მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველო სწორად მოიქცა“ – EBRD-ის მთავარი ეკონომისტი რუსეთის ფაქტორზე

6426f1b2bc3c2
ელენე კვანჭილაშვილი
31.03.23 19:00
1465
EBRD-ის მთავარი ეკონომისტი დიმიტარ ბოგოვი საქართველოში მოკლე ვიზიტით ჩამოვიდა და BMGTV-ის გადაცემა ‘ანალიტიკა’–ში ავტორისა და წამყვანის კითხვებს უპასუხა. ელენე კვანჭილაშვილთან ინტერვიუში დიმიტარ ბოგოვმა რუსეთ–უკრაინის ომის ფონზე საქართველოს მთავრობის პოლიტიკა შეაფასა, რომლის მიხედვითაც, საქართველომ ღიაობა შეინარჩუნა რუსი მიგრანტების და რუსული კაპიტალის მიმართ.

დიმიტარ ბოგოვის თქმით, შექმნილ ვითარებაში, როცა ევროპა რუსეთისგან დისტანცირებას ცდილობს, საქართველოს მთავრობა და ბიზნესი მორალური დილემის წინაშე დგანან, თუმცა ისიც გასაგებია, რომ მთავრობამ წინა პლანზე საკუთარი მოქალაქეების ფინანსური და ეკონომიკური საჭიროებები დააყენოს.

- რა ჩანს EBRD-ის გადმოსახედიდან – საქართველო უფრო დამოკიდებული ხდება რუსეთზე?

- სიმართლე გითხრათ, ამას არ ვიტყოდი. სტატისტიკა იმას გვაჩვენებს, რომ რუსეთის ბაზარზე საქართველოს ექსპორტის წილი საკმაოდ სტაბილურია. ექსპორტის უმსხვილესი წილი ევროკავშირის ბაზარზე მოდის და მეზობელ ქვეყნებზე – სომხეთსა და აზერბაიჯანში ექსპორტი თითქმის იგივე მოცულობისაა, როგორც ექსპორტი რუსეთის ბაზარზე. ამ გადმოსახედიდან ნამდვილად არ ჩანს საქართველოს მზარდი დამოკიდებულება რუსეთის ბაზარზე.

- შეიძლება თუ არა მოცემულ სურათს სხვაგვარადაც შევხედოთ? ერთმა ეკონომისტმა თქვა ჩემთან გადაცემაში რომ არა – საქართველო, არამედ, პირიქით, თავად რუსეთი, განსაკუთრებით მისი ჩრდილოეთ ნაწილები და დსთ–ს ბაზარი ხდება შექმნილ ვითარებაში დამოკიდებული საქართველოს ეკონომიკაზე და ეს შეიძლება ეფექტური ბერკეტიც იყოს რუსეთის მხრიდან შესაძლო აგრესიის გათვალისწინებითო – ეს მსჯელობა ლოგიკურია?

- იმ სურათის გათვალისწინებით, რასაც ეკონომიკა გვკარნახობს – არის ამ სიტყვებში ლოგიკის მარცვალი. ვხედავთ, რომ ბევრი რუსული კომპანია – განსაკუთრებით აიტი სექტორში – და არა მხოლოდ, ზოგიერთი საერთაშორისო კომპანიაც, რომელიც ადრე მოსკოვში ან რუსეთის რომელიმე სხვა დიდ ქალაქში იყო ბაზირებული – ბიზნესის საწარმოებლად საქართველოში, თბილისში გადმოდის. და ეს კარგია საქართველოსთვის. ამით საქართველო კომპანიების ნაწილისთვის რეგიონის ცენტრი ხდება. დანამდვილებით – საქართველოში უფრო განვითარებული ეკონომიკა და მეზობელი ქვეყნები, რომლებიც ეკონომიკურად უფრო დამოკიდებულები შეიძლება გახდნენ საქართველოზე – საქართველოს უსაფრთხოებისთვისაც დადებითი მოვლენაა.

- მეორე მხრივ – საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მაინც არ აღმოჩნდა ინკლუზიური – რატომ ვერ გრძნობენ ამ ეფექტს საქართველოს მოქალაქეები საკუთარ ჯიბეზე? მიზეზი – მხოლოდ მაღალი ინფლაციაა?

- საინტერესო დაკვირვებაა. დღეს სამწუხაროდ არ გვაქვს ბევრი მონაცემი იმასთან დაკავშირებით, რამდენად ინკლუზიური აღმოჩნდა საბოლოო ჯამში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. დასაქმების სტატისტიკას თუ შევხედავთ, აშკარად ჩანს, რომ ქალები ნაკლებად ინტეგრირებულები არიან საქართველოს ეკონომიკაში. შრომის ბაზარზე ქალების მონაწილეობის მაჩვენებელი გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე კაცების მონაწილეობის მაჩვენებელი. აქ ნამდვილად ვხედავთ გამოწვევას და ვფიქრობ, უნდა ვიპოვოთ გზა, როგორ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას და გავზარდოთ ქალების ჩართულობა ეკონომიკაში. საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის ეს ნამდვილად იქნებოდა დამატებითი ბუსტერი. რაც შეეხება ხელფასების სტატისტიკას – ამ ნაწილში ვხედავ, რომ სექტორების მიხედვით, თითქმის ყველა მიმართულებით არის ხელფასების ზრდა – არც ისე ბევრი გამონაკლისია ამ მიმართულებით. თუმცა, ეს მონაცემები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ვთქვათ როგორი ბუნება ჰქონდა ეკონომიკურ ზრდას საქართველოში და იყო თუ არა ის ინკლუზიური – რამდენად მოსახლეობის ყველა სეგმენტმა შეძლო შარშან მაღალი ეკონომიკური ზრდიდან სარგებელი თავადაც ენახა. თუმცა, ის რაც თქვენ აღნიშნეთ სიმართლეა – მაღალი ინფლაცია, როგორც წესი, უფრო მეტად აზარალებს იმ ადამიანებს, ვისაც დაბალი შემოსავლები აქვთ. მათი შემოსავლების კიდევ უფრო დიდი ნაწილი ხმარდება საკვებს და კომუნალურ გადასახადებს და ჩვენ ვიცით, რომ სწორედ ამ მიმართულებით გაიზარდა ყველაზე მეტად ფასები. შესაძლოა, ამან მათი ცხოვრების დონე სხვა სოციალურ ფენებთან შედარებით კიდევ უფრო მეტად დააზიანა.

- რა შეგვიძლია ვთქვათ ამ ეტაპზე, არსებულ სიტუაციაში, როცა რუსეთისგან დისტანცირება ევროპის მთავარი ამოცანაა – საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, ქვეყანა ღია დარჩენილიყო რუსი ტურისტების, რუსული ფულისთვის – ეკონომიკურად გამართლებული გადაწყვეტილება იყო?

- დიახ. სავარაუდოდ, ასეა. ვფიქრობ, საქართველო ისე მოიქცა, როგორც უნდა მოქცეულიყო. მან ის ადამიანები მიიღო, ვინც თავშესაფარს ეძებდნენ, ისინი აქ ბიზნესებს ხსნიან, იცავენ საქართველოს წესებს და რეგულაციებს, ბიზნესს აწარმოებენ ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად. ამ გადმოსახედიდან ფულადი ნაკადების შემოდინება დადებითი გავლენის მქონე იყო. ვერ ვიტყვი, რომ ამ სიტუაციაში სხვა გზა არსებობდა. შესაძლოა, ამ რუსების მიღება ჰუმანიტარულ ჭრილში დასანახი საკითხიც იყოს, რადგან ეს ადამიანები შესაძლოა მობილიზაციას გამოექცნენ და თავშესაფარი აქ, საქართველოში მიიღეს. ამ გადმოსახედიდანაც საქართველო სწორად მოიქცა.

- იგივე არგუმენტი აქვს ბიზნესსაც – თუ საქართველოს მთავრობა არ კრძალავს რუსეთის ბაზარზე ოპერირებას და თუ არც საერთაშორისო სანქციები ირღვევა, რატომ არ უნდა გამოვიყენო რუსეთის ბაზარზე არსებული მოთხოვნა საკუთარი შემოსავლების გასაზრდელადო – კიდევ ერთხელ გავიმეორებ – არსებულ სიტუაციაში, როცა რუსეთისგან დისტანცირება ევროპის მთავარი ამოცანაა – არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი – ეს მიდგომა სწორია?

- მეც კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ საკითხს ბევრი ასპექტი აქვს. ერთი ეს არის კანონთან დაკავშირებული საკითხები – რამდენად ლეგალურია და საერთაშორისო სანქციებთან თანხვედრაშია ბიზნესის წარმოება თუ ვაჭრობა – თუ წესები დაცულია, მაშინ სანერვიულოც არაფერია. მეორე მხრივ კიდევ ერთი ასპექტია – მორალთან დაკავშირებული საკითხები. რამდენად სოლიდარული უნდა იყოს საქართველო უკრაინის მიმართ? საერთოდ უნდა აწარმოოს თუ არა რაიმე ბიზნესი რუსეთთან? თუმცა, თუ რუსეთთან ყველანაირი ეკონომიკური კავშირი გაწყდება, ეს საქართველოს მოქალაქეს დააზიანებს. ძალიან მძიმე, რთული მორალური დილემაა. და ისიც ლოგიკურია, რომ ქვეყანა გადაწყვეტილებების მიღებისას პირველ რიგში საკუთარი მოქალაქეების ფინანსური, ეკონომიკური ინტერესებიდან ამოვიდეს.