მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო იმპორტირებულ ფქვილზე 200-ლარიან გადასახადს დააწესებს - „ბარაქა“

6474b044115c4
ელენე გოგბერაშვილი
29.05.23 23:55
2432
საქართველოს მთავრობა იმპორტირებულ ფქვილზე დროებით გადასახადს აწესებს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ გადაწყვეტილებამდე მას შემდეგ მივიდა, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს მარცვლეულის რეალიზაციის პრობლემა შეექმნათ და დახმარების მიღების მიზნით არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს.

დარგი იმპორტირებულ ფქვილზე გადასახადის დაწესებას 2021 წლის შემდეგ ითხოვს. საკითხი ეხება ძირითადად რუსეთიდან განხორციელებულ იმპორტს, რადგან სწორედ რუსეთია საქართველოსთვის როგორც ხორბლის, ისე ფქვილის მთავარი მომწოდებელი.

საქართველოში არარენტაბელური გახდა ფქვილის წარმოება, რადგან ხორბლისგან განსხვავებით ბოლო 2 წელია საექსპორტო ბაჟი არ მოქმედებს ფქვილზე. როგორც ჩანს, მარცვლეულის ადგილობრივი მწარმოებლების პროტესტი გახდა მთავარი საფუძველი იმისთვის, რომ მთავრობა ბიზნესს ფქვილის იმპორტის შემზღუდავი მექანიზმის შემოღებას დათანხმდა, რადგან სოფლის მეურნეობის მინისტრმა bm.ge-კითხვაზე პასუხად დღეს განაცხადა, რომ პრობლემები მიმდინარე წლის გაზაფხულამდე დღის წესრიგში არ იდგა.

როგორც ირკვევა, ფქვილის იმპორტზე გადასახადის დაწესების პირობებში წისქვილები ვალდებულნი იქნებიან კონკრეტულ ფასად შეისყიდონ ადგილობრივი ფერმერებისგან ხორბალი და პურის მწარმოებლებს ისეთი პირობებით მიაწოდონ პირველი ხარისხის ფქვილი, რომ ამან პურის გაძვირება არ გამოიწვიოს.

„წისქვილკომბინატები ვალდებულებას იღებენ, 53 ლარზე მეტ ფასად ერთი ტომარა ფქვილი არ იყოს წარმოდგენილი ბაზარზე პურის ქარხნებისათვის. მეორე პარამეტრია, რომელიც მიმართულია ადგილობრივი ხორბლის ძველი მოსავლის მიღებაზე. ეს არის დაახლოებით 70 თეთრის ფარგლებში 1 კილოგრამი ხორბლის მიღება წისქვილკომბინატების მიერ.

რუსეთიდან იმპორტირებულ ხორბალზე შესაძლებელია უკვე მუშაობა, რადგან ჩვენ გვინდა თუ არა ახლომდებარე რუსეთია და იქიდან მოდის მარტო ხორბალი, შესაბამისად ამ ორი ვალდებულების შედეგად, საშუალება გვაქვს, რომ გათანაბრდეს ამ დადგენილებით ხორბლის და ფქვილის იმპორტის გადასახადი, რაც შესაძლებლობას აძლევს წისქვილკომბინატებს იმუშაონ.

მთელი ამ ხნის განმავლობაში [2021 წლიდან დღემდე] გაჩერებული იყო 80-მდე წისქვილი, როგორც მსხვილი, ისე საშუალო და მცირე. ეს გადაწყვეტილება, რომ არ ყოფილიყო მიღებული საშიშროების წინაშე ვიდექით, რომ დარგი შეიძლება უკვე გადაწყობილიყო მთლიანად იმპორტზე“,-აცხადებს მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა.

ჯერ მთავრობის შესაბამისი დადგენილება არ გამოუცია, ამიტომ ოფიციალურად გადასახადის ის მოცულობა არ არის ცნობილი, რასაც საქართველო იმპორტირებულ ფქვილს დაუწესებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე კომპანია „ბარაქას“ ხელმძღვანელი bm.ge-სთან ამბობს, რომ 200 ლარი ტონაზე იქნება გადასახადის ის მოცულობა, რასაც საქართველო მომდევნო 5 თვის განმავლობაში იმპორტირებულ ფქვილს დაუწესებს.

„ფქვილის იმპორტზე დაწესდა დამატებითი გადასახადი 200 ლარის მოცულობით დამატებითი ღირებულების გადასახადი, რაც თანაბარ პირობებში ჩააყენებს ადგილობრივ მწარმოებლებს სხვა უცხოელ მწარმოებლებთან მიმართებაში“,-აცხადებს ლადო ბიძინაშვილი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფქვილზე დროებითი საიმპორტო საფასური 10 ივნისიდან შევა ძალაში.

რამდენად წაახალისა 2021 წელს რუსეთის მხრიდან ფქვილზე საექსპორტო გადასახადის გაუქმებამ საქართველოში მისი იმპორტი კარგად ჩანს ოფიციალურ სტატისტიკაში. 2021 წელთან შედარებით გასულ წელს რუსეთიდან ფქვილის იმპორტი 6-ჯერ გაიზარდა და ღირებულებაში 66,7 მლნ დოლარი შეადგინა. ფქვილის საიმპორტო ქვეყნებს შორის რუსეთი კვლავ პირველ ადგილზეა მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებითაც.

ფქვილის იმპორტის ზრდის პარალელურად მცირდებოდა ხორბლის იმპორტი. 2022 წლის მდგომარეობით ბოლო ერთ წელიწადში საქართველომ 29 მლნ დოლარით და 183 ათასი ტონით ნაკლები ხორბალი იყიდა. კონკრეტულად რუსეთიდან შემცირება 25,8 მლნ დოლარი და 163,7 ათასი ტონა იყო.