისში საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები უკვე შემცირებული იყო. რაც შეეხება პანდემიამდე პერიოდს, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ექსპორტის ღირებულება 5.8%-ითაა გაზრდილი, ხოლო იმპორტის კი - 1.1%-ით.