მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-UAE-ს შორის თავისუფალი ვაჭრობა იქნება - რას ვყიდით და ვყიდულობთ?

6411dcd9c6043
შოთა ტყეშელაშვილი
16.03.23 00:05
1458
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მესამე დასკვნითი რაუნდი დაიწყო. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებები 17 მარტს დასრულდება და განისაზღვრება სავარაუდო თარიღი, როდესაც შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შედეგად, შეთანხმების ტექსტი ხელმოწერისთვის გამზადდება.

საქართველოსა და UAE-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მომზადებაზე გადაწყვეტილება 2020 წლის დეკემბერში, ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის შეხვედრის დროს იქნა მიღებული. 2022 წლის მაისში კი ხელი მოეწერა "საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკების პირობების დოკუმენტს". შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი თბილისში 2022 წლის სექტემბერში, მეორე კი დუბაიში 2022 წლის დეკემბერში გაიმართა.

საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის ვაჭრობა 2022 წელს სწრაფი ტემპით გაიზარდა. ექსპორტი 51%-ით, $31 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო იმპორტი 98%-ით, 283 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი მსუბუქი ავტომობილებია, რომლის ექსპორტიც გასულ წელს 24%-ით, 11 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

საქართველოს ტოპ 5 საექსპორტო საქონელი UAE-ში:

1. მსუბუქი ავტომობილები - $11.2 მილიონი, მატება წინა წელთან 24%
2. ნაქსოვი ხალიჩები და იატაკის სხვა საფეიქრო საფარები - $2.1 მილიონი, მატება წინა წელთან 101%
3. სპირტიანი სასმელები - $1.9 მილიონი, კლება წინა წელთან -26%
4. ცხვრები და თხები ცოცხალი - $1.5 მილიონი, მატება წინა წელთან 5%
5. ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები - $1.2 მილიონი, კლება წინა წელთან -22%.

რაც შეეხება იმპორტს, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან საქართველო ყველაზე მეტს მობილურ ტელეფონებს ყიდულობს. მეტიც, UAE მობილური ტელეფონების მთავარი მომწოდებელია, გასულ წელს საქართველომ $155 მილიონი დოლარის ღირებულების ტელეფონები შეიძინა არაბეთის გაერთიანებული საამიროებისგან (ამ საქონლის 48%). იმპორტში მეორე ადგილს თამბაქოს ნაწარმი იკავებს.

1. მობილური ტელეფონები - $155 მილიონი, მატება წინა წელთან 104%
2. თამბაქოს ნაწარმი - $20 მილიონი, მატება წინა წელთან 212%
3. კომპიუტერები და მათი ბლოკები - $12 მილიონი, მატება წინა წელთან 78%
4. მსუბუქი ავტომობილები - $11 მილიონი, მატება წინა წელთან 163%
5. ავტომანქანების ნაწილები, ექსპლუტაციაში ნამყოფი - $6 მილიონი, მატება წინა წელთან 41%